პირველი დღე უნივერსიტეტში - როგორ მოვიქცეთ ?


 არ აქვს მნიშვნელობა სად ჩაირიცხეთ ან როდის გეწყებათ სწავლა, თითოეულ პირველკურსელს აერთიანებს ემოციები და განცდები , რომლებიც სწავლის დაწყების პირველი დღის თანმდევია.
  კარგად მახსოვს წინა წლის ამ დროს მთელი ღამე ვერ დავიძინე და მინდა, გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებული პირველი სასწავლო დღის დაწყებაში.


1. შეისწავლეთ შენობა, სადაც სწავლას აპირებთ.
 ჩემთვის, როგორც ხელოვნების მოყვარული ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ ვიცოდე სივრცე, სადაც დროის უმეტესობა უნდა გავატარო. ხელოვნებას და წარმოსახვის უნარს თავი რომ დავანებოთ, თუ სასწავლებელში ცოტა ადრე მიხვალთ და გაიგებთ თუ რომელ აუდიტორიაში მოგიწევთ მუშაობა, უფრო თავდაჯერებული გამოჩნდებით. ამ შემთხვევაში მე ვიცნობდი ჩემი ფაკულტეტის მაღალ კურსელს, რომელსაც ყველა დეტალი გამოვკითხე. მაგალითად, როგორია შენობის აგებულება, სავარაუდოდ რამდენი ადამიანი იქნება მისაღებ ღონისძიებაზე, ვინ იქნება სპიკერი, არსებობს თუ არა პირველი დღის რაიმე ტრადიცია.


2. ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს რა ჩაიცვათ .
 სინამდვილეში, მთელი ღამის განმავლობაში, იმაზე ფიქრი თუ რა ჩაიცვათ ყველაზე დიდი სისულელეა. არ აქვს მნიშვნელობა რას ჩაიცვამთ , ეს არის უნივერსიტეტი და არა "გრემის" დაჯილდოვება. არ არის აუცილებელი პირველივე დღეს გამომწვევი ჩაცმულობით მოხვდეთ ხალხს თვალში. ამას შემდეგ მოასწრებთ. ეცადეთ, ჩაიცვათ კომფორტულად და სტუდენტის შესაფერისად.
 თეთრი პერანგი და შავი შარვალი ან კლასიკური ჯინსი. ამ ხერხით ლექტორს უფრო დაამახსოვრებთ თავს.
3. აუცილებლად გაიჩინეთ მეგობარი.
 ხალხის გაცნობა ნამდვილად დიდ სირთულეს წარმოადგენს პატივმოყვარე ან კომპლექსიანი სტუდენტებისთვის. არ ღირს ამაზე დარდი. გადადგით პირველი ნაბიჯი. მიესალმეთ თქვენს გვერდით მჯდომს. გამოელაპარაკეთ, გაუღიმეთ. შექმენით თქვენი გარემო. ადამიანები, რომლებიც თქვენი გუნდის წევრები იქნებიან. ასე მარტივად შეძლებთ სხვადასხვა საკითხების მოგვარებას, რადგან მეტ ინფორმაციას მიიღებთ. მაგალითად, მე პირველივე დღეს გავიცანი ადამიანი, რომელიც ახლა უფრო მეტია, ვიდრე კურსელი.



4. პირველ დღეს ნუ მიხვალთ დიდი ზურგჩანთითა და ბევრი რვეულებით.
 საკმარისია, ერთი სამუშაო რვეულიც. რამდენიმე დღეში ზუსტად გაერკვევით დეტალებში და მერე კი მართლა მოგიწევთ ჩანთის ტარება. ლექციები თავიდანვე ჩაიწერეთ. იყავით მობილიზებული.



5. ოქროს შუალედი.
 სტუდენტები ძირითადად ორ უკიდურესობად იყოფიან . ისინი, ვინც სწავლობენ და ისინი, ვინც ერთობიან. ასეთი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. მე გირჩევთ იყოთ ნეიტრალური. ნუ მოაბეზრებთ თავს ადამინებს თქვენი ცოდნის გამოვლენით და ნურც ხელს შეუშლით მის მიღებაში. შესვენებებზე ცოტა განიტვირთეთ და ილაპარაკეთ ნებისმიერ სხვა საკითხზე სწავლის გარდა.



6.პოპულარული ბავშვის კომპლექსი.
 ხშირად ის პირველკურსელები, რომლებიც სკოლაში პოპულარობით სარგებლობენ ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტშიც ასეთივე პოპულარულები იქნებიან. ასე არ ხდება. უნივერსიტეტში ეს სპექტაკლი არ იდგმევა და არ აქვს მნიშვნელობა შენს ოჯახს, ეკონომიურ შესაძლებლობას და გარეგნობას. აქ ხალხს სწავლით აფასებენ. თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ ხალხის ყურადღება გჭირდებათ თავად გამოიჩინეთ ინიციატივა. ჩაერთეთ თვითმართველობაში, დაწერეთ პროექტები და ისწვალეთ კარგად. მოიშორეთ ეს კომპლექსი პირველივე დღიდან. ყველა ადამიანი თანასწორია.


წარმატებულ პირველ დღეს გისურვებთ!



Comments