თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში "ჯადოსნური ფლეიტა" დაიდგა.



  30 და 31 მარტს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა“ დაიდგა. ამ თემასთან დაკავშირებით , სპექტაკლის დაწყებამდე დამდგმელ რეჟისორს, მაია გაჩეჩილაძეს შევხვდი და გავესაუბრე.

- ქალბატონო მაია, როგორია თქვენი დამოკიდებულება საოპერო ხელოვნებისადმი და რამდენი ხანია, რაც მოღვაწეობთ როგორც საოპერო რეჟისორი და პედაგოგი ? 

- საოპერო რეჟისურაში მას შემდეგ ვმოღვაწეობ, რაც თეატრალური დავამთავრე. პროფესიით დრამის რეჟისორი ვარ. ოპერის რეჟისურის ფაკულტეტი ჩვენთან არ არსებობდა და დღემდე არ გვაქვს, თუმცა, თუ გესმის მუსიკა, უკრავ ინსტრუმენტზე და კითხულობ პარტიტურას, მაშინ შეიძლება, თან ეს საქმე უნდა გიყვარდეს.



- 2.1. თუ არ ვცდები, სპექტაკლი, რომელზეც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ პირველად კონსერვატორიაში 2002 წელს დაიდგა და მას შემდეგ   სტუდენტების მიერ სრულდება და ამავდროულად "ჯადოსნური ფლეიტა" მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და ასევე რთულად შესასრულებელი საოპერო სპექტაკლია. ხომ არ გეჩვენებათ ეს პარადოქსულად?

- ეს ოპერა ძირითადად გერმანიაში იდგმევა. "ჯადოსნური ფლეიტა" ცოტა ზღაპრულია, ცოტა სახალისოცაა , თითქოს ბავშვურ ელემენტებს შეიცავს და ამისთვის სტუდენტები უფრო მოტივირებულები არიან.  მე ვიტყოდი, რომ ეს არის სასწავლო ოპერა, ამაზე უნდა გაიზარდნონ. "ჯადოსნური ფლეიტა“ საქართველოში დაიდგა 70-იან წლებშიც, გერმანელი რეჟისორის , ვედეკინდის მიერ.


- რა იწვევს თქვენი აზრით, "ჯადოსნური ფლეიტის" ზღაპრულ, სახალისო ხასიათს ? პერსონაჟები თუ უფრო მეტად მუსიკალური დრამატურგია ?

- ალბათ, უფრო მეტად , მუსიკა. ეს არის ძლიერი , სულისშემძვრელი მუსიკა.



- ოპერაში დიდი რაოდენობით სხვადასხვა სიმბოლიკაა გამოყენებული. ხომ არ იწვევს ზოგიერთი მასონური სიმბოლო საზოგადოებაში გაღიზიანებას ?

- როგორც ვიცით და როგორც იწერებოდა „ჯადოსნური ფლეიტა„ მასონებმა შეუკვეთეს მოცარტს, თუმცა, იმასაც იძახიან, რომ წევრიც იყო. ლიბრეტოს ავტორი, შიკანედერი იყო ასევე, მასონთა პალატის წევრი. ისინი ქადაგებდნენ სინათლესა და სიკეთეს, მაგრამ მიღწევა აქამდე ცოტა სხვაგვარი გზებით ხდებოდა. ფაქტია, რომ მოცარტმა შექმნა საუკეთესო მუსიკა, უკეთეს რომ ვერ მოისმენ. დღევანდელი საზოგადოებისთვის არ მგონია, რომ ეს იყოს ნეგატიური. მსმენელი ოპერაში მოდის მოსასმენად და არ უღრმავდება დეტალებს.


- მაინტერესებს, თქვენი და სტუდენტების ურთიერთობის სპეციფიკაზეც. თუ გვყავს ამ ოპერაში დებიუტანტები და რამდენად გაართვეს მათ თქვენ მოცემულ დავალებას თავი?

- ამ სპექტაკლში ჩართულია 31 სტუდენტი. ჩამოყალიბდა ორი სრულიად სხვადასხვა შემადგენლობა. ამ სპექტაკლს ძალიან რთული დრამატურგია აქვს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებმა თავი გაართვეს. ძალიან საინტერესო შესრულება გამოვიდა და დიდი შრომაც ჩაიდო.



- თუ გაგვიმხელთ თქვენ სამომავლო გეგმებს ? როდის გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ ახალი სპექტაკლი ? თან, რომ მოვუწოდოთ ახალგაზრდობას, რომ ოპერაში იარონ.

- სტუდენტურ სპექტაკლებს ყოველთვის უფრო მეტი დამსწრე ჰყავს. კონსერვატორიას არ გვაქვს დიდი ფუფუნება. გვეთმობა ორი კვირა, მარტში და ნოემბერში, როდესაც შემოვდივართ საკონცერტო დარბაზში.
რაც შეეხება, ახალგაზრდა დამსწრეებს, ვფიქრობ, ოპერისთვის მსმენელი ჯერ უნდა მოემზადოს. ბავშვი რომ ოპერაში მოიყვანო, ჯერ უნდა დააინტერესო, მოუყვე რა ხდება სპექტაკლში და შემდეგ, უნდა მოიყვანო. ასე გაუღვივებ ინტერესს.


ტექსტი გიგა უჩუვატოვი
  • ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი

Comments