“K&S Kidswear” - ინტერვიუ ლალი სორდიასთან.
- დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი 53-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლად, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მაგთიკომში და ბოლოს მოვხვდი თიბისი ბანკში, უკვე 15 წელია ბანკში ვმუშაობ. ვარ ფილიალის სერვის მენეჯერი ანუ დირექტორის მოადგილე.
ძალიან მიყვარს ბავშვები , მყავს ექვსი შვილიშვილი და მუდმივად ვზრუნავ მათ ჩაცმულობაზე. მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილიც აქედან წამოვიდა. მინდოდა,რომ ჩემს შვილიშვილებს ქართული და ორიგინალური ნაწარმი ჩაეცვათ.
ქალბატონი ლალი შვილიშვილებთან ერთად
- როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?
- მე და ჩემმა ორმა მეგობარმა 2021 წლის მაისში გადავწყვიტეთ შეგვექმნა საბავშვო ბრენდი „K&S Kidswear”. ბრენდის კონცეფცია არის ჩვენი საყვარელი ბავშვებისთვის ნატურალური,კომფორტული, ქართული და უძველესი ფრესკებიდან აღებული ქართული ქსოვილის დეტალებით შექმნილი ნაწარმი შევთავაზოთ.
- რამდენად განვითარებულია დღეს საქართველოში საბავშვო ტანსაცმლის წარმოება, რით გამოირჩება თქვენი ბრენდი სხვა ბრენდებისგან?
- საქართველოში საბავშვო ტანსაცმლის წარმოება ეხლა იწყებს ფეხზე დადგომას. არის რამდენიმე ძალიან კარგი კომპანია, რომელიც ხარისხიან ტანსაცმელს აწარმოებს,მათ შორის ვართ ჩვენც. ჩვენი ბრენდი გამორჩეულია იმით, რომ ხარისხიან და ნატურალურთან ერთად, სამოსი გაწყობილია „ქართული ქსოვილის“ ელემენტებით,რაც ისტორიულადაც საინტერესოა და ამავდროულად ულამაზესი ქართული ორნამენტები ძალიან უხდება საბავშვო ტანსაცმელს.
- მომიყევით “TBC bank”-ის პროექტზე, რას ემსახურება ეს პროექტი, რა ბენეფიტები აქვს ბრენდს და შეთავაზებით მოსარგებლე მომხმარებელს?
- „თიბისი ბანკმა“ და „ხელოვნების სასახლემ“მასშტაბური პროექტი განახორციელეს, რომლის მიზანიც ქართული ქსოვილის ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაცია და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცევაა. ამ ქსოვილებში ისტორიულ და ჩვენთვის აქამდე უცნობ ქართულ სულს ვხედავთ და ვიგებთ, რომ ეს უძველესი ორნამენტები არაერთხელ გვინახავს, თუმცა მხოლოდ ახლა დავინახეთ.
ქსოვილი ყველაზე კარგად გადმოსცემს ერის ხასიათს, გემოვნებას და თვითმყოფადობას.საინტერესოა, რომ შეხედავ და შეიძლება ეს ქსოვილი თანამედროვე დიზაინერის გეგონოს, ამ დროს კი ჩვენს წინაპარს ათი საუკუნის წინ ეცვა.
ჩვენი ბრენდი ორიენტირებულია, რომ ისტორიული ქსოვილებით შექმნილი სამოსი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს გააცნოს. მომავალში სამოსს თან დავურთავთ პატარა ისტორიას, თუ რომელ ისტორიულ წინაპარს ეცვა ეს სამოსი. ამით ისტორიის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულს ვასწავლით პატარებს.
- როგორ იქმნება სამოსი? რა ქსოვილებს იყენებთ? ასევე, მომიყევით ძველ ქართულ ორნამენტებზე?
- მე და ჩემი მეგობრები სამოსის წინასწარ მონახაზს ვაკეთებთ, ვურჩევთ თუ რომელი ქსოვილით გაწყობა მოუხდება. ხშირად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა საბოლოოდ ვთანხმდებით და ასე იქმნება ჩვენი უნიკალური სამოსი. თითოეული პროდუქტი ჩვენთან ერთია და განუმეორებელი, რადგან შემდეგში ზუსტად ისეთივეს ვერაფრით ვერ შევქმნით.
ტანსაცმლის გასაწყობად როგორც ზემოთ ვისაუბრეთ , ვიყენებთ „ქართული ქსოვილის“ ორნამენტებს. ეს ორნამენტები აღებულია ქართველ ქტიტორთა სამოსიდან.
- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?
- ჩვენი ბრენდის ფუნქცია და მიზანია ქართული, უნიკალური და ისტორიული სამოსის გათანამედროვება. ასევე, ჩვენი განუმეორებელი შვილებისთვის განუმეორებელი ტანსაცმლის შექმნა.
ღრმად მჯერა, რომ თამარ მეფის სამოსიდან აღებულ ორნამენტებით გაწყობილ ტანსაცმელში ჩაცმული ბავშვი თავადაც თამარ მეფედ იგრძნობს თავს. მას ეყვარება თავისი სამშობლო და მისი უდიდესი ისტორია.
- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას თუ გეხმარებათ ოჯახი?
- ძალიან ძნელია , მაგრამ მაინც ვახერხებ . დღის განმავლობაში ვმუშაობ, ხოლო საღამოს ჩემი ბრენდის მართვაში ვარ ჩაბმული.
ოჯახი ძალიან მეხმარება. ჩემი რძალი და შვილიშვილები ჩართული მყავს ფოტო გადაღებებში, ხშირად თუ სასწრაფოა და კურიერთან ვერ ვახერხებ დაკავშირებას, მომხმარებელთან ნივთი ჩემს შვილს მიაქვს.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- ამჟამად ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ფეისბუკზე და ინსტაგრამზე, ასევე გვაქვს საიტი, ჩართული ვართ სხვადასხვა პროექტებში და ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის პარიზის გამოფენაზე გატანას. ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, მომავალში ვფიქრობთ უფრო გაფართოებას და დიდი წარმოების შექმნას.
Comments
Post a Comment