შაკო პოპიაშვილი - კინო-მხატვარი ცილინდრით.

  მ ბიჭს ერთხელ მაინც თუ მოკრავთ თვალს წარმოუდგენელია, რომ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა კიდევ ერთხელ არ შეგახსენოთ თავი. შესანიშნავი სტილის შეგრძნება. შაკოზე ფიქრისას კიდევ ერთხელ ვიაზრებ კოკო შანელის შაბლონად ქცეულ ფრაზას, “მოდა იცვლება, სტილი კი რჩება". ვფიქრობ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმის შეგრძნება და სტილი, რომელიც დასამახსოვრებელს გხდის.
  სამხედრო ჩექმა, კომფორტული სპორტული და ხანაც კლასიკური შარვლები, ტყავის ქურთუკები დიდი მხრებითა და რაც მთავარია, ცილინდრები, რომლებიც შაკოს სტილის შემადგენელი უმთარესი კომპონენტია... ერთი სიტყვით საფარისა და “ქოვ ბოის" სტილი , ვფიქრობ, მის ესთეტიურ და მგრძნობიარე ხასიათთან კონტრასტულია. იქნებ ამით შაკო რაღაცას მალავს ან იქნებ ეს უბრალოდ კომფორტულია მისი საქმიანობისთვის ? ვინ იცის ? ალბათ, დღეს კიდევ ბევრი კითხვა დაისმევა, რადგან შაკოს ამოკითხვა არც თუ ისე მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტისთვის მისაღებ იმ სიღრმეებამდე ჩავედი სადამდეც მიმიშვა. შეხვედრის ადგილი ? - ეს შეიძლება იყოს ტელევიზია, გადასაღები მოედანი, ქუჩა, ისტორიული ძეგლი, გამოფენა, პარკი, საკონცერტო დარბაზი, რესტორანი, წვეულება, და ა.შ. ნებისმიერი ადგილი მისი პროფესიისთვის მისაღები და საჭიროა. მანქანის სავარძელზე მიმოფანტული ნივთები, სცენარის მიხედვით, რეჟისორის მორიგი მოთხოვნა: " ცას ვარსკვლავები აკლია..." - შაკოც მზად არის, რომ გაიქცეს ვარსკვლავების მოსატანად. მძღოლიც მანქანას ქოქავს, შაკოს სახის შემხედვარე, თუმცა გვიან ახსენდება, რომ ამ შემთხვევაში უძლურია.ისე კი, შაკო საწადელს ყოველთვის აღწევს. რეკვიზიტის გამო უხვეწნია, დამუქრებია, უტირია, დაუჩოქებია და სასურველი მაინც,მიუღია.არ ვიცი ეს არის მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის თუ მისი პროფესიისთვის , კინომხატვრისათვის დამახასიათებელი თვისება, თუმცაღა ,არ იმჩნევს,გულის სიღრმეში გამოუსწორებელი პერფექციონისტია აუტანელი ხასიათით. მოკლედ,ჩემი საუბარი ბუნდოვანი რომ არ გახდეს გთავაზობთ ინტერვიუს შაკოსთან.


- როდის და როგორ გაჩნდა ხელოვნება შენს ცხოვრებაში ?

- პირველი შეხება ხელოვნებასთან ბავშვობასთან ასოცირდება. როცა, ორი წლის ვიყავი და მამა ჯარში იყო, მე და დედამ კი ნახატების გამოფენა დავახვედრეთ. ბაღშიც ბევრი ბავშვი ხატავდა, მაგრამ "მხატვარი შაკო" მხოლოდ მე ვიყავი. ხელოვნებამ თავად ამირჩია და მგონია, რომ ვიღაცამ მაღლიდან არჩევანის უფლება წამართვა.

- კინო-მხატვარი ხარ. რამდენად მოგწონს შენი საქმიანობა და ბედნიერი თუ ხარ ?

- კი, მომწონს. მიუხედავად იმისა,რომ სხვა სფეროშიც მოვსინჯე თავი , მივხვდი, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ბოლომდე ვიხარჯები. ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემი საქმე მღლის. ბედნიერებაა, როცა ექვსთვიანი,  არარეალურ დროში ჩატეული პროექტის შემდეგ , ხვდები, რომ ყველაფერი გამოგივიდა.

- მოდი, უფრო დავაკონკრეტოთ ვინ არის და რას აკეთებს კინო-მხატვარი ? 

-კინო-მხატვარი არის ადამიანი რომელსაც აუცილებლად მოეთხოვება კომპლექსური გემოვნება, ვინაიდან ის ქმნის ყველაფერ იმას  ფილმში, რასაც თვალი აღიქვავს. ეს არის ინტერიერი, ექსტერიერი, ნივთები, კოსტუმები,ერთი სიტყვით ყველაფერს. ამავდროულად, კარგი კინო-მხატვარი უნდა იყოს სხარტი გონების პატრონი და კარგი დროის მენეჯერი, რადგან კინოში მატორამდე დარჩენილი ყოველთვის 10 წუთია. ბევრმა არ იცის და განვმარტავ ,კინომხატვარი არის შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი. მხატვარი პროექტის დაწყების პირველი წუთიდანვე იწყებს მუშაობას. კინო-მხატვრის საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია, მას უწევს კოსტიუმებზე, პერსონაჟის იმიჯზე, ბუტაფორიაზე, რეკვიზიტებზე და სხვა ბევრ დეტალზე ფიქრი.


- თუ გახსოვს პირველი ფილმი, რომელზეც იმუშავე ? 

- პირველი ფილმი უცხოენოვანი იყო, მხატვრის ასისტენტი ვიყავი, თუმცა ფილმი არ გამოვიდა. შემდეგ იყო რეკლამები, "GDS"-ის და სხვადასხვა უცხოური სერიალები.

- ამ ეტაპზე რაზე მუშაობ ? 

- ამ ეტაპზე"პირველ არხზე" ვარ .  მხატვარი ვარ და ვმუშაობ გადაცემა " აკუსტიკაზე" . გარდა ამისა, ვმუშაობ ხოლმე არხის ისეთ დიდ პროექტებზე, როგორიცაა “ევროვიზია".

- რამდენად იყენებენ კინო-მხატვრებს კლიპებში ქართველი მომღერლები?

- საქართველოში არსებობს კინოწარმოების კომპანიები, სადაც იციან კარგი კინომხატვრის ფასი , თუმცა ქართული შოუ-ბიზნესის წევრებმა , ერთეული გამონაკლისების გარდა, საერთოდ არ იციან მისი ფუნქცია. ტრადიციისამებრ, აქ მომღერალი თავად მიდის კაბის შესაძენად, რეჟისორი ეძებს  ადგილს ,შემდეგ ირთვება კამერა და ერთობლივი ძალებით იღებენ კლიპს. რეალურად, ამ ყველაფერზე თავიდანვე მხატვარმა უნდა იმუშაოს.


- გყავს თუ არა კონკურენტები საქართველოში ? 

- ვერ ვიტყოდი, რომ კონკურენტები მყავს. საქართველოს ბაზარზე ალბათ, 10-15 კინო-მხატვარს ვიცნობ, თუმცა, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვმეგობრობ და ვერ აღვიქვავ კონკურენტებად. ხშირად, პროექტი, რომელზე მუშაობასაც ვერ ვახერხებ სხვა ქართველი კინო-მხატვრისთვის შემითავაზებია, ანალოგიურად წინადადება მათგანაც მიმიღია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით.

- როდის ჩამოყალიბდა შენი სტილი? 

- ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე იმიჯი შევქმენი და შემდეგ გავაცოცხლე. სტილი ეტაპობრივად ჩამომიყალიბდა. ზოგადად, ბუნებრივი ქსოვილები მიყვარს. თავიდან ცილინდრების ხმარება დავიწყე, შემდედ ლაბადები, პალტოები და ერთი პერიოდი ჩემი კოლექციის შექმნაზეც კი ვფიქრობდი. ჩემი სტილი პრაქტიკული და კომფორტულია ჩემს საქმიანობაში. 

- ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს ? 

- მაღიზიანებს ბუტაფორიულობის შეგრძნება, როგორც ინტერიერში, ასევე ნივთებში. სიყალბე ადამიანებშიც მაღიზიანებს. მართალია, ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს მორგებული იმიჯი, თუმცა არ იყოს ორგანული. არასდროს არ ვუსვამ ხაზს ტანსაცმლის ბრენდს. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს საკუთარი , ბუნებრივი სტილი. სტილი უნდა შეეფერებოდეს ადამიანის ცხოვრებას.


- რამდენად აფასებენ კინო-მხატვრებს ?

- კინომხატვრობა ცოტა დაუფასებელი პროფესიაა. მაგალითად, ყველამ იცის ვინ არის პაზოლინი , ვისკონტი ან ფელინი, მაგრამ არავინ იცის, რომ მათი მხატვარი ხშირად იყო დანილო დონატი.

- რაზე ოცნებობს ქართველი კინო-მხატვარი? 

 - ვოცნებობ ქართული კინოწარმოების განვითარებაზე, რათა ქართველ კინო-მხატვრებს მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოგვიწიოს მთელი ჩვენი რესურსის ჩადება მხოლოდ უცხოურ პროექტებში.


ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტო გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია Silk Factory Tbilisi 

Comments