გიგას წიგნაკი - მზე, რომელიც ოცნებებს ახდენს.


ოდესმე გინახავთ მზის ჩასვლა ? რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დედამიწა ბრუნავს, დღე და ღამე ერთმანეთს ენაცვლება და საღამოობით ჩვენს წინ იქმნება პანორამა, თითქოს მზე ზღვამ ან მთამ შთანთქა. თუმცა, ამ შემთხვევაში ასეთი კითხვის დასმა უფრო სწორი იქნებოდა, გიგრძვნიათ მზის ჩასვლა? როგორი მაგიურია ეს ერთი ციდა ბურთი. ჯერ ყვითელია , შემდეგ ნარინჯისფერი და ბოლოს ალისფერი ხდება.
4 სექტემბერი. 19:53
ვზივარ ზღვის ნაპირზე და გავცქერი ჰორიზონტს . ვფიქრობ და მახსენდება როგორი იყო ჩემი საზაფხულო არდადეგები რვა-ცხრა წლის წინ.
მთელი ბავშვობა ბათუმში ვისვენებდი, თანაც სამი თვე. როცა ამ ქალაქის რეკონსტრუქცია დასრულდა , ალბათ, გახსოვთ რამდენი ღონისძიება იმართებოდა - კონცერტები, ჩვენებები , სპექტაკლები. თუ სახახლო იყო ვცდილობდი დავსწრებოდი და ასე გადიოდა მთელი ზაფხული.

მახსენდება, 2010 წელი, როცა 11 წლის ვიქნებოდი ბათუმში ერთ-ერთ მოედანზე ნაშუადღევს რაღაც კონსტრუქცია დადგეს, დაამონტაჟეს განათებები, მოაწყეს შემაღლებული, თუმცა დაბალი სცენა და გარშემო ჰორიზონტალურად სკამები დააწყვეს. შვიდი საათი იყო , როცა ამ ადგილას უამრავი ადამიანი მოგროვდა. ხალხში გავერიე. შიგნით არ შემიშვეს, მაგრამ გარედან , მოაჯირიდანაც კარგად ვხედავდი დეფილეზე გამოსულ მოდელებს.
 მაშინ პირველად ვნახე აფრო ამერიკელი მოდელი და ზოგადად, ჩვენებას პირველად ვუყურე. დღემდე მახსოვს ყველა დეტალი, მუსიკა კი ყურში ჩამესმის. ფრანგმა დიჯეიმ შექმნა. იმ მომენტში ყველაზე მეტად მომინდა ვყოფილიყავი ამ ყველაფრის ნაწილი. მოაჯირთან ერთ-ერთი ცნობილი მოდელის დედა და და იდგნენ. გამოველაპარაკე. პატარა ვიყავი, მაგრამ კომუნიკაბელური. თან ამაღლებულ განწყობაზე. რომელი მოდელი მოგწონთ მეთქი, ვკითხე. ჩემი შვილიო მიპასუხა.
მე რატომღაც მაინც , ის თავხოტორა აფრო-ამერიკელი მოდელი მომწონდა. უფრო იმიტომ,რომ იმ პერიოდში სილამაზის სხვაგვარი აღქმა მქონდა. ვერ ვიგებდი რატომ გამოიყვანეს პოდიუმზე ეს გოგო. თუმცა, ისიც არ ვიცოდი ჩვენება ტანსაცმლის საჩვენებლად მოეწყო თუ მოდელების. მაშინ გადავწყვიტე და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ორგანული იყო. არ დამიჯერებთ, მაგრამ სწორედ იმ პერიოდიდან დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა მოვმხვდარიყავი ამ გასაოცარ სამყაროში. ცოტას ვოცნებობდი და ბევრს ვფიქრობდი იმაზე , თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, - "შენ ეს ოცნება აიხდინე. ახლა რომელი ოცნებაც გაქვს რატომ გგონია რომ აუხდენელია? მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია შრომა და დიდი სურვილი."
  ცოტა გამეღიმა. მზემ ნელ-ნელა გადაინაცვლა ზღვისქვეშეთში. მე კი რწმენა მომეცა მომავლის. "თუ მაშინ შეძელი , ახლა ორმაგად შეძლებ." - ვანუგეშებ თავს.
...და მაინც, როგორ ჰგავდა ეს მზე , იმ მზეს რვა წლის წინ ჩემს თვალებში რომ ირეკლებოდა და ოცნებების ახდენას მპირდებოდა.

Comments