როგორ შეხვდებიან ნინო ცქიტიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი ახალ წელს ?
ახალი წელი - ახალი ემოციები, სურვილები, მიზნები და განწყობა. ზოგს ჯერ კიდევ ბავშვურად უხარია, ზოგიც ცდილობს პატარებს გაულამაზოს ეს დღე.
ბევრი ტკბილეული, კეთილი სურვილები და საჩუქრები - ჩემი საჩუქარი კი მკითხველისადმი ექსკლუზიური ფოტომასალა და ინტერვიუა, ყველასათვის საყვარელ ნინო ცქიტიშვილთან და ტოპ-მოდელ თაკო ნაცვლიშვილთან.
თუ კი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა , ეს სწორედ თაკო ნაცვლიშვილია, თუმცა, დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ თაკოს უდიდეს მიღწევებზე, არც რამის მიზნისა თუ მიზეზის გარკვევას არ დავიწყებთ. დღეს, დაგანახებთ თაკოს კადრს მიღმა, როგორც ნაცვლიშვილების ოჯახის განუყრელ წევრს საახალწლო მზადების პროცესში.
- როგორია თქვენი საახალწლო ტრადიციები ?
ნინო : განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ყველა ერთად ვიკრიბებით ჯერ სახლში და მერე მეგობრებთან გავდივართ. პირადად მე, წვეულებებზე აღარ დავდივარ. ჩემთვის უკვე ძალიან დამღლელია. მირჩევნია, სახლში მშვიდად, მეგობრებთან ერთად , სადაც გაიაზრებ რაზე საუბრობთ.
თაკო : მე პირიქით, ჯერ სახლში ვხვდებით ერთად და მერე მეგობრებთან ერთად გავდივარ „ივენთზე“ , თუ სადმე უკრავენ თბილისში.
- რამდენად ადრე იწყებთ საახალწლო სამზადისს ?
ნინო : ჩვენთან ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მზადებას დეკემბრის დასაწყიში ვიწყებთ და ვრთავთ ნაძვის ხეს. წელს ცოტა გვიან მოვრთეთ, ისიც ნაძვის ხის მხოლოდ ზედა ნაწილი.
თაკო : ოჯახში პატარა გვყავს და სათამაშოებს ამსხვრევს,ამიტომ ჩვენი ნაძვის ხე წელს დიდად არ გამოირჩევა.
- თუ გაქვთ შერჩეული სამოსი, რომელსაც ახალ წელს მოირგებთ ?
ნინო : ჯერ არ ვიცი, ალბათ, წინა დღეს გადავწყვეტ.
თაკო : მილანში ვიყავი და ძალიან ლამაზი იასამნისფერი , აბრეშუმის კაბა ვნახე. ცოტა მოტკეცილია და ფეხთან ჭრილი აქვს. ამ კაბას მოვირგებ.
- ვინ ამზადებს სახლში საახალწლო კერძებს და რომელია თქვენი ფავორიტი ?
ნინო : ჩვენს საახაწლო სუფრაზე გარდა იმისა, რომ არის საახალწო ტრადიციული ქართული კერძები, გვაქვს ორი აუცილებელი კერძი : ტუნას სალათი, რომელიც თევზისგან, ბროწეულისგან და მაიონეზისგან მზადდება და მეორე - ქათმის სალათი მჟავე ქლიავის ჩირით.
თაკო : დედაჩემის მომზადებული ყველაფერი მიყვარს, რადგან დიდი გამოცდილება აქვს სამზარეულოში. ყველაზე მეტად ახალ წელს საცივი და ღომი მიყვარს. ყოველ ახალ წელს დიეტას ვარღვევ.
- როგორ უნდა ჩავდგეთ ფორმაში ახალი წლის შემდეგ ?
ნინო: ასეთი კვება მხოლოდ ორი დღე გრძელდება ჩვენ ოჯახში, შემდეგ ვაგრძელებთ ჯანსაღ კვებას, როგორც გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში. პირადად მე ვცდილობ, ცომი არ მივიღო. თაკოს მაინც, უყვარს ცომეული.
თაკო: თავს დიდად არ ვიზღუდავ ხოლმე, რადგან წონაში არ ვიმატებ. თუ შევამჩნიე, რომ 1-2 კგ მოვიმატე ვცდილობ, რომ ვივარჯიშო.
- როგორია თაკოს ბავშვობის საახალწლო მოგონებები ?
თაკო : ყველაზე მეტად ის მახსენდება, რომ იყო პერიოდი, როცა თოვლის ბაბუის მართლა მჯეროდა. მახსოვს, საფრანგეთში ვცხოვრობდით და მის მოსვლას ძალიან ველოდებოდი. დილით მისაღებში, რომ გავედი ძალიან ბევრი სათამაშო დამხვდა. თან , მაშინ და-ძმა არ მყავდა, მარტო ჩემთვის იყო და ძალიან მიხაროდა .
ნინო : რეაქცია იცით როგორი ჰქონდა ? - „ ვაიმე, ახლა გავგიჟდები“. მეტიჩარა ბავშვი იყო და გაპრანჭვა უყვარდა.
- თაკო, ყველაზე მეტად რომელი საახალწლო საჩუქარი გახსენდება ?
თაკო : წინა წელს მშობლებმა ტელეფონი მაჩუქეს. ბავშვობაში კი, ვინაიდან მართლაც მეტიჩარა გოგო ვიყავი , მაჩუქეს კოსმეტიკის საბავშვო ნაკრები და ჭკუიდან გადავედი.
- ნინო, მეკვლეობის ტრადიცია თუ გაქვთ სახლში და შობას როგორ ხვდებით?
ნინო : კი გვაქვს ეს ტრადიცია. ვინც უმცროსია ოჯახში და ეს თითქმის ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იცვლება, გადის და ტკბილეულით შემოდის.
შობას ძირითადად აგარაკზე მივდივართ. თუ ვერ მოვახერხეთ მეგობრები რესტორანში გავდივართ.
- მოდით, ერთი თქვენთვის საყვარელი სიმღერა ვურჩიოთ მკითხველს განწყობისთვის და ცხადია, მივულოცოთ 2019 წელი.
ნინო : მერაია ქერის „ All i want for christmas " ჩვენ საახალწლო სუფრაზე ყველაზე ხშირად ისმის.
თაკო: სხვა სიმღერებიც ძალიან მომწონს , ცოტა წყნარი, ჯორჯ მაიკლი ან ფრენკ სინატრა, მაგრამ ეს უფრო მხიარული და ენერგიული სიმღერაა.
ნინო : ვულოცავ ყველას ახალ წელს ! მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობიანი და მართლაც ვარდისფერი წელი. ვიცი, რომ ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის წარმატებული წელი მოდის. ყველას სიკეთე, ბედნიერება და ჯანმრთელობა დაგვებედოს.
თაკო : ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ბედნიერ წელს. მინდა, რომ ჩემს სამშობლოში ყველა გახარებული ვნახო.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო ანრი შარაშენიძე
სტილი Moreislove.com











Comments
Post a Comment