ნინო დარსო კადრს მიღმა.
როცა კულუარებში ქართულ მედიაზე და პროფესიონალ ქართველ ჟურნალისტებზე ლაპარაკს იწყებენ ჩემი პირველი ასოციაცია თემასთან ნინო დარასელს უკავშირდება.
ჟურნალისტი აგერ უკვე მერამდენე წელია აქტუალურობას არ კარგავს. მიზეზი? - მიზეზი, არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ ხასიათის შესანიშნავ შტრიხებსაც უკავშირდება.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვათა მიმართ თანაგრძნობის გამოვლენის კოეფიციენტი ამაღლებული აქვთ, ასეთია ნინოც. სიცოცხლით სავსე, შეხვედრისას სულ გიღიმის და ფიქრობს რით შეუძლია დაგეხმაროს. ამ დროს არც კი ეძიება ვინ ხარ ან რა გაგიკეთებია. სტატუსს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ხშირად დათმობებზეც მიდის, რათა შენი შინაგანი კომფორტი არ დაარღვიოს.ასეთია ჩემი თვალით დანახული დარსო, რომელსაც კარიერაში სიახლე აქვს. ერთად გავარკვიოთ თუ როგორ გრძნობს ჩემი დღევანდელი სტუმარი თავს წამყვანის ამპლუაში.
- ჩემი პირველი სამსახური ტელევიზია იყო.მიუხედავად იმისა, რომ გერმანისტი ვარ, სულ ვიცოდი, რომ ინსტიტუტს რომ დავამთავრებდი, ტელევიზიაში მინდოდა მუშაობის დაწყება.პრინციპში ბავშვობიდან იმ ყუთში მოხვედრაზე ვოცნებობდი, სადაც მამაჩემიც უმეტეს დროს ატარებდა. 23 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა მეორე არხზე.პირველი გადაცემა იყო "ობიექტივი".რასაც მაშინ ვაკეთებდი ობიექტივში, პრინციპში იმას ვაკეთებდი მერე მთელი ცხოვრების მანძილზე დღემდე.ჩემი ინტერესეის სფერო ახალი საინტერესო ადამიანები იყო,ის ხალხი, ვინც საინტერესოს ქმნის და ჩემი აზრით ყურადღებას იმსახურებს.
- ჟურნალები, რომლებთანაც გითანამშრომლიათ ?
- მეთვითონ 2004 წელს დავაარსე ჟურნალი "ანაბეჭდი".მანამდე მსგავსი ტიპის ჟურნალი, ქართულენოვანი არც გამოდიოდა. განსხვავებული ჟურნალისტიკა, ბლოგის ტიპის სტატიები,დადგმული ფოტოპროექტები და დიდი შემოქმედებითი თავისუფლება.მართალი გითხრათ მარტო ჩემს თავს ვერ "დავაბრალებ, რომ ეს ჟურნალი დღემდე მეამაყება.ძალიან ბევრი საინეტრესო ადამიანი შემოიკრიბა ჟურნალმა და ჩვენ ერთად შევძელით ძალიან განსხვავებული და საინტერესო ჟურნალის შექმნა.იმ პერიოდში, კიდევ ერთი საინტერესო ჟურნალი "ცხელი შოკოლადი" გამოდიოდა.ჰოდა ამ ორმა ჟურნალმა ერთად ბევრი ახალი ავტორი, ნიჭიერი მწერალი, ფოტოგრაფი, დიზაინერი, მხატვარი და შემოქმედებითი ადამიანები გააერთიანა.
დღეს უკვე ბევრი ჟურნალი გამოდის.დღემდე ვიღებ ფოტოპროექტებს ჟურნალისთვის "სითი", ვმუშაობდი "ნარგიზში" კულტურის რედაქტორად, ვთანამშრომლობ გამომცემლობა FFG-სთან და სასტუმროებისათვის "ბილტმორი" და "ჰოლიდეი ინი" ჟურნალებს გამოვცემთ, საქპატენტის გამოცემაშიც მიმუშავია, ჟურნალი "ფოკუსი" ჩვენს რედაქციაში დავიწყეთ ნენე კვინიკაძესთან ერთად.მოკლედ სულ ვმუშაობ და ვმუშაობ, ვწერ და ვიღებ.
- წარმატებული პროექტებიდან ,რა თქმა უნდა , პირველ რიგში მეამაყება "ანაბეჭდი" და "არტარეა" და ახლა უკვე ონლაინ-პლატფორმა at.ge და მისი სახელოვნებო ონლაინ-ჟურნალი "Hammock".სატელევიზიო გადაცემებიდან კი "ობიექტივი", "ანტრე" "ID".ისე ამას მოუკრძალებლად და ამაყად იმიტომ ვაცხადებ , რომ მარტო არ შემიქნმნია და მათი ხსენებით, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვაკეთე და ვაკეთებ ამ ყველაფერს დღემდე.
ახლა ძალიან მომწონს "სხვა შუაღამე".ძალიან გამიმართლა, რომ გიორგი ლაფერაშვილმა ამ პროექტში მუშაობა შემომთავაზა.მიყვარს ტელევიზია.გეგონება სახლში დავბრუნდი.
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პროფესიაში ?
- მთავარი ჩემს პროფესიაში, ისევე, როგორც ყველა სხვაში ,ალბათ, ამ კონკრეტულის სიყვარულია.თუ მოგწონს, რასაც აკეთებ, მაშინ კარგადაც გამოგდის.თორემ მაგალითად იყო არაერთხელ, რომ მიმუშავია სადღაც და თავი ბოლო "ლუზერი" მეგონა.ისე არ მომწონდა, რომ რომ არც გამომდიოდა.
- რას ფიქრობთ ქართულ მედია სივრცეზე ?
- ქართული მედია სივრცე, ქართული საზოგადეობასავით ჭრელია.პრინციპში კარგია, რომ დღეს მგონი ყველა გემოვნების მკითხველისთვის, თუ მაყურებლისთვის მოიძებნება შესაბამისი მედია პროდუქტი.არჩევანი არის, არადანის ჩვენზეა.
- რას ფიქრობთ ბლოგინგზე საქართველოში ?
- დღეს სოციალური ქსელის ასეთი პოპულარობის პირობებში, უკვე ნებისმიერ ადამიანს, თანაც არაჟურნალისტსაც და განსხავებული პროფესიისას ,შეუძლია, გახდეს ბლოგერი, ჰყავდეს კონკრეტული თემით დაინტერესებული აუდიტორია.სულაც არ არის ამისთვის საჭირო რედაქტორები, გამომცემლები და ა.შ.ასე რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ბევრი ახალი საინეტრესო ავტორი ჩნდება.
- როგორ გაჩნდა at.ge - ს შექმნის იდეა და როგორ გახდა ის ყველაზე პოპულარული ონლაინ-პლატფორმა ?
- at.ge კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეცვალა და პრინციპში ნელნელა ანაცვლებს ონლაინ სივრცე ბეჭდურ მედიას.კი, დღეს არაერთი საინტერესო ჟურნალი გამოდის, მაგრამ ონლაინ მხარდაჭერის გარეშე ისინიც კი ვეღარ არსებობენ.მეთვითონ არ ველოდი იმ შედეგს, რაც at.ge-მ არსებობიდან მალევე მოიტანა.ჩვენს ონლაინპლატფორმას თვეში 350 000-მდე მნახველი ჰყავს.მსგავსი რამ, ბეჭდურ გამოცემის მფლობელს, არც კი დამესიზმრებოდა.შესაბამისად , პასუხისმგებლობაც გაასმაგებულია.ამ საქმის დაწყებაში ჩვენს ქვეყანაში არაერთი კარგი საქმის ინოვატორი "აჭარა გრუპი" დამეხმარა.მგონია, რომ at.ge-ს დაწყება ძალიან დროული და საჭირო იყო.აქაც გამიმართლა და მაგარ ხალხთან ერთად ვმუშაობ. საერთოდ ჩემი ცხოვრების სტილი თავის დროზე იმ ხალხმა შეცვალა ვისთანაც ერთად ვიმუშავე.არავინ იცის, როგორი ვიქნებოდი ახლა, რომ არა მეორე არხი თავის დროზე , მერე "ანაბეჭდი", "არტარეტა" და ახლა უკვე at.ge.შეიძლება ერთი საქმიანი და მოწესრიგებული ტელეწამყვანი ვყოფილიყავი,შეიძლება პოპულარულიც.მაგრამ პოპულარობაში არაა ბედნიერება.ახლის ძიებაში, აღმოჩენაში და შექმნაში ვიღებ მე პირადად სიამოვნებას. მირჩევნია, კულისებში ვიყო და ნიჭიერ ადანიანებს სცენაზე გამოსვლაში შევუწყო ხელი.
- რუსთავი 2, ახალი გამოწვევა თქვენს კარიერაში. რამდენად მოგწონთ ახალი სამსახური ?
- სულ მინდოდა ,სხვათაშორის ,რუსთავი 2ზე მუშაობა.ყოველთვის ყველაზე ძლიერი არხი იყო და დღემდე ასეთად რჩება.
- რით განსხვავდება" სხვა შუა ღამე " სხვა ქართული ტელე შოუებისგან ?
- მე ღამის ადამიანი ვარ.ენერგია დღის მეორე ნახევარში მემატება.ჰოდა "სხვა შუაღამე" ზუსტად ის ფორმატია, რომელიც ჩემს გრაფიკს იდეალურად შეესაბამება.თანაც მსგავსი ფორმატის გადაცემა არ ყოფილა ჩვენს ტელესივრცეში და მე კი ძალიან მომწონს ექსპერიმენტები.აზარტული ვარ და ის, რომ რაღაც ახალში ვმონაწილეობ,ამ გადაცემას ყოველდღიურად მნახველი ემატება და ინტერესი ასეთი გვიანი დროის მიუხედავად იზრდება, ძალიან მახარებს.თანაც ეს რუსთავი 2-ია და უკვე დაწყებიდანვე ფორა გაქვს.
- აი რაც არ მყოფნის არასდროს, ეს დროა.24 საათი ძალიან მეცოტავება.ვცდილობ დროს მხოლოდ იმით მოვერიო, რომ გვიან ვიძინებ, ადრე ვიღვიძებ.მენანება ძილში გატარებული საათები.
წარმატების ფორმულა წარმატებაზე არ გამოკიდებაა.მთავარია გულით აკეთო და გიყვარდეს რასაც აკეთებ.
- ექსკლუზიურად რაიმე კარიერულ სიახლეზე ან მომავალ გეგმებზე თუ ისაუბრებთ?
- ჩემთვის ჯერჯერობით at.ge-ც ახალია და "სხვა შუაღამეც", ამიტომ ჯერ მინდა ამ მხრივ მეტად დავიხარჯო.მერე ვნახოთ...ისეთი სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიური პროგრესი, რომ არავინ იცის რას შემოგვთავაზებენ "ცუკერბერგები" და საით წაგვიყვანენ.იმედია არ ჩამოვრჩებით.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი გიორგი ფრიდონიშვილი
ლოკაცია "რუსთავი 2".


Comments
Post a Comment