Nikolo Brega - ქართველი დიზაინერი, რომლის სათვალეებიც კაილი ჯენერმა მოირგო.

  
  დღეს თითქოს აღარავის უკვირს , როცა მსოფლიო დონის გავლენიანი ადამიანები ქართველი დიზაინერების აქსესუარებსა თუ სამოსს ირგებენ,თუმცა გაიხენეთ, ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ, როგორი ოვაციებით ვხვდებოდით თითოეულ მსგავს შემთხვევას. ყველაფერი თბილისის „მერსედეს-ბენცის“ მოდის კვირეულის წყალობით მოხდა და დღეს საკვირველი უფრო ის არის, როცა მასშტაბურ წარმატებას დამოუკიდებლად, კვირეულის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერები აღწევენ.
 ერთ-ერთი ასეთი ნათელი მაგალითია ნიკოლოზ ბრეგაძე ბრენდის „Nikolo Brega"-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. კვირეულზე მონაწილეობა ჯერ არ მიუღია, თუმცა მისი სათვალე კარდაშიან-ჯენერების კლანის წარმომადგენელმა , კაილიმ უკვე მოირგო. ვფიქრობ, ერთი ორ ქართველ დიზაინერს საინტერესო კონკურენტი გამოუჩნდა, თუმცა ნაადრევი დასკვნებისგან თავს შევიკავებ და ჯერ მხოლოდ ნიკოლოზის მკითხველისადმი გაცნობას დავჯერდები.


- ვინ ხარ პროფესიით და როდის გაგიჩნდა სათვალეების ბრენდის გაკეთების იდეა ?

-  ზოგადად, პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ ალბათ, არასდროს არ ვიმუშავებ ამ პროფესიით. ასევე, შესწავლილი მაქვს ფსიქოლოგიის კურსი. ბავშვობიდან შემოქმედებითი ვიყავი. პირველი სათვალე ჩემთვის შევქმენი, უნივერსიტეტში გავიკეთე და ყველას მოეწონა. ხალხის დაინტერესებამ გადამაწყვეტინა, რომ სათვალის შექმნის ტექნოლოგია უფრო დამეხვეწა.




- როგორი ტექნოლოგოებით მუშაობდი თავიდან და რა დახვეწე დროთა განმავლობაში ?

- ნელ-ნელა ხარისხი და დიზაინი დაიხვეწა. თავიდან სათვალეს სტანდარტული ფორმა ჰქონდა. დღეს, თუ სათვალეს გამორჩეული დიზაინი არ აქვს, არავის არ სჭირდება, შესაბამისად, არ გაიყიდება. სათვალეები მზადდება, ხის, ტყავისა და ვერცხლისგან.

- ბუნებრივ ტყავზე მუშაობამ შეიძლება კრიტიკა გამოიწვიოს. ამაზე რას ფიქრობ ?

- ტყავს მინიმალური რაოდენობით ვიყენებ. შეიძლება, ერთი კვადრატი ერთი წელიც მეყოს.



- შენი აზრით, როდის ჩამოყალიბდი , როგორც წარმატებული ბრენდი?

- ორი წელია, რაც ვმუშაობ და რეალურად, ძალიან მალე აითვისა ქართველმა მომხმარებელმა. თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც დიდ სტიმულს მაძლევს. ჩემი მიზანია, რომ ბევრი გაიყიდოს. შეიძლება, ღამე გამეღვიძოს და რაიმე ჩანახატი გავაკეთო.



- მოდა გაინტერესებს და თვლი თუ არა თავს დიზაინერად?

- სიმართლე რომ გითხრა, დიდად არც მანამდე არ მაინტერესებდა და არც ახლა. მე უფრო მეტად აქსესუარების დიზაინერი ვარ, ვიდრე ტანსაცმლის. ამ ყველაფერს კომერციული თვალსაზრისით ვუყურებ, თუმცა ძალიან მიყვარს თითოეული ჩემი სათვალე.

- ვინ შეიძლება, მოირგოს შენი სათვალე? 

- ვინც არ უნდა მორგოს, იქნება ეს პარლამენტარი , ქლაბერი  თუ დიზაინერი, ყველას პერსონას ხაზს გაუსვამს.


- რა გამოხმაურება მოჰყვა, კაილის მიერ შენი სათვალეები მორგების ფატქს ?

- იმ ფოტოს 5 მილიონი მოწონება აქვს. აქტიურად გაჟღერდა ეს ფაქტი, ამერიკულ ტელე- არხებზეც, წერდნენ უცხოელი ბლოგერები. მას შემდეგ სათვალეები რამდენჯერმე დაიბეჭდა ჟურნალებში Elle და Vogue.



- მოდის კვირეულზე არ მონაწილეობ, მაგრამ მაინც , წარმატებული ხარ. როგორ გაგიმართლა ესე და სამომავლოდ თუ გამოხვალ კვირეულზე? 

- მე მარტო ვმუშაობ, გუნდის გარეშე. ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ. მოდის კვირეულზე გასვლაზე, შარშან ვიფიქრე, ჩემი დეიდაშვილის, შოთიკო ბოჭორიშვილის რჩევით, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე. შეიძლება, მომავალში ვიფიქრო ამაზე.






Comments