14 კითხვა ნინა სუბლატს.


- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე მძაფრი მუსიკალური მოგონება ? 

- ყველაზე მძაფრად მახსოვს ჩემი მშობლების სახლში მუსიკალური ოთახი; მონიტორების წინ მრგვალი ხალიჩა, რომელსაც როგორც სცენას ისე აღვიქვამდი. ყოველ დღე სხვა და სხვა ლუქებს ვარჩევდი, ვდგებოდი "სცენაზე", ვიღებდი თმის ფენის სავარცხელს, რომელიც რაღაცით მიკროფონს გავდა და მთელი დღის განმავლობაში პერფორმანსებს ვაწყობდი.

- როგორი იყო თინეიჯერი ნინა და რას ეტყოდი მას ახლა ? 

- Rebel. მგონია, რომ ჩემი თინობა იმდენად იყო სავსე აკრძალული თავგადასავლებით, ახალი ინფორმაციით, უცნაური ადამიანებით, საინტერესო მოვლენებით, გამოწვევებით და უსაზღვრო თავდაჯერებულობით, რომ სათქმელი უბრალოდ არაფერი მაქვს.

- რა გაძლევდა მოტივაციას რთულ მომენტებში? 

- ჩემთვის არ არსებობს რთული მომენტები, - არსებობს გამოწვევები, რომლებისთვისაც ან მაქვს ენერგია და უბრალოდ ვაკეთებ, ყველანაირი მოტივაციის გარეშე, ან არ მაქვს ენერგია და სურვილი და უბრალოდ არ ვაკეთებ. მოტივაციის დიდად არც მჯერა, ჩემზე წუთობრივი გავლენა აქვს. მთავარია შინაგანი მუხტი გქონდეს, ანთებული იყო რაღაც იდეით და ყველანაირი ხელშეწყობის გარეშეც კი ნებისმიერ სიტუაციას შეცვლი.

- როგორ შეიქმნა ნინა სუბლატი, როგორც პერსონა ? 

ზოგადად მუსიკალურ სამყაროში ვფიქრობ იმის გამო აღმოვჩნდი, რომ ბევრი გამოუთქმელი ემოცია და თავგადასავალი მქონდა, რომელსაც რაღაც სპეციფიკური მიმართულება სჭირდებოდა რომ გამოხატულიყო; არის რაღაცეები, რასაც უბრალო სიტყვებით ვერ ამბობ, გარესამყაროში ვერ აზიარებ და ვერ ხარჯავ იმ ენერგიას, რომელიც შენში გაქვს.- ეს დროთა განმავლობაში როგორც ადამიანს გთრგუნავს. ჩემთვის ყოველი დღე რაღაც ახლის გამოხატვის შესაძლებლობა იყო და ისე გამოვიდა, რომ მუსიკაშე ყველაზე მეტი თავისუფლება ვიგრძენი და ინტუიციურად გავყევი.



- ევროვიზიაზე კოსტუმი თავად შექმენი, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოყვა. ეს იყო ორგანული ნაბიჯი თუ პიარ გათვლა ? 

- საზოგადოების კრიტიკა არ მახსენდა, თუ ხუთიოდე მოცლილს არ ჩავთვლით.
როდესაც პერფორმანსს ვამზადებ, ყოველთვის მაქვს ჩემი შეხედულება, წარმოდგენა თუ რა და როგორ მინდა რომ იყოს.  ევროვიზიის შემთხვევაშიც, მთლიანად ვიყავი ჩართული იმ ყველაფერში, რაც საბოლოოდ ეკრანებზე ნახეთ და მოისმინეთ, მათ შორის კოსტუმის შექმნაშიც. კოსტუმის სხვა ვერსიებიც იყო, სხვა და სხვა დიზაინერების ესკიზებიც, მაგრამ საბოლოოდ თვითონ დავხატე, ნაჭერი ვიყიდე და ქეთი ჩხიკვაძეს მივუტანე შესაკერად. მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.


- როდის ყალიბდება შენი ჩაცმის სტილი, რის მიხედვით არჩევ სამოსს და რა ჭარბობს შენს გარდერობში? 

- ზოგადად ჩაცმაზე გადაჭედილი არ მაქვს და ჩემს გარდერობშიც ძირითადად სადა ტანსაცმელია: ლეგინსები, ჯინსები, არაფრის მთქმელი მაისურები, მარტენსები...
მგონია რომ სამოსი შენზე იმაზე მეტს არ უნდა ამბობდეს, ვიდრე შენ საკუთარ თავზე, ამიტომ განწყობის მიხედვით მხოლოდ ფერს ვარჩევ ხოლმე, განსაკუთრებული არაფერი.


- როგორ ურთიერთობა გაქვს გიორგი ქებურიასთან ?

თუ გადავხედავთ ვისი სამოსი მეცვა ყველაზე მეტჯერ, გამოდის რომ შესანიშნავი. პირველად იმის განცდა, რომ სხვისი შექმნილი სამოსით რაღაც ჩემსაც გამოვხატავდი სწორედ გიორგი ქებურიას ვარდისფერ კაბაში მქონდა. მიყვარს და მომწონს როგორც შემოქმედი და ზოგადად როგორც ადამიანი.


- რამდენად ამართლებ შენს ზოდიაქოს ნიშანს ?

- უმერწყულესი მერწყული ვარ

 - რა არის მუსიკა ?

- მუსიკა ჩემთვის არის ოკეანე.

 - რატომ აღარ ჩანხარ ეკრანზე ? 

- ვერ ვიტყოდი რომ არ ვჩანვარ. მედიასთან ყოველთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში ვურთიერთობ, როცა რაღაც ახალი ნამუშევარი მაქვს და მინდა პრომოუშენი გავაკეთო. 

 - ამ ეტაპზე კონკრეტულ სიმღერაზე თუ მუშაობ ? 

- ამ ეტაპზე ბევრ სიმღერაზე ერთად ვმუშაობ. რაღაც პერიოდი საერთოდ არ ვაკეთებდი მუსიკას. მერე დავუბრუნდი და ახალი ჟღერადობის პოვნას შევუდექი; ამ ეტაპზე მგონია რომ ვიპოვე და მოკლე პერიოდში ახალ რელიზსაც ვგეგმავ.

 - მითხარი, რაიმე ისეთი, რაც ჯერ არავინ არ იცის... 

- ბანკის ვალი არ მაქვს

- რას შეცვლიდი ქართულ რეალობაში ? 

- პირველ რიგში, რა თქმა უნდა განათლების სისტემას. ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემები გაუნათლებლობითაა გამოწვეული და ზუსტად იგივე მიზეზით ვერ გვარდება. 

-  როგორ უდგები სტერეოტიპებს ?

- სტერეოტიპები არ არსებობს.



Photography LEVANOLO
Mua Beauty Zone/ Keso Arakhamia
Style Giga Uchuvatov
Dress Bessarion
Hat By Ananana

Comments