ერთი ისტორია - ლანა მატახერია.



ინახავთ მხატვარი, რომელიც სიამაყის მზერით შესცქერის დასრულებულ ნაშრომს ? მან ხომ კარგად იცის რამდენი დრო და ფიქრი დასჭირდა მის დასრულებას. მოგისმენიათ როგორ უკრავს შეყვარებული პიანისტი ? ყველა ბგერა რომ ემოციით ივსება და ჰაერში მუსიკის სურნელი ტრიალებს. ან თუნდაც, მებაღე , რომელსაც საათების განმავლობაში შეუძლია მორწყას ყვავილები და მათი სურნელით დამთვრალმა იგრძნოს თუ რამდენად უყვარს მისი საქმიანობა.
 ასე უყვარს ლანა მატახერიასაც თავისი საქმე .




  ცბიერი , გვერდული გამოხედვა, შარმიანი ღიმილი, ბაგეები , რომლებიც მუდამ მზად არიან სიცილისთვის და ზედ წითელი საფირმო ტუჩსაცხი, ამ წლების განმავლობაში მის სიმბოლოდ რომ ქცეულა.
 ეს ლანაა, ზოგისთვის ლანკაც. წლები ვერაფერს აკლებს და რაც უფრო მეტი დრო გადის, ადამიანური ისეთი უნარებით დაჯილდოებული, როგორიცაა სიკეთე და თანაგრძნობა, მით უფრო მშვენდება.
 ჩვეულ შაბლონურ წერის სტილს გადავუხვიე, მაგრამ ლანაზე სხვანაირად წერა არც გამოდის. მინდა, ისე დავწერო, როგორც ლანა დახატავდა მოდელის სახეს. ლანას ხელოვნების სადარაჯოზე ფუნჯი დაუჭერია, მე - კალამი.
 ამიტომ, ვფიქრობ საინტერესო გამოვა ჩემს მიერ მოთხრობილი ქალის ისტორია, რომელმაც წლების განმავლობაში უამრავ გოგონას აჩუქა ღიმილი და დაარწმუნა, თუ რამდენად ლამაზია ყველა ადამიანი.



 ლანას ისტორია ჯერ კიდევ 90-იანებში იწყება, მაშინ, როდესაც არც ვიზაჟისტის და დიდად არც სხვა მოდური პროფესიების ცნებები თბილისში აქტუალური არ იყო.
  სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ტანსაცმლის დიზაინერის დოპლომით ხელში ლანა გადავიდა მოსკოვში. პოლიტიკური ვითარების გამო იმ პერიოდში არაერთ ქართველს მოუწია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.
 ბევრი არც უფიქრია, ისე ჩააბარა მოსკოვის ვიზაჟისტთა აკადემიაში.  კარგად ახსოვს ის ემოციები, როცა ნაშრომების შეფასების დრო დადგა. 38 ჯგუფის წევრს შორის მოდელებზე გაკეთებულ მაკიაჟში გამორჩეულად მხოლოდ ლანას ნაშრომი აღნიშნეს და ვიზაჟისტმა ქულებით პირველი ადგილი დაიკავა.
 ლანას კარგად ახსოვს პირველი ჰონორარი 20$ და გადაღებაზე მიღებული შემოთავაზება ჟურნალ „Vogue"-ს ფოტოგრაფისგანაც.


სწორედ ამის მერე იწყება მისი კარიერული წინსვლა. 12 წლიანი მოღვაწეობის მერე ლანამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. თბილისში საკუთარი "Image lab" გახსნა. ხშირად დადის გადაღებებზე ,ჰყავს უამრავი მომხმარებელი და მოსწავლე. გარდა ამისა, დაარსა ბრენდი „Lanka make-up" და გამოუშვა საკუთარი ფუნჯების ხაზი.



ლანა : „ ჩემი საქმიანობა ძალიან მიყვარს. ვერც კი გადმოგცემთ, რამხელა სიამოვნებას ვიღებ, როცა ადამიანს ვხატავ. ამაყი ვარ , როცა ჩემს მიერ გაკეთებული მაკიაჟი ქალბატონებს ღიმილს გვრის. მაგ დროს მეც მეცინება, ვხვდები, რომ ძალიან მოეწონათ. 
 ჩემთან მოსულ მომხმარებელს ბევრს ვესაუბრები, რათა გავიგო მათი განწყობა. ვეკითხები თუ რას იცვამენ, რათა მაკიაჟი მოვახდინო. “


Photocredit : Ika pirveli 

   10 გამონათქვამი ლანკასგან 

1. ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს ჩანთაში წითელი ტუჩსაცხი.

2. მაკიაჟი ყოველთვის გაიკეთეთ კარგ განათებაზე.

3.მაკიაჟის კეთების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თვალის ქვევით სიმუქის კონსილერით დაფარვა. 

4.პრობლემურ, ფორებიან კანზე დაიტანეთ მაქსიმალურად მცირე ოდენობით ტონალური.

5.იისფერი ძალიან საშიში ფერია. ან ძალიან გიხდება,ან - არა. 

6.ყოველდღიურობაში შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს სახეზე კორექტირება მცირე მაკიაჟის სახით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თვალშისაცემი.

7.რაც მოდაშია შეგიძლია მოირგო ისე, რომ არ ეცადო შენი თავის შეცვლას.

8.ყველა ადამიანი ისედაც კარგია, მთავარია ვიპოვოთ ჩვენი სტილი.

9.მგონია, რომ ყველა ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს.

10.სახეზე მცირედი კორექტირებით, თითქოს ახალ ცხოვრებას იწყებთ.


ტექსტი გიგა უჩუვატოვი
Cover ფოტო ზაქარია ჭელიძე

Comments