ექსკლუზივი : ინტერვიუ სერიალ "ციხიდან გაქცევის" მონაწილე დომენიკ პარსელთან.
სანამ ინტერვიუზე გადავიდოდეთ უკეთ გავეცნოთ მის კარიერულ და პირად ცხოვრებას. დომენიკი ბრიტანეთში დაიბადა, ბაბუა ნორვეგიელია. სწორედ ნორვეგიულმა ფესვებმა განაპირობა მისი მეორე სახელიც Haakon Myrtvedt ,ბებია ირლანდიელია, თუმცა ამერიკაში ცხოვრობდა. მსახიობობა ფილმ "Platoon"- ის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. სწავლობდა ავსტრალიის ახალგაზრდულ თეატრში «ATPY». მოგვიანებით ჩააბარა "Western Australian Academy of Permforming Arts" - ში , სადაც დაუმეგობრდა მსახიობ ჰიუ ჯეკმანს და ასევე, გაიცნო მისი მომავალი მეუღლე რებეკა.
2000 წელს პარსელმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და რებეკასთან ერთად "ლაგუნა-ბიჩზე" გადავიდა. ოჯახს ოთხი შვილი ჯოზეფი, ოდრი და ტყუპები, ლილი და ავგუსტუსი შეეძინათ. 2011 წელს დომენიკმა არტისტ ანნა-ლინ მაკკორდთან დაიწყო შეხვედრა , თუმცა წყვილი 2014 წელს დაშორდა, 2016 წელს ურთიერთობა აღადგინა და 2018 წელს კვლავ დაშორდა.
რაც შეეხება მის კარიერას, ეკრანზე მისი პირველი გამოჩენა ჯერ კიდევ 90-იანებში ავსტრალიურ საპნის ოპერას "Home and Away"-ს უკავშირდება. ამერიკაში გადასვლის შემდეგ, მონაწილეობდა ჰოლივუდის ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "Mission: Impossible II " და "Equilibrium".
2005 წელს მიიღო როლი სერიალში "ციხიდან გაქცევა". ეს ფაქტი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მსახიობი როლზე პილოტის ჩაწერამდე სამი დღით ადრე დაამტკიცეს.
- რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში?
- დრო. მსახიობებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: ფულს ვიღებთ ლოდინში. ყველაზე რთულია ტრაილერში ჯდომა და ლოდინი. როდესაც გადაღება იწყება ბედნიერი ვარ.
- როგორია მსახიობის გრაფიკი ჰოლივუდში?
-12-14 საათი დღეში. მთელი ეს დრო აუცილებელია, რომ ფხიზლად იყო, დალევა გამორიცხულია.
- შეგიძლიათ, მოგვიყვეთ უშუალოდ გადაღების პროცესზე?
- სანამ დავიწყებთ გადაღებას მსახიობები ერთად ვიკრიბებით და თავიდან ბოლომდე განვიხილავთ ჩვენს ტექსტებს. როდესაც დავალაგებთ მთელ სიუჟეტს, უკვე ოპერატორები მოდიან და აკვირდებიან რა მოვამზადეთ, შემდეგ გვინიშნავენ ადგილებს, ვინ სად უნდა იდგეს და როგორ მოიქცეს. ამის შემდეგ უკვე იწყება გადაღება.
- გააჩნია როლს, მაგალითად სერიალში „JOHN DOE” ვთამაშობდი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ადამიანს, ვინც ყველაფერი იცოდა. ასე რომ, მიწევდა ძალიან, ძალიან გრძელი დიალოგების დამახსოვრება. ამის მერე მივიღე გააზრებული გადაწყვეტილება, რომ აღარასდროს მიმეღო ასეთ შოუში მონაწილეობა, აღარ მინდოდა, ისეთი განმესახიერებინა ისეთი პერსონაჟი, რომელიც ბევრს საუბრობს. მე ვფიქრობ, ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, გაცილებით უფრო საინტერესოა პერსონაჟი, რომელიც ნაკლებს საუბრობს, მსახიობს ვიზუალურად უნდა შეეძლოს სათქმელის გადმოცემა.
- გაქვთ სცენარის დამახსოვრების რაიმე მეთოდი?
- არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ დავჯდები სავარძელზე ან საწოლზე, ავიღებ ტექსტს და ვსწავლობ. არავინ არ მეხმარება, მირჩევნია, მარტო გავუმკლავდე ამ საქმეს.
- რა ურთიერთობა გაქვთ ვენტვორტ მილერთან? მეგობრობთ თუ არა?
- ჩვენ უფრო მეტნი ვართ ვიდრე უბრალოდ მეგობრები, ის ჩემთვის ნამდვილ ძმად იქცა. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ასევე ვუვლით კიდეც ერთმანეთს.
- იცით, საინტერესოა, რომ ამდენი წლის მანძილზე, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ერთხელაც არ ვყოფილვართ ერთად სადმე სასადილოდ. ვენტვორტი, ისევე როგორც მე, არის ძალიან ასოციალური ადამიანი. ჩვენ ერთმანეთს ხშირად არ ვნახულობთ, მაგრამ როცა გადაღებაზე ვხვდებით, ნამდვილი ძმებივით ვართ და არ არის აუცილებელი ძმები ყოველდღე ხვდებოდნენ. ჩვენ ძირითადად ელ.ფოსტით ან ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს.
- კითხვა, რომელზე პასუხიც ალბათ, ყველაზე მეტად მაინტერესებს. რამდენად შესაძლებელია ჰოლივუდში დამწყებმა მსახიობმა აიხდინოს ოცნება და გახდეს ვარსკვლავი?
- ეს არარეალურია. ჰოლივუდში 98% მსახიობების უმუშევარია. უამრავი ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის ჰოლივუდში, რათა გახდნენ კინო-ვარსკვლავები, ან იშოვონ საცხოვრებლად საჭირო ფული. თუმცა, მხოლოდ ერთი ან ორი მათგანი თუ შეძლებს რაიმეს მიღწევას.
- რამდენად არის წარმატება დამოკიდებული ადამიანის შესაძლებლობებზე, თუ გამართლებას უფრო დიდი მნიშნელობა აქვს?
- ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა: ნიჭს, სწორ წარდგენას, სწორ აგენტს და კიდევ ძალიან ბევრ რამეს. მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც დავამთავრე დრამის სკოლა ერთი წუთითაც არ გავჩერებულვარ, სულ მიწევდა მუშაობა.
- ხალხი, პირველრიგში, ხალხი. მათგან იგრძნობა ძალიან კარგი განწყობა. ქართული სამზარეულო შესანიშნავია. ქალაქში ხალხი ძალიან კეთილია. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი სტუმარ-მასპინძლობით და ძალიან მომწონს ის თუ როგორ ცხოვრობენ ქართველები: ისინი სვამენ და მიირთმევენ ბევრს და არც დარდობენ, და ასეა სულ,შეუჩერებლად.
- რით განსხვავდება ცხოვრების სტილი თბილისში ჰოლივუდისგან?
- ჰოლივუდში ყველაფერი გადატვირთულია, ამიტომაც ეძახიან მას "ბეტონის ჯუნგლებს". არ მომწონს ჰოლივუდი და ამიტომაც არ ვცხოვრობ იქ. საკმაოდ შორს ვცხოვრობ ჰოლივუდიდან, სანაპიროზე, სადაც ხშირად ვერთობი სერფინგით. ვცდილობ, ამ ინდუსტრიისგან შორს ვიცხოვრო. საშინელებაა ჰოლივუდში, იღვიძებ და ირგვლივ სულ მსახიობები არიან. მე ეს არ მინდა, მე ძალიან ცოტა მსახიობი მეგობარი მყავს.
- გააჩნია ხასიათს, ხანდახან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ხანდახან კი მირჩევნია სახლში ვიყო. თუმცა, ყველაზე მეტ სიამოვნებას სერფინგი მანიჭებს.
- როგორი რეაქცია აქვთ ადამიანებს თქვენი დანახვისას და რამდენად რთულია, იყო მსოფლიო ვარსკვლავი?
- ვიცი, ჰოლივუდში რომ გავიარო, აუცილებლად პაპარაცები გადამიღებენ, თუმცა თქვენ ვერ ნახავთ ჩემს სურათებს ჟურნალებში, რადგან მე იქ არ ვსეირნობ. ვცდილობ, გავერიდო იქაურობას. რაც შეეხება ჩემს ქალაქს, იქ დიდად აღარ მაქცევენ ყურადღებას, რადგან უკვე შეეჩვივნენ ჩემს იქ ყოფნას. მე ვფიქრობ, ხალხი, ვინც ცხოვრობს კალიფორნიაში, იმდენად შეჩვეულია მსახიობების ნახვას, რომ მათთვის ეს უკვე ყოველდღიურობაა, მაგრამ როდესაც ჩამოდიხარ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ევროპული თუ აზიური ქვეყანა, ხარ მუდამ ყურადღების ცენტრში. ხანდახან ეს მომაბეზრებელიცაა.
Interviewed by Giga Uchuvatov
Photocredit Zaqaria Chelidze
© მასალის გამოყენების პირობები !
ინტერვიუს ან ფოტომასალის გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი.











Comments
Post a Comment