ახალი Beauty ვლოგერი ქართულ სოციალურ სივრცეში.


"  ა ცოტა რამის თქმა შეიძლება ქალზე, როცა ბედნიერია და რა ბევრის როცა უბედურია " - ამას რემარკი ამბობდა. როცა შესავალ სიტყვაზე ფიქრი დავიწყე ეს ციტატა გონებაში თავისდაუნებურად ამომიტივტივდა. დღევანდელ ჩემს სტუმარს თითოეულ ნაკვთზე, მიმოხვრაზე და ნათქვამ სიტყვაზე ეტყობა რაოდენ ბედნიერია. მუდამ მზად არის სიცილისა და ხუმრობისთვის. ნახევრად მოჭუტული ქუთუთოდან ზღვისფერი თვალები მუდამ კეთილად უელავს. მისი გარეგნობა ძლიერ მოგაგონებთ ელეგანტურ ქალებს 20-იანებიდან, ამიტომ ფოტოსესიაც ვინტაჟური გამოგვივიდა.შესანიშნავად მღერის და კარგი მსახიობია. ერთი სიტყვით, ჩემი სტუმარია ბაბი კირკიტაძე, რომელსაც ჩვენთვის კარგი სიახლეები აქვს.


- როგორ დაიწყე შენი კარიერული მოღვაწეობა ? კონკრეტულად რომ გაიხსენო შენი პირველი ნაბიჯები.

- ოცდამეერთე საუკუნეში სოციალური ქსელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა საკითხებში. რამდენიმე წლის წინ "Facebook"-ზე პოსტების თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ "ქასთინგი" იყო ტელევიზიაში. ეძებდნენ 18-დან 25 წლამდე გოგონებს, რომლებსაც ცოტაოდენი მუსიკალური და სამსახიობო ნიჭი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მორიდებული ბავშვი ვიყავი, მაინც, ვცადე. ქასთინგზე უამრავი გოგო დამხვდა, დედაჩემთან ერთად მივედი და ამაზე დღემდე ეცინებათ. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა 300 გოგონად მე ამარჩიეს.


- ამ პირველმა ნაბიჯებმა რა მოგიტანეს?

- ზოგადად ძალიან შრომისმოყვარე ვარ. თან, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს და მაქსიმალურად იხარჯები შედეგიც არ აყოვნებს. 

- რომელია შენი ყველაზე პოპულარული სიმღერა სოციალურ ქსელში ?

- 3 მილიონამდე ნახვა აქვს ჩემსა და პიკასოს დუეტს. სიმღერა “ხელი მომკიდე რა" "რეზო და ბავშვების" წევრმა უნიჭიერესმა ბიჭებმა დამიწერეს. შარშან ბათუმში "ქუჩის ბიჭების" კონცერტს ვესწრებოდი. პიკასომ სცენაზე ამიყვანა და ერთად შევასრულეთ. გაოცებული ვიყავი, რადგან მსმენელი აგვყვა და ერთი სიტყვა არ შეეშალათ, ისე იმღერეს ჩვენთან ერთად. ამ სიმღერისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა რეზიკოს. 


- როდესმე თუ წარმოიდგენდი, რომ დიდ სცენაზე იდგებოდი და ათასობით ადამიანთან ერთად იმღერებდი ?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ სცენაზე დგომაზე და ამიტომ, ეს ყველაფერი ბუნებრივად მივიღე. პუბლიკის სიყვარულს ვაფასებ.

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერიდებათ ხოლმე, მაგრამ ეცადე მიპასუხო. შენი აზრით, რა მოსწონთ შენში ადამიანებს ? 

- მეც ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, რადგან ის თუ რის გამო მოწონხარ ხალხს მნიშვნელოვანია. ყველაზე ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი დანახვისას პოზიტივით ივსებიან. მეც ვცდილობ ,რომ ჩემმა გამოჩენამ ადამიანებს ბედნიერება მიანიჭოს.


- ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილას ერთად მუშაობ, უკვე დროის მენეჯმენტი გჭირდება. რაიმე სიახლე კიდევ ხომ არ გაქვს საქმის კუთხით?

- ამ ამბავს არ ვახმაურებთ, მაგრამ გეტყვი ,რომ ახალ მუსიკალურ პროექტზე ვმუშაობ და მალე ახალი მუსიკალური ბენდიც შეიქმნება. რაც შეეხება სატელევიზიო სივრცეს , POST TV-ზე ახალი ვლოგი გავაკეთე. ვსაუბრობთ ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის სილამაზესა და მედიცინაზე. რამდენიმე ვიდეო უკვე ჩავწერეთ და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უმრავლესობა ქალებისგან.

- სილამაზეში ცხადია, თავის მოვლა იგულისხმება. თავად როგორ უვლი თავს ?

- სიმართლე გითხრათ, თავის მოვლა ჩემთვის დღის ბოლოს მაკიაჟის მოცილებასთან ასოცირდებოდა. ახლა უამრავი სასარგებლო რამ აღმოვაჩინე და გულწრფელად ვუზიარებ გოგოებს, რომლებსაც აინტერესებთ თავის მოვლის საკითხები, განსაკუთრებით მათ, ვინც ყოველდღიურად მაკიაჟს იყენებს. გამოვიძიე ყველაფერი, სად რა კეთდება კანის ელესტიურობის და ესთეტიური სილამაზის შესანარჩუნებლად.


- ყველაზე ხშირად სად შოპინგობ ?

- როცა ჩემს გარდერობს გამოაღებ მიხვდები, რომ მხოლოდ საკონცერტო კაბებია. ყველაფერი ბრჭყვიალებს. არც საქართველოში არ ვშოპინგობ, არც საზღვარგარეთ, მყავს ძალიან კარგი ბიძაშვილები, რომლებიც მიგზავნიან კაბებს. 

- სცენას რომ თავი დავანებოთ, ცხადია, ყოველდღიური სამოსის შეძენა მაინც გიწევს ?!

- რა თქმა უნდა, ყოველდღიურ სამოსს თბილისში ვყიდულობ. ჩემს გარდერობში ქართველ დიზაინერებსაც შეხვდები. ძალიან მიყვარს ლაშა ჯოხაძე, რადგან უნიჭიერესი ბიჭია. შეხვდებით, ასევე "ავთანდილს". მოკლედ ვგულშემატკივრობ ქართველ დიზაინერებს და გარდა ამისა, ხშირად ვსტუმრობ „Outlet"-ებსაც.


- თუ იპოვე შენი სტილი და რამდენად დასამახსოვრებელს გხდის  ?

- სტილი იმდენად არა, რამდენადაც იმიჯი. წითური თმა ყველას ამახსოვრდება. ისე კი, ბავშვობიდან ქალურად ვიცვამდი. ყოველთვის მომწონდა გამოყვანილი სამოსი და დღემდე ასეა.

- ბოლოს მინდა, გკითხო თუ რამდენად მიექცევა ბლოგზე ყურადღება მამაკაცებს ? 

- უფრო მეტად ვლოგი ქალებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ვინაიდან საუბარია თავის მოვლაზე და მედიცინაზე და ჩვენ ვიცით, რომ დღეს მამაკაცები ქალბატონებზე არანაკლებ უვლიან თავს, რა თქმა უნდა, მამაკაცებისთვისაც გვექნება საინტერესო ამბები. 

- ბაბი, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ.





Text Giga Uchuvatov
Photocredit Gogi X Photography
Mua Keso arakhamia (Beautyzone Tbilisi)
Hair Nina Basiashvili (Gogasus Beauty zone) 
Location Tifanny bar&terrace Tbilisi

Comments