როგორც უკვე იცით “blogger show”-ს გუნდმა, ცოტა ხნის წინ, თავის ერთგულ მაყურებელს ახალი პროექტი წარუდგინა. „ტოპ- მოდელი” ახალი ქართული რეალითი შოუა, რომელიც კვირაში ორი, ჯამში კი 12 ეპიზოდისგან შედგება, მათ შორის არის ქასთინგი, დავალებების შესრულების ეპიზოდები და ფინალი, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბერში შედგება. გადაცემის მეორე ეპიზოდში,ქასთინგზე შერჩეულ მონაწილეთა შორის, სულ რაღაც 12 კონკურსანტს ხვდა წილად პროექტში მოხვედრისა და კონკურსის გაგრძელების შანსი. ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე 18 წლის თათუკა გელაშვილია, რომელიც გვინდა, უფრო ახლოს გაგაცნოთ.
ის ნათელი მაგალითია იმ სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, რომელიც მოდის სფეროში მოღვაწე ქალებს ნაკლებად განათლებულ და ძალიან ვიწრო სპექტრში საინტერესოდ მოიაზრებს. თათუკა თვლის, რომ ყველა ადამიანი გაჩნდა იმისთვის, რათა შეიგრძნოს რას ნიშნავს ცოცხალ ქმნილებად ყოფნა. ის განსაკუთრებულად ამაღლებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობითა და სამართლიანობისთვის ბრძოლის სურვილით გამოირჩევა, უყვარს ხატვა და კერამიკაზე მუშაობა. ყველაფერთან ერთად, თათუკა ვეგეტარიანელია, ოცნებობს მთელს მსოფლიოში სიმშვიდეზე და მიიჩნევს , რომ საკუთარი წვლილი მუდმივად შეაქვს ფემინიზმის განვითარებასა და ადამიანებისთვის სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
- როგორ ფიქრობ, რა გქმნის იმად, რაც ხარ?
- ჩემი აზრით, ადამიანს მრავალი ფაქტორი ქმნის და აყალიბებს. მაგალითად: ოჯახი, სოციუმი, მეგობრები, პარტნიორი, ინფორმაცია, რომელსაც იღებს და ა.შ. ამ საკითხში არც მე ვარ გამონაკლისი.
- რა გახსენდება პირველი სიტყვაზე ,,ტკივილი”, ,,ბედნიერება”, ,,წარმატება”, და ,,დაცემა”?
- სიტყვაზე - “ტკივილი” მახსენდება ჩემი ძაღლის დაკარგვა, რომელიც 4 წლის ასაკიდან მყავდა და მის გარეშე საკუთარი თავი არც კი მახსოვს. სიტვაზე - “ბედნიერება” მახსენდება ჩემი პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ოჯახი. ასევე საყვარელი საქმე, რომელიც მოდელობაა. სიტყვაზე - “წარმატება” წარმოვიდგენ, როგორ დავდივარ დიდი დიზაინერების runway-ზე და ყველა ადამიანის ყურადღება მოპყრობილია ტანისსამოსზე, რომელსაც ამაყად ვატარებ. იმავე საღამოს კი ქართულ გაზეთებსა და სოციალურ მედიაში ვკითხულობ, რამხელა წარმატება მოიპოვა მსოფლიო ასპარეზზე ქართველმა მოდელმა.
- რომ შეგეძლოს, წარსულის რომელ მომენტს ამოშლიდი და რომელს გაიმეორებდი?
- ცხოვრების მომენტების ამოშლა ან კიდევ ერთხელ განცდა რომ შემეძლოს, ამას არ გავაკეთებდი, რადგან ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია და ის ყველაფერი გვაქცევს ადამიანებად, რომლებიც დღეს ვართ და ხვალ ვიქნებით.
- რა არის ის, რასაც სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ეუბნები?
- დიდი ხნის განმავლობაში მქონდა „body dysmorphia“ და სარკეში ჩახედვისას ჩემი თავი არასდროს მომწონდა, თუმცა გავაცნობიერე, რომ პრობლემა იმაში კი არ არის, თუ როგორ გამოვიყურები, არამედ იმაში, თუ როგორ ვხედავ საკუთარ თავს მე. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე უკან მოვიტოვე ეს, თუმცა ვცდილობ, დავძლიო საკუთარი შიშები და ყოველ დღე სარკეში ჩახედვისას თავს ვეუბნები, რომ საკმარისად კარგი ვარ, ლამაზი და რომ ჩემი სხეული ან ის, თუ რამდენი ვჭამე წინა ღამეს არ განსაზღვრავს ჩემს, როგორც ადამიანის ღირებულებას. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა ასე უნდა შეხედოს საკუთარ თავს,დანარჩენებმა კი გაითავისონ, რომ „body shaming“ ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი გზაა საკუთარი აზრის აგრესიულად გამოხატვისა და ეს უნდა დასრულდეს, რადგან ყველა სხეული ძალიან ლამაზია.
- რომელი თქვენი საქციელი გაქცევთ საკუთარ თავად?
- ვერ ვიტყვით, რომ რაიმე საქციელი გვაქცევს საკუთარ თავად, რადგან საქციელი უბრალოდ იმის გარეგანი გამოხატვაა, რაც რეალურად შინაგანად ვართ, ანუ საქციელი კი არ გვხდის საკუთარ თავად, არამედ ის გვეხმარება საკუთარი თავი გამოვხატოთ. ჩემს თავს კი ყველაზე უკეთ გამოვხატავ ჩემი ცხოვრების წესით, კერამიკაზე მუშაობით ან ხატვით. არ ვჭამ ხორცს 6-7 წელია და ამით ვამაყობ, ასევე ფემინისტურ აქტივიზმში საკუთარი წვლილის შეტანა მნიშვნელოვნად გამოხატავს ჩემს „მე“- ს.
- ცხოვრობთ იქ და ისე, როგორც თქვენ გინდათ და რატომ თვლით ასე?
- არ ვცხოვრობ იქ და ისე, სადაც და როგორც მინდა. ეს სამყარო სავსეა ომით, მკვლელობებით, დისკრიმინაციით, ჰომოფობიით, ქსენოფობიით, ჩაგვრით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით. ეს არის სამყარო, რომელშიც ქალებს არ აქვთ იგივე ანაზღაურება, რაც კაცებს ანალოგიურ პოზიციაზე. ზოგიერთ ქვეყანაში მათ არ აქვთ განათლების მიღების, ან სიყვარულით ქორწინების უფლებაც კი. ეს არის სამყარო, სადაც ტოქსიკური მასკულინურობა ბატონობს. განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ბოლო თვეებში მომხდარმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა საზოგადოებაში გავრცელებული არაადეკვატური სტიგმები და განსხვავებულის მიუღებლობა, რაც პირდაპირ გაუნათლებლობიდან მოდის. ჩემთვის ლიბერალიზმი სრული ჭეშმარიტებაა და ხშირად ვსაუბრობ ჩემს გარშემო ადამიანებთან ამ თემატიკაზე,რათა ჩემი წვლილი შევიტანო იმ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლაშუ, რისიც მჯერა. თუ ოდესმე პლატფორმა მექნება,საიდანაც ხალხი მოისმენს ჩემს ხმას, აუცილებლად გამოვიყენებ ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და სამყაროს ისეთ ადგილად ქცევისთვის,რომელში მინდა რომ ვცხოვრობდე.
- თქვენი აზრით, რას მოგცემთ „ტოპ მოდელი“ ?
- ეს პროექტი უდიდესი გამოცდილების მიღების გარდა ჩემი ცხოვრების ისეთად ქცევაში მეხმარება, რის გამოც მიღირს ცხოვრება და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
- თქვენს წარმოდგენაში, როგორია თათუკა გელაშვილი 5 წლის შემდეგ?
- ხუთი წლის შემდეგ ჩემი „მე“ ამაყია ხუთი წლის წინანდელი საკუთარი თავით. ცხოვრობს new york-ში ადამიანთან, რომელთან ერთადაც 8 წელი გაატარა დამუშაობს მსოფლიოს დიდ ბრენდებთან.
- და ბოლოს, თქვენი აზრით, ამ ეტაზე ხართ თუ არა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია?
- საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ნამდვილად არ ვარ, არც ფიზიკურად და არც შინაგანად, თუმცა ამაზე ვმუშაობ.საკუთარი ცხოვრება ამ ეტაპზე მომწონს და მადლიერი ვარ, თუმცა ეს არ არის ის,რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი და დღესდღეობით ვცდილობ , ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო.
ჟურნალისტები : თეო ელიზარაშვილი, შორენა კერესელიძე.
Comments
Post a Comment