"INTER-ვიუ INTER-იერში" - ლალი და ნიტა.



    მყუდრო და კომფორტული სახლი, დახვეწილი ინტერიერითა თუ ექსტერიერით - აი ყველა ქალბატონის, განსაკუთრებით, დიასახლისების ოცნება. მე კი ამ მომენტიდან მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩემ ბლოგს ინტერიერის ახალი რუბრიკა : „"Inter-ვიუ inter-იერში" დაემატა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემ პარტნიორ კომპანია „ბელჰაუსს“, რომელიც საქართველოში ბელორუსიული, იტალიური, პოლონური და უკრაინული ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის იმპორტიორია. 


 დღევანდელი ჩემი სტუმრები კი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მოდელი, ლალი ტოტიკაშვილი და მისი ქალიშვილი, ნიტა არიან. 
 სამოდელო სფეროში ლალი 16 წლიდან მოღვაწეობს. სწორედ ამ ასაკში მეგობრის რჩევით ერთ-ერთ სამოდელო სტუდიაში მივიდა და მას მერე პოდიუმი მისი საქმის განუყოფელ ნაწილად იქცა. პოდიუმს გათხოვების შემდეგ გამოემშვიდობა, თუმცა ამ ფაქტს მისთვის დანაკლისი არ მიუყენებია. დღესდღეობით, ლალი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფოტო-გადაღებებში. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ მეგობრებთან ერთად დაარსა ბრენდი "l.l.s.i", რომელიც ნაქსოვი კარდიგანების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.


- დღეს პატარა ნიტაც ჩვენთან ერთადაა. როგორი ურთიერთობა გაქვს შვილებთან ? 

- საბა 13 წლისაა, ნიტა 9-ის. შვილებთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ვთვლი, რომ მკაცრი დედა არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იციან, თუ რა შეიძლება და რა არა - გარკვეული სახის შეზღუდვები მაინც, აქვთ, მაგრამ ძირითადად ერთმანეთის გვესმის და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. 

- როგორი სახლი გაქვს ?

- იმ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ორი წლის წინ გადავედით. ძალიან მიყვარს ღია და ნათელი ფერები ამიტომ ჭარბობს თეთრი და სპილოს ძვლის ფერი.


- კომფორტი უფრო გიყვარს თუ სილამაზე ?

- ორივე ერთნაირად. სახლი არის ის ადგილი, სადაც უნდა დაისვენო. კომფორტიც უნდა გქონდეს და ლამაზი ინტერიერიც. 

- საწოლი თუ სავარძელი ? 

- სავარძელი. ორივე სხვადასხვა ფუნქცია აქვს. სავარძელზე ტელევიზორის წინ ყოფნა მიყვარს.




- როგორია ლალი სამზარეულოში ?

- მიყვარს უცხო და ახალი კერძების მომზადება. ბავშვებს გამორჩეულად ჩემი გაკეთებული პიცა და სალათები უყვართ. 

- ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სახლის დიზაინში ერთი დეტალის შეცვლაც კი მოქმედებს განწყობაზე. რამდენად ხშირად ანახლებ ინტერიერს ? 

- ამ ეტაპზე ჩემი სახლის დიზაინი მაკმაყოფილებს, რადგან სრულიად ახალია. ჯერ არ გამჩენია სურვილი, რომ შემეცვალა, თუმცა სიახლეები და ცვლილებები მიყვარს. ხშირად ვამატებ სხვადასხვა აქსესუარებს. 


- თქვენი დილა როგორია. გაქვთ თუ არა მაგიდასთან ერთად საუზმობის ტრადიცია ?

- ვერ ვახერხებთ, რადგან ორივეს სკოლა სხვადასხვა დროს ეწყებათ. სამაგიეროდ, საღამოს ვვახშმობთ ყველა ერთად. 

- სახლში ყოფნის დროს როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას ?

- სპორტული. ჩემი ყოველდღიური სტილი არის ჯინსები, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, ღონისძიებებზე „დრეს-კოდს“ მუდმივად ვიცავ. 



- თავის მოვლის საიდუმლო გაქვს ? რამდენად იცავ დიეტას ?

- დიეტას არ ვიცავ. თავის მოვლის განსაკუთრებული საშუალებებიც არ მაქვს. ერთადერთი ვვარიჯიშობ და მუდმივად ფორმაში ვარ. 

-  რით განსხავავდებიან თანამედროვე მოდელები თქვენი თაობის მოდელებისგან ?

- მაშინ შედარებით ცოტა ვიყავით. დღეს ძალიან ბევრი სააგენტო და შესაბამისად უამრავი გოგონაა. დიზაინერებს უფრო დიდი არჩევანი აქვთ. ადრე თავად ვიკეთებდით თმას, მაკიაჟს. ხშირად გამოვსულვართ ჩვენი ფეხსაცმლით. თან, სულ რამდენიმე კარგი მოდის ფოტოგრაფი იყო. დღეს გოგონებს ეს კომფორტი ნამდვილად აქვთ.

- და ბოლოს, როგორია შენი საოცნებო სახლი ?

მიყვარს თანამედროვე და კლასიკური სტილის სინთეზი. მომწონს სადა ოთახები , მინიმალისტური ავეჯით - ჩემი საოცნებო სახლიც ასეთია. 

ტექსტი გიგა უჩუვატოვი 
ფოტოგრაფი ანრი შარაშენიძე
მაკიაჟი Lina make-up room 
ლოკაცია "ბელჰაუსს" , ცინცაძის ქ.14 


Comments