ალექსანდრე არუთინოვის ყვითელი სამგზავრო ჩანთა.
ჩემი დღევანდელი რესპოდენტის სამგზავრო ჩანთა მუდმივად მზად არის გასაფრენად. ასე იყო წლების წინაც, როცა ერთ დღესაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მოდას უნდა ემსახუროს და მშობლიური თბილისიდან , ჩრდილოეთით , მოსკოვის მიმართულებით აიღო გეზი. დღესაც ასე გრძელდება, მოსკოვი - თბილისის რეისი ალექსანდრე არუთინოვისთვის უცხო არ რჩება. როცა, საახალწლოდ თბილისში ჩამოვიდა, შანსი ხელიდან ვერ გავუშვი, რომ არ ჩამეწერა. რატომღაც, ყველა ჩემი სტუმრის ისტორია სამოტივაციოა. წარმატებული ადამიანები, რომლებმაც კარიერა ნულიდან დაიწყეს და დიდ მწვერვალებს მიაღწიეს. ასეთია საშას ისტორიაც.
მოდამ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დააინტერესა, როცა თოჯინებს კაბებს უკერავდა. არ არსებობდა სამოსი, რომელსაც ალექსანდრე ორჯერ ჩაიცვამდა. ყველაფერს თავისი ხელით ჭრიდა და კერავდა, თუმცა სტერეოტიპულმა აზროვნებამ კარიერის საწყისში დიზაინერი აიძულა, რომ მოღვაწეობა საზღვარგარეთ დაეწყო. იურიდიულ ფაკულტეტს თავი გაანება და გადავიდა მოსკოვში, სადაც დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პირველ კოლექციაზე საუბარი არ უყვარს. მეგობრის რჩევით 200-მდე შექმნილი ტანსაცმლის მოდელების ჩვენება 40 წუთი გაგრძელდა. დიზაინერი გვიან მიხვდა, რომ შეცდა. ქრონომეტრაჟმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დიზაინერის კარიერული პაუზა მოყვა. წლების მერე ქართველი მოცეკვავეებით ინსპირირებულმა კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. კოლექციაში გამოყენებული აქსესუარები დღემდე იწვევს საზოგადოების აღფრთოვანებას.
- რას ნიშნავს ალექსანდრე არუთინოვისთვის დეფინიცია მოდა ?
- მოდა ჩემთვის ცხოვრების სტილია. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, ავად გავხდები.
- სად ვეძებოთ შენი ისნპირაცია ანუ ვინ არის შენი შთაგონების წყარო ?
- დედა ჩემთვის ყოველთვის სტილის ეტალონი იყო. მახსოვს, როგორ იცვამდა, როცა თეატრში მივდიოდით. დედაჩემისგან ხშირად იღებდნენ მაგალითს.
- როგორია შენი პირადი ჩაცმის სტილი ?
- ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან განსხვავებულია. ყველაფერს ვყიდულობ და ერთმანეთს ვუხამებ. თუმცა, სპორტულ სტილში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- რით გამოირჩევა შენი ბრენდი?
- მაღალი ხარისხითა და ხელწერით. როცა ადამიანი ქუჩაში მოდის უკვე ადვილად მისახვედრია, ვისი სამოსი აცვია. დღეს მოდის სფეროში ყველა ერთმანეთს ჰგავს. ჩემი ბრენდი შესაძლოა, იყოს ტრენდული, მაგრამ მხოლოდ რაიმე ფერისა და სხვადასხვა აქსესუარების შეხამებით. არ მომწონს, როცა მოდას ყვებიან და ერთმანეთს ბაძავენ. ვფიქრობ, ყველამ თავისი უნდა გააკეთოს.
- დღეს ძალიან გავრცელებულია ძლიერი ქალის თემატიკა, რაც თითქოს მოსაბეზრებელი გახდა. როგორია შენი ქალი?
- ჩემმა ქალმა ცხოვრებაში ყველაფერი ნახა. მისი გარდერობი სავსეა მსოფლიო ბრენდებით, თუმცა რაღაც სიახლე უნდა და ჩემ ჩანთას ირჩევს. ჩემი ჩანთის ფასი, იგივეა რაც Céline.
- რამდენად დიდია კონკურენცია მოსკოვის ბაზარზე ?
- მოსკოვში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდები, ამიტომ კონკურენცია ძალიან მაღალია. მოსკოვი არ არის თბილისი. ისეთი სამოსი უნდა შექმნა, რომ მომხმარებლებს დიდ სავაჭრო ცენტრში შესვლა არ მოუნდეს.
- არ გიფიქრიათ ლოკაციის შეცვლაზე ?
- მოსკოვში მაქსიმუმ კიდევ წელიწადნახევარი გავჩერდე, რადგან ჩემთვის იქ ყოფნა საინტერესო აღარ არის .
- ქართველ დიზაინერებზე რას ფიქრობთ ?
- ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. გამოვარჩევდი თამუნა ინგოროყვას, რომელსაც აქვს თავისი ხედვა, სტილი და ხარისხი. არიან სხვა ახალგაზრდა დიზაინერებიც, თუმცა არ აქვთ ხარისხი და კოლექციები ერთმანეთს ჰგავს. დღეს აღარ არის მნიშვნელოვანი იყო ტრენდული , მთავარია, გქონდეს შენი ხელწერა. გარდა ამისა, არ შეიძლება, კოლექცია ჩვენებამდე ერთი თვით ადრე იკერებოდეს. ამ ეტაპზე ქართველი დიზაინერებისდამი ინტერესი მხოლოდ დაბალ ფასს უკავშირდება. სხვა მხრივ, ცხადია მიხარია, რომ თბილისში ეს ყველაფერი ხდება, რადგან აქ დავიბადე.
- ვინ არიან ის ვარსკვლავები, რომლებიც თქვენ სამოსს ირგებენ ?
- პირველად ლედი გაგამ მოირგო ჩემი სათვალეები, რის შემდეგაც მომცა ორი კაბის შეკვეთა ტონი ბენეტთან ნიუ-იორკში გამართული კონცერტისთვის. გარდა ამისა , სევდალიზა, ჰაიდი კლუმი, ჯეისი ჯი და ა.შ
- სამომავლოდ რას აპირებთ და მოსკოვის გარდა, სხვა ქვეყნის მოდის კვირეულზე თუ გიხილავთ?
- სამომავლოდ სად ვიქნები არც ვიცი, მაგრამ , როგორც აღვნიშნე მოსკოვში ცოტა ხანს გავჩერდები.
და მართლაც, სად იქნება მომავალში დიზაინერი ეს მხოლოდ ამ ყვითელმა სამგზავრო ჩანთამ იცის , დღესდღეობით კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ალექსნდრე არუთინოვი, ის სახელია, რომელიც მალე მსოფლიოს გააცნობს თავს...
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო ზაქარია ჭელიძე




Comments
Post a Comment