მოგზაურობა საქართველოში - ბორჯომი.




 მატარებელში დრომ ძალიან სწრაფად და საინტერესოდ გაიარა. ისე მივედით ბორჯომის სადგურის ბაქანთან ვერც გავიგეთ.
 ახლა მთავარი იყო გაგვეკეთებინა დაახლოებითი მონახაზი და დრო გადაგვენაწილებინა. ხუთი საათი გვქონდა, ამიტომ პარკში შესვლა გადავწყვიტეთ.
  პარკის შესასვლელთან მოკირწყლულ ქუჩაზე სასტუმრო "ფირუზამ" ჩემი ყურადღება მიიქცია. შენობის არქიტექტურა ძალიან მივამსგავსე რუსულ ტრადიციულ ჩუქურთმებს . მეგობარი მიმტკიცებდა აზიურს უფრო ჰგავსო. საბოლოოდ, მან გაიმარჯვა.



შემდეგი გაჩერება უშუალოდ პარკის ტერიტორია და ულამაზესი ტყე იყო. ვინაიდან ბორჯომის მინერალური წყლის გემო არც მე და არც ჩემს მეგობარს არ მოგვწონდა, სწრაფად ჩავუარეთ ამ ცნობილ ადგილს და სიყვარულის ხიდთან მივედით. ხიდის მოაჯირზე სიმეტრიულად მიმაგრებულ ბოქლომებს სიყალბის სურნელი ასდიოდათ, ეტყობა არქიტექტორებს ბევრი არც უფიქრიათ. ერთი შეხედვით, მარტივად ჩანდა , რომ არც ერთ წყვილს არ მიუმაგრებია ბოქლომი .
ან რა საჭიროა სიყვარულის ასეთი ხერხით გამოხატვა ? 
 ატრაქციონებს რომ გავცდით ტყეც დაიწყო.




დამერწმუნეთ, ეს იყო ის არნახული სილამაზე, რომელსაც ვერც მწერლის ენა და ვერც პროფესიონალი ფოტოგრაფის ობიექტივი ვერ აღბეჭდავს და აღწერს. ჩანჩქერის გარშემო წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები წარმოქმნიდნენ არნახულ პანორამას. ამ დროს ჩერდები ღრმად ისუნთქავ ჰაერს უყურებ გარემოს და ხვდები, რომ უბედნიერესი ხარ . 
 ჩემდა უნებურად დავუწყე გამვლელებს თვალიერება და ყველას ღიმილს ვჩუქნიდი. ავდიოდით, მაღლა და მაღლა , იქამდე სანამ წყლის მარაგი და დროის ლიმიტი არ ამოგვეწურა. სამი საათი ბილიკზე ვიარეთ. გასაოცარი იყო. ხალხი ჯერ კიდევ გვხვდებოდა. ზოგი ველოსიპედით, ზოგი ფეხით. 




 განმარტოება მოგვინდა, ამიტომ ყინულივით ცივ წყალზე თამამად გადავაბიჯეთ და მინდორზე წამოვწექით. 
 ლანა დელ რეის გასაოცარმა ვოკალმა, ნაკადულის დინებამ, გარშემო განლაგებულმა ნაძვებმა და მზის სხივებმა ორივე მარტივად მიგვაძინა. შუა მინდორზე ვიწექით. დიდი ხანი არ გასულა , რომ მანქანის ძრავის ხმამ გამომაფხიზლა. თავი წამოვწიე და სანამ გავერკვეოდი სად ვიყავი ინსტიქტურად გავაღვიძე ჩემს გვერდით მყოფი მეგობარი, რომელზეც ამ "ოთხ ბორბლა" მონსტრის ხმამაც კი არ იმოქმედა . ჩვენს წინ იყო უზარმაზარი სამთო ჯიპი,რომელიც დაჟინებით გვთხოვდა შუა მინდვრიდან გაწევას. ავდექით და საათს დავხედეთ. ორი ან სამი საათი იქნებოდა. ამიტომ ჩვენი წასვლის დროც დადგა. 




მატარებელი 16:45-ზე გადიოდა. გზა ისე მარტივად ჩავიარეთ ნახევარი საათი სადგურში მოცდა მოგვიწია. მატარებელი დაიძრა თუ არა გაწვიმდა. არ მბეზრდებოდა ფანჯარაში ყურება და წვიმის წვეთებზე დაკვირვება. როგორ სრიალდებოდნენ და იყოფოდნენ რამდენიმე ნაწილად. მატარებლის ძრავის ხმა არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ "მონსტრის" ხმამ, რომელმაც იდილია დაგვირღვია.



Comments