წარმატებული წლის დაწყების გარანტია - ნინა პერტენავას რჩევები.



    ხელოვნებათმცოდნე, PR სპეციალისტ და Image maker ნინა პერტენავაზე უკეთ ალბათ, ვერავინ მოგვცემს რჩევებს, თუ როგორ დავიწყოთ წარმატებული 2019 წელი.

 - ნინა, გვითხარი, როგორ უნდა დავიწყოთ წელი ისე, რომ ჩვენთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდეს ?

- საერთოდ, ჩვენ ტვინს აქვს ძალიან საინტერესო ათვლის წერტილები, ამიტომ ახალ წელს ნებისმიერი ახალი საქმის დაწყება გვიადვილდება. ახალი წელი იდეალური დროა ახალი ცხოვრების დასაწყებად და ბევრი რამის შესაცვლელად, მით უფრო თუ კარგად ვხედავთ რა გვინდა და გარკვეული მიზნები გვაქვს. დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ სად ვართ და როგორები ვართ 2019 წლის დასასრულს, რა ჯილდო მივიღეთ მისგან და რას მივაღწიეთ. ამის კარგად გააზრების შემდეგ უნდა დავიწყოთ ფიქრი, თუ როგორ უნდა მივიდეთ აქამდე.
 ჩამოწერეთ კონკრეტულად როგორი ხართ წლის დასასრულს, რადგან ზოგადად დეკლარირებას დიდი ძალა აქვს. ტვინი ამ ნაწერს აღიქვამს, როგორც გზავნილს. ყველაფერი გრძნობებში უნდა გადავიტანოთ. დაწერეთ არა ის, რომ ფული გინდათ, არამედ - რატომ გინდათ ეს ფული. ნუ დაწერთ, რომ სიყვარული გინდათ, დაწერეთ თუ რას გაძლევთ ეს სიყვარული და როგორი ხართ შეყვარებული.
 ყოველივე ეს უნდა ვაქციოთ საქმეებად და კონკრეტულ ნაბიჯებად. თუ თქვენ დაიწყებთ გზების ძებნას, თქვენ აუცილბელად მიხვალთ მიზნებამდე.



- როგორია შენი დროის მენეჯმენტი ?

- ყოველთვის ვამბობდი, რომ მთვარი ფასეულობა ადამიანების შემდეგ ეს არის დრო. დრო არის ერთ-ერთი რესურსი, რომელიც არ ბრუნდება. ყველა წუთი ძალიან ძვირად მაქვს შეფასებული. ჩემს დროის მენეჯმენტზე ძალიან დიდხანს ვიმუშავე.სანამ ჩემი თავი პირველ ადგილზე არ დავაყენე არაფერი არ გამომივიდა. ზრუნვითა და ხათრით გარემოში მუდმივად ჩნდებოდა ისეთი მომენტები, როცა ჩემზე წინ სხვა ადამიანს ვაყენებდი. მერე მივხვდი, როცა შენ თავს პირველ ადგილზე აყენებ, ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო და პრიორიტეტების მიხედვით დანარჩენ დროს ანაწილებ, შვილებიც გაცილებით უფრო დამოუკიდებლები ხდებიან და წარმატებისკენ გზას უფრო კარგად კაფავენ, ასევეა , მამაკაცების შემთხვევაში და ა.შ . შენ უნდა ორიენტირებული იყო საკუთარი თავის ზრდაზე და ვიზეც ზრუნავ, სხვანაირად უნდა დაანახო, რომ დროს უთმობ. მათ ნაცვლად არ უნდა გააკეთო რამე. ეს გაცილებით უკეთ მოქმედებს.



- როგორ მოვექცეთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ დროს არ უფრთხილდება ?

- მთავარია, რომ ჩვენ გარშემო, რაღაც პერიოდის შემდეგ, მუდმივად ხდება გადახარისხება და გვერდით გვრჩებიან ის ადამიანები, ვინც ემთხვევიან ჩვენ ინტერესებს და ფასეულობებს. ადამიანები სულ იცვლებიან და ეს არ არის ტრაგედია, ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოვლენა. ამიტომ, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ დროს არ უფრთხილდებიან , ბევრი დრო არც ჩვენ არ უნდა დავუთმოთ. ვამპირი ადამიანები ბევრი არიან , ჩვენ კი გვჭირდება ადამიანები, ვინც ენერგიით შეგვავსებს.



- როგორია შენი წარმატების ფორმულა ? 

- ჩემი აზრით, წარმატება ეს არის შინაგანი მდგომარეობა და არა საზოგადოების შეხედულება. ჩემთვის წარმატებაა, როცა სხვა ადამიანის ანთებულ თვალებს დავინახავ, მას შემდეგ, რაც სწორ მიმართულებას მივცემ და გზას დავანახებ.



- როგორია დამღლელი გრაფიკის მიუხედავად ქალად ყოფნა და თავის მოვლა ? 

- ძალიან რთულია. პროცედურებს დიდ დროს ვეღარ ვუთმობ, რადგან ამ დროის გაცილებით უფრო სწორედ გამოყენება შემიძლია. ვისწავლე მულტიფუნქციურობა. როდესაც რაღაც პროცედურას ვიკეთებ, ამავე დროს წიგნს მოვისმენ ან შეიძლება ონლაინ კონფერენცია ჩავატარო. ვცდილობ მანიკური და პედიკური ერთდროულად გავიკეთო. ვცდილობ ფეხით ვიარო. მხოლოდ და მხოლოდ დროის მენეჯმენტი მშველის .



- როგორ გავუმკლავდეთ პრობლემებს პირად ურთიერთობაში და რა მოგვცემს თავდაჯერებას სიყვარულში ? 

- პირველრიგში, ის ადამიანი უნდა იპოვო, ვინც შენ დაგინახავს და მიგიღებს ნამდვილს. ეს ყველაზე ადვილია, როცა კომფორტულად ხარ იმ ადამიანთან. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ილუზორულად წარმოვიდგენთ ხოლმე იმ ადამიანს და გვინდა, რომ მასაც მოვწონდეთ. როცა ფასეულობათა თანხვედრა ხდება და კომფორტი არის ურთიერთობაში ძალიან მარტივია, იყო ის, რაც ხარ. იყავით თვითმყოფადი, თქვენ თავში გაერკვიეთ და იყავით ის, რაც ხართ. ორმა წარმატებულმა და ზრდასრულმა ადამიანმა შესაძლოა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. ის ადამიანი არავინ არ უნდა შეავსოს, ის უკვე სავსეა. ორი სავსე ადამიანი ერთად კარგად გრძნობს თავს.



- როგორია შენი ახალი წელი? ვიცი, რომ შენს ოჯახში ძალიან გემრიელი კერძები მზადდება.

- წელს შეფობა ჩემმა ქალიშვილმა, ნუცკამ იკისრა. პროდუქტები იყიდა და მითხრა, რომ მე მხოლოდ სამ პუნქტში ვჭირდები. ეს წელი ჩემთვის ამ მხრივაც ახალია, ნუცა ჩვენთან ერთად შეხვდება და ის გაამზადებს ძალიან საინტერესო კერძებს. მაგალითად ბადრიჯნის და გოგრის ფხალს , ასევე ამზადებს ბიფველინგტონს სტაფილოს ჩიფსებით. საინტერესო ვახშამი გვექნება. ახალ წელს მიყვარს ლამაზ ქუჩებში სეირნობა.



ნინა პერტენავას საახალწლო მილოცვა : ყველას ვუსურვებ ბედნიერებას! ბედნიერება მოდის მაშინ, როცა შინაგანად საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ. მე მინდა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას მივაგნოთ.

Comments