რჩევები მიშო ბეგაშვილისგან - მოგზაურობა, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი .
ზაფხული ეს ის პერიოდია, როცა თითოეული ჩვენგანი აქტიურად ისვენებს. ზღვა, მზე და გარუჯვა დადებითი ენერგიით გვმუხტავს. წელიწადის ამ დროს ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაზე ტრენდული თემა ხდება, რადგან ყველა ცდილობს საკუთარი სხეულის მიმზიდველი ფორმების გამოჩენას. გარდა ამისა, ზაფხულის თავგადასავლები და მოგზაურობა თითქმის ტრადიციად არის ქცეული. დღევანდელი ჩემი რუბრიკის თემა სწორედ ზაფხულია. რუბრიკის სტუმარია მიშო ბეგაშვილი :
- ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესი. რას ურჩევდი ვარჯიშის მსურველებს ?
- საზოგადოების უმრავლესობა ვარჯიშს ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად იწყებს, თუმცა შედეგის მისაღებად ეს არ კმარა. საჭიროა, სისტემატიური ვარჯიში, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩემი აზრით, ვარჯიში წელიწადის ნებისმიერ დროს აუცილებელია. ცხელ დღეებში ბევრს ეზარება ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ ჩემი რჩევაა, დილაობით მაინც ივარჯიშონ ცოტა, ფორმის შესანარჩუნებლად.
- ვარჯიშის გარდა, ჯანსაღი ცხოვრები წესი კვების სწორ რაციონსა და წყლის გარკვეული რაოდენობის მიღებას მოითხოვს. შენ თუ იცავ კვების რაციონს , ებრძვი თუ არა რაიმე მავნე ჩვევას და რომელ ხილს მიირთმევ ყველაზე ხშირად ?
- სწორი რაციონის შერჩევა ჩემთვის დღემდე მიუღწეველია. დიეტა არასდროს დამიცვია. პირიქით, მუდმივად ვჭამ წონაში მოსამატებლად. შესაძლოა, ღამის ორზე ან სამზეც ვივახშმო. ზოგადად ყველა სპორტსმენი გადასულია აქტიურ კვებაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარალელურად არ უნდა ვივარჯიშოთ. საჭიროა, რომ მიღებული ცხიმი ვარჯიშის მეშვეობით კუნთად გადაიქცეს. ზაფხულის განმავლობაში სასურველია ორი ლიტრი წყლი მიღება მაინც, რათა დავიცვათ ორგანიზმი გაუწყლოებისგან. ბევრი დეტალი გენეტიკაზეც არის დამოკიდებული. რაც შეეხება მავნე ჩვევებს, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში არაფერი არ ვჭამო და შემდეგ ერთიანად მივიღო საკვების დიდი რაოდენობა. ხილიდან ბანანი, საზამთრო და ფორთოხალი მიყვარს. დიეტისთვის სასურველია ვაშლი და ალუბალი.
- ზაფხული თავს გვამახსოვრებს მოგზაურობით, გართობითა და ხანმოკლე რომანებით. როგორც ვიცი, საბერძნეთში იყავი. მომიყევი ამის შესახებ.
- კუნძულ კრეტაზე ვიყავი და შემდეგ სანტორინში. მომეწონა როგორც ადგილობრივი სილამაზე, ასევე მკვიდრი მოსახლეობა. ყველა პოზიტიურია, გიღიმის და გესალმება. ერთი სიტყვით, თბილი გარემოა. ეს მოგზაურობა არასდროს დამავიწყდება : დილა ვარჯიშით იწყებოდა, შემდეგ აუზი. მინდა აღვნიშნო, რომ საოცარი სამზარეულო აქვთ. საღამოხანს შოუ-პროგრამები ეწყობოდა და ღამით, ცხადია , კლუბი და გართობა... იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ მიჭირს ამის გადმოცემა. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი თამო ვაშალომიძეს. საბერძნეთში ყოფნისას საქართველო მენატრებოდა, თუმცა ნოსტალგიური განწყობა მაშინვე გამიქრა, როცა აქ დაბრუნებულმა მაღაზიაში შესვლისას კონსულტანტის მოღუშული სახე დავაფიქსირე. დიდი განსხვავებაა იქაურ ხალხსა და ქართველებს შორის. მოკლედ, ვისაც ნამდვილი დასვენება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთვა გსურთ ეწვიეთ საბერძნეთს.
- სამომავლოდ თუ გეგმავ საზღვარგარეთ წასვლას ან ქვეყნის ფარგლებში, რომელიმე კურორტზე დასვენებას ?
- დიახ, მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ ერთად მოგზაურობას. საქართველო თითქმის მოვლილი მაქვს, თუმცა ასეთი შთაბეჭდილებების ქვეშ არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ საზღვარგარეთ წასვლას ვეცდები.










Comments
Post a Comment