ინტერვიუ მარიკა მოდებაძესთან.



ფერადი , ხალისიანი, ჭრელი - ასოციაციები, რომლებიც ქალბატონი მარიკას ნახვაზე მიჩნდება ალბათ ყველაზე მეტად გამოხატავს მის ბრენდს. ვარდისფერი თმა, თვალისმომჭრელი ღიმილი და ახალგაზრდული განწყობა - საკუთარი ხასიათის თითქმის ყველა შტრიხი დიზაინერმა კარგად წარმოაჩინა მისი სამოსის თითოეულ დეტალში. 

- მომიყევით თქვენ შესახებ , როგორ დაიწყეთ დიზაინერობა?

 - შეიძლება ჩემს ისტორიაშიც გამოვძებნოთ მომენტები საიდანაც თითქოს ცხადი იყო ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარული, თუმცა უფრო პრაქტიკულმა ცხოვრებამ მაჩვენა აქამდე მოსასვლელი გზა. გარდა იმისა, რომ განათლების სფეროში აქტიურად ვიყავი ჩართული, ზრდასრული ცხოვრების ყველა ეტაპზე მქონდა მცირე ბიზნესი. ამ უკანასკნელის დამსახურებით ჩემი სოციალური წრე ქართული მოდის ნაწილებით შეივსო და ბუნებრივად მივედი იმ მომენტამდე, მეც დამეწყო ტანისამოსის შექმნა.

- როდის გადაწვიტეთ რომ საქმიანობა შემოსავლის წყაროდ გექციათ?

ამ მომენტშიც რევერს განვითარებით გამოირჩევა ჩემი ცხოვრება. როგორც თავიდან აღვნიშნე, ჩემი ამჟამინდელი საქმე თავიდან იყო შემოსავალი და შემდეგ აღმოვაჩინე მასში ჩემი თავი.

- ფერადი და მრავალფეროვანი- რამდენად გავს თქვენი ბრენდი თქვენს პერსონას?

- ვფიქრობ, ზუსტად ეს ხდის ჩემს პროდუქტს მომხმარებლისთის მიმზიდველს, რომ თითქოს მკვეთრი ბარიერი არ არსებობს საკუთარ თავსა და მათ შორის, რასაც საზოგადოებას ვთავაზობ. თითოეული ჩემი, გავკადნიერდები და ვიტყვი - ქმნილება, საკუთარი მყისიერი მდგომარეობის რეალისტური აღქმა და გადმოცემაა.

- ბრენდის სამოსში თავადაც ხშირად პოზირებთ, ვარდისფერი თმა, არაორდინალური სტილი- რა გამოხმაურებებს იღებთ საზოგადოებისგან?

- ალბათ უცნაურია, რამდენად ხშირად მახსენებს ბუნებრიობის პრივილეგიას ჩემი ვარდისფერი თმა ამის ფონზე. ყველაფერი ეს საკუთარი თავით მოდელირება, ვარცხნილობა და სტილი ეტაპობრივად, თანმიმდევრულად შეიქმნა, ახლაც დახვეწის პროცესშია. საზოგადოებამ ასე გამიცნო და მიმიღო, ჩემი წილი ბუნებრიობაც ამაში გამოიხატება, რომ ვარდისფერი უკვე ჩემი თმა მგონია, ჩემს ტანისამოსში მე ვაჩვენებ იმ დეტალებს, რაც მინდა შეამჩნიონ. გარშემომყოფებისთვის კი ეს საინტერესო და პოზიტიურია, მეც მათი დადებითი რეაქციები მაძლიერებენ, შესაბამისად უფრო გამოხატული ხდება ჩემი სტილი, თავისი არაორდინალურობით.

- ვინ ან რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

ზოგადი ფონი რაც ჩემს ტანსაცმელს მუდამ დაჰყვება არის ქართული მოტივები. ეს უკანასკნელი კი თითქმის სულ გამოიხატება ხევსრულ ორნამენტებში და მოზაიკურ ფერებში. ღონისძიება, რომელიც ყოველთვის ახდენს გავლენას ჩემს შეხედულებაზე არის ყოველწლიური “Met gala”, სადაც მოდასთან ასოცირებულ პირებს უსაზღვრო თავისუფლების ხარისხი აქვთ, გამოხატონ ის, რაც ყოველდღიურობაში ჭარბი იქნება. ჩემს ცხოვრებაში არსებული დაბრკოლებები, თითქოს რამეს ვერ შევძლებ ჩემი შთაგონების წყაროა, რა თქმა უნდა,  მომხმარებლების ბედნიერი სახე კი დიდ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი  სიახლეები მივაწოდო მათ.კონკრეტული ადამიანები ვინც შთამაგონებს არიან  Zeena, ელსა ჰოსკი. მოდის სახლი კი ცხაადია “დოლჩე და გაბანა”.

- რომელ ასაკსა და სქესზეა სამოსი გათვლილი?

სამოსი გათვლილია ქალბატონებისთის თინეიჯერობიდან უსასრულობამდე.

- რთულია საქართველოში დიზაინერება? ვინმე თუ გეხმარებათ?

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაფერი, რაც საბაზისო მოთხოვნილებების ზემოთაა რთულად ადაპტირებადია. წარმოუდგენელი იქნება ვთქვა, რომ საზოგადოების მზაობა გვაკლია. არა, უბრალოდ ხელოვნებით ფუფუნება ის რესურსია, რასაც ადამიანი ყველაფერი სხვის შემდეგ იკმაყოფილებს. ასე რომ, არაა რთული თუ იმას გულისხმობთ , აღიქვამენ თუ არა ჩემს ნამუშევარს გარშემომყოფები. რაც შეეხება ფინანსებს (არ მისარგებლია არანაირი სახელმწიფო დაფინანსებით)უამრავი რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ უდიდესი შრომის და ძლიერი ხასიათის შედეგია,რაც ამ ეტაპზე  გვაქვს.



- რჩევა რომელსაც მისცემდით ქართველ ქალბატონებს?

არასდროს შეგეშინდეთ, გამოხატოთ საკუთარი შინაგანი სამყარო.

-  რა არის თქვენთვის მომხმარებელთან ურთიერთობის საიდუმლო?

- ნებისმიერი მომხმარებლის აზრის პატივისცემა და ბუნებრივად გაბმული კომუნიკაცია,”მამაქალაქისეული” იუმორი და პუნქტუალურობა.

- სად მდებარეობს თქვენი შოუ რუმი? როგორ შეიძლება შეძენა ან რას უნდა ველოდოთ თქვენგან მომავალში?

ჩვენი შოურუმი ქუთაისში (“მამაქალაქშია”).თუმცა ტანსაცმლის შეძენა შეუძლია ნებისმიერს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ. მომავლის გეგმები და ჩემი მიზანი, რასაც ვფიქრობ მალევე განვახორციელებ, საკუთარი შოურუმია,ჩემივე ფერებში გადაწყვეტილი მქონდეს “მამაქალაქში”. მაღალ მოდაში ფეხის შედგმა კი ,რა თქმა უნდა, ნებისმიერი დიზაინერის მიზანია.



Comments