ვინ აცმევს მსოფლიოს ვარსკვლავებს ქართველი დიზაინერების სამოსს ?
მთელი წელია ყველგან ვაწყდებით ფოტოებს, სადაც ასახულია თუ როგორ ირგებენ მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს. ალბათ, ჩემსავით ყველას გაგიჩნდათ კითხვა, ნუთუ ეს შესაძლებელია ან როგორ მიაწვდინა პატარა საქართველომ ხმა მასშტაბებით დიდ ამერიკას და მითუმეტეს, ჰოლივუდს?! პასუხის მისაღებად ბევრი ძებნა , არც დამჭირდა. ინტერნეტ-სივრეში გადავაწყდი საიტს, TATA-LA.COM , სადაც ამოვიკითხე ამ სახელის მთავარი შემოქმედისა და ინიციატორის, თათა ქართველიშვილის სახელი და გვარი.
თათა ამჟამად ლოს-ანჟელესში, მეუღლესთან და 10 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. საქართველოში, სწავლის პარალელურად მუშაობდა ტელევიზიაში ჟურნალისტად და წამყვანად. ქართველ დიზაინერებთან ურთიერთობა თავიდან დაიწყო , როგორც მოდელმა და შემდეგ გააგრძელა, როგორც მომხმარებელმა.
როგორც თათა იხსენებს, თავდაპირველად, ის ლალო დოლიძის მეშვეობით დაუკავშირდა იმ დიზაინერებს, რომლებსაც არ იცნობდა.
ვარსკვლავებამდე იყვნენ, ცნობილი "ინფლუენსერები" და მოდელები. მაგალითად ვიქტორია ბონია, რომელმაც აკა ნანიტაშვილის ჟილეტი მოირგო კანის ფესტივალის, ერთ-ერთ ივენთზე.
როგორც თათა ჩემთან საუბარში იხსენებს, ქეითის ძალიან მოეწონა ეს საყურეები და აპირებდა შეძენას, თუმცა, სააგენტომ მას უსასყიდლოდ
აჩუქა.
- თათა, მაინტერესებს როგორ იქცა "შოუ-რუმი" "PR სააგენტოდ ?
- მე მალევე მივხვდი, რომ ყველაზე წარმატებულად PR-ის კეთება გამომდიოდა, შესაბამისად გადავერთე ამ მიმართულების განვითარებაზე. ასე შეიქმნა სააგენტო "TATA PR Agency". ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები ჩამოვაყალიბე ჰოლივუდის წამყვან სტილისტებთან. სწორედ ამან განაპირიბა სააგენტოს წარმატება, ძალიან მოკლე დროში.
- შეგიძლია, გაიხსენო ყველა წარმატებული ნაბიჯი, რომელ ვარსკვლავს რომელი დიზაინერის სამოსი ეცვა ?
- რა თქმა უნდა, თითოეული ქართველი დიზაინერის წარმატება ამერიკაში და კერძოდ, ჰოლივუდში გასახსენებლად სასიამოვნოა, მაშინ როცა იცი, რომ ამაში შენი დიდი წვლილია. უნდა აღვნიშნო “NatiaxLako“-ს საყურეები, რომლებიც ძალიან დიდი პოლულარობით სარგებლობს და არაერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან, ქეითი პერი, პრიანკა ჩოპრა, ჯიჯი ჰადიდი, ნადია ლეოპოლდი, თინაში, ნორმანი, ქელი როულანდი და ბევრი სხვა. ქენდელ ჯენერი შეყვარებულია მათ დრაკონის საყურეზე. ასევე, მან Stuart Weitzman-ის ივენთზე მოირგო მრგვალი გველის საყურე, რომელიც მეორედ მისი მეგობრის და მომღერლის, მედისონ ბეერის დაბადების დღეზეც ეკეთა. ქლოუი კარდაშიანს ერთ-ერთ ივენთზე ეცვა Anouki-ს თრენჩი, რომელიც იმდენად მოეწონა, რომ სტილისტს სთხოვა ბრენდის სახელისა და ინსტაგრამ გვერდის გარკვევა, რათა კრედიტი გაეკეთებინა სოციალურ მედიაში, რაც ძალიან იშვიათად ხდება. რა თქმა უნდა, ქენდელ ჯენერი, რომელიც "დალოოდის" მთლიანი ლუქით მივიდა “ტიფანი&ქოს“ წვეულებაზე. ასევე აღსანიშნავია, კორტნი კარდაშიანი “მატერიელის“ ლუქით, ჰაიდი ქლუმი ალექსანდრე არუთინოვის კომბინიზონით და გიორგი ქებურიას სათვალეებით. კამილა კაბეო, ლინდსი ლოჰანი, ქეით გრეჰემი, ეშლი სიმსონი, ოლივია ჰოლთი, ნოა კრუზი და ბევრი სხვა გიორგი ქებურიას სამოსში თუ აქსესუარით. ასევე, ოლივია კულპო "ელოშის“ კაბაში და კიდევ ბევრი სხვა, სია ნამდვილად გრძელია...
- შენი წვლილი ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციაში ძალიან დიდია, რას ფიქრობ ქართულ მოდაზე, რა უნდა შეცვალონ ქართველმა დიზაინერებმა და რას ეტყოდი მათ, ვინც შენი შრომა ვერ დააფასა?
- მიმაჩნია, რომ ქართულ მოდას მეტი ხელშეწყობა სჭირდება, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ მას ჰოლივუდში აქამდე ნაკლებად იცნობდნენ. სელებრითებს სამოსის და აქსესუარების ნამდვილად დიდი არჩევანი აქვთ, მათ შორის უკვე ცნობილი და წარმატებული ბრენდებისგან და ბევრმა მათგანმა, საერთოდ არც კი იცოდა სად იყო საქართველო. ჩემი სააგენტო აქტიურად მუშაობს ქართული მოდის და დიზაინერების პოპულარიზაციაზე ჰოლივუდში და შედეგიც სახეზეა. არსებობენ ისეთი დიზაინერებიც, რომლებიც შეეცადნენ ჩვენ სახელზე და შედეგებზე არ გაემახვილებინათ ყურადღება და კონკრეტული წარმატება მხოლოდ მათ ნიჭსა და შრომას მიაწერეს, რაც სამწუხაროა. მათთან აღარ ვკონტაქტობ და წარმატებებს ვუსურვებ. საქართველოში ბევრი დამწყები და ძალიან ნიჭიერი დიზაინერია, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ პიარი და ვაპირებ ჩემი რესურსი მივმართო ასევე მათ პოპულარიზაციაზე. ვთვლი, რომ ქართულ მოდას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
- როგორც ვიცი ცვლილებები გაქვთ, როგორ შეუძლია მსურველს თქვენს სააგენტოში მოხვედრა ?
- სააგენტოში მოხვედრის პროცედურა ასეთია, უნდა გამოგვიგზავნონ კოლექციის "ლუქ ბუქი" და თუ დავინტერესდებით ვიწყებთ მოლაპარაკებებს თანამშრომლობაზე. შემდეგ ვარჩევ "ლუქებს", რომლებიც საინტერესო იქნება სტილისტებისთვის და ვიწყებთ მათთვის ახალი დიზაინერების გაცნობას და კოლექციის შეთავაზებას. სააგენტო აქცენტს აკეთებს "სელებრითებთან" და სოციალურ ქსელში გავლენიან (ე.წ. influenceer) ადამიანებთან მუშაობაზე. ასევე, ფოტოსესიებზე ცნობილი ჟურნალებისთვის. ბოლო პერიოდში ვიმუშავეთ რამდენიმე მუსიკალურ ვიდეოზე, მათ შორის ჯენიფერ ლოპესის ბოლო კლიპი.
- რომელ ცნობილ სტილისტთან თანამშრომლობთ და გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა ვარსკვლავი უშუალოდ ეწვია შოუ-რუმს ?
- სააგენტოს დაარსებისას ჩემი მთავარი ამოცანა იყო აქტიურად მეთანამშრომლა კარდაშიანების და ჯენერების სტილისტებთან, რადგან დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისინი არიან ყველაზე გავლენიანი ადამიანები სოციალურ მედიაში. დღეს უკვე თითქმის ყველა მათგანის სტილისტთან ვმუშაობ და თითოეულმა მათგანმა მოირგო ქართველი დიზაინერის სამოსი თუ აქსესუარი, რაც სააგენტოსთვის და დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი ჩვენ სააგენტოს თითქმის ყველა წამყვან (A List) სტილისტებთან აქვს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. TATA-LA. COM-ის ბოლო "პოპ აპზე", რომელიც გაკეთდა დახურულ კლუბ, "Spring Place Beverly Hills"-ში გვეწვია ცნობილი მოდელი Rose Huntington და ძალიან მოეწონა ქართველი და არამარტო ქართველი დიზაინერების ნამუშევრები.
- შენი პირადი სამომავლო გეგმები როგორია ?
- სამომავლო გეგმები ძალიან ბევრია, რომლებიც რა თქმა უნდა, უკავშირდება სააგენტოს გაფართოვებას. წინასწარ საუბარი არ მიყვარს, მირჩევნია ჯერ განვახორციელო და მერე მოგიყვეთ.
- Instagram : @tata__la

















Comments
Post a Comment