ლუკა ჩიქოვანის წარმატების ისტორია - "MTV"-დან "კანის ფესტივალამდე".
თუ არ ხარ მიზანდასახული, არ გჯერა შენი თავისა და ოცნებების, რთულია, გახდე წარმატებული. თუმცა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ქართველ მომღერალზე და მსახიობზე, ლუკა ჩიქოვანზე. ლუკა იტალიაში ქართველი ემიგრანტების იმ დიდ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ქვეყანა ადრეულ ასაკში დატოვეს. თუმცა პატრიოტული ხასიათის გამო, საქართველოს პატარა ნაწილს ბავშვობის მოგონებების სახით სულ თან დაატარებს. ქართულად საკმაოდ გამართულად საუბრობს, იტალიური აქცენტი კი ძალიან უხდება. ძალიან თავმდაბალია, მიუხედავად იმისა, რომ საამაყოდ ნამდვილად აქვს საქმე. ლუკა ჩიქოვანი და მისი წარმატების ისტორია შთამაგონებს. ვისურვებდი, რომ მალე თითოეულ ჩვენგანს ჩვენთვის საოცნებო მიზნებამდე მიგვეღწიოს. სამოტივაციოდ კი ლუკას ინტერვიუს გთავაზობთ.
- როგორ გახდი წარმატებული და რამ განაპირობა ეს?
- ოთხი წლის რომ ვიყავი, იტალიაში წავედი. სკოლა იქ დავამთავრე. მინდოდა, რომ გემის კაპიტანი გავმხდარიყავი, თუმცა, საბოლოოდ არ გამომივიდა, რადგან 14 წლის რომ გავხდი, მუსიკამ გამიტაცა. მაშინ "Youtube" ისეთი პოპულარული არ იყო,როგორც ახლაა. ვნახე, რომ ამერიკელი მომღერლები "ქოვერებით" ხდებოდნენ პოპულარულები და ვიფიქრე, რატომაც არ შეიძლებოდა, რომ მეც ჩამეწერა ?! დავიწყე ჩემს ოთახში ვიდეოების ჩაწერა. საშინელი კამერა და მიკროფონი მქონდა. ნელ-ნელა ხალხმა ვიდეოების გაზიარება დაიწყო.
- სერიოზულად სიმღერის ჩაწერაზე როდის დაფიქრდი ?
- 18 წლის რომ გავხდი, ვიფიქრე, რომ დრო იყო სიმღერა ჩამეწერა. იტალიაში ხმის ჩამწერი სტუდიები ძალიან ძვირია. ფული არასდროს არ მქონია და ახლაც არ მაქვს, (იცინის ) ამიტომ დავიწყე სამუშაოს ძებნა, რომ სიმღერის ჩაწერის თანხა დამეფარა. ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ყველა მაღაზიაში ვკითხულობდი ხომ არ ჭირდებოდათ ახალგაზრდა კადრი. ერთი თვის განმავლობაში ყველა მაღაზიამ უარი მითხრა. ზაფხულში უკვე მაღაზიის სახელებსაც არ ვუყურებდი. ერთ-ერთ მაღაზიაში შესვლისას მკითხეს : - რას აკეთებ აქ, ყველა შენი მეგობარი ალბათ, ზღვაზე ისვენებს ? - მე კი ვუპასუხე, რომ სიმღერის ჩაწერა მინდოდა. აღმოჩნდა, რომ მაღაზიაში კი არა , ხმის ჩამწერ სტუდიაში შევსულვარ. დაველაპარაკე პროდიუსერს და ერთი კვირის შემდეგ პირველი კონტრაქტიც დავდეთ.
- პირველი შენი ტურნე რომელი იყო ?
- პირველად შემსრულებელმა, მიკელე ბრავიმ შემომთავაზა მისი კონცერტის გახსნა. მთელი იტალია მოვიარეთ ტურნეში. მილანში კონცერტს "Universal Music Studio"-ს წარმომადგენლები დაესწრნენ და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს, რომელიც ერთ თვეში გავაფორმეთ.
- "Universal"-თან ერთად რომელ ალბომზე იმუშავე ?
- პირველ ალბომს "Start" ერქვა.ზაფხულში გამოვიდა. ცოტა გვეშინოდა, თუმცა ალბომი იტალიაში ყველაზე გაყიდვად ალბომებში რეიტინგით მესამე ადგილას მოხვდა. შემდეგ მოვაწყე პატარა, ერთთვიანი ტურნე, დღეში იტალიის სამ ქალაქში ჩავდიოდი და თითო შეხვედრაზე ორას გულშემატკივარს ვხვდებოდი, ვიღებდით ფოტოებს და ვსაუბრობდით.
- ქუჩაში გცნობენ ?
-კი , თუმცა მათ არა ჩემს ფანებს, არამედ მეგობრებს ვეძახი. ამ ადამიანების გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ქუჩაში მაჩერებენ და ფოტოებს ვიღებთ. ბევრი "ინფლუანსერი", მომღერალი და ბლოგერი მეგობარი მყავს, თუმცა მათ შეხვედრების გაკეთება არ მოწონთ. ვერ ვხვდები რატომ ?! ხალხთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.
- საბოლოოდ იტალიაში რამდენი ტურნე გააკეთე და პირველად "MTV"-ზე როდის გამოჩნდი ?
- ალბომის შემდეგ იტალიაში ოთხი ტურნე გავაკეთე "MTV"-სთან, "Gibson"-თან ერთად... პირველად "MTV"-ზე სიმღერით "On my own" გამოვჩნდი. სიმღერაში ჩემი და დედაჩემის ისტორიას ვყვები. კლიპის ნახევარი თბილისში გადავიღე, ნახევარი კი რომში.
- ბევრს აინტერესებს ხარ თუ არა მოდელიც ამავდროულად ?
- მოდელობა არ გამომდის. ჩემი მეგობარი ფოტოგრაფები ხშირად მთავაზობენ ფოტოსესიას, მაგრამ წინასწარ ვაფრთხილებ ხოლმე, რომ პოზირება არ ვიცი. საბოლოოდ, რაღაც მაინც გამოდის ხოლმე. მოდელზე მეტად "ინფლუანსერი" ვარ ჩემს ბლოგებში ხშირად ვიყენებდი ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა "Redbull", "Netflix", "Coca&Cola" და ეს იყო ჩემი ძირითადი საშემოსავლო წყარო.
- შეიძლება ითქვას, რომ "MTV"-დან პირდაპირ კანის ფესტივალზე მოხვდი. რომელი იყო შენი პირველი როლი და ცხადია , ფილმი ?
- მსახიობობაზე ყოველთვის ვფიქრობდი, თუმცა მუსიკის გამო ვერ მოვახერხე. კლიპის გამოსვლის შემდეგ, იტალიაში და მთელს მსოფლიოში ცნობილი, კანის კინო ფესტივალის არაერთ გზის ლაორეატი რეჟისორი, ალის რორვაკერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ "MTV"-ზე მიყურა და იფიქრა, რომ ძალიან მოვუხდებოდი მისი ახალი ფილმის "Happy as Lazzaro"-ს პერსონაჟის, ტანკერდის როლს. ქასთინგზე დამიბარა, თუმცა უარი ვუთხარი , რადგან ძალიან შემრცხვა, ფილმში თამაშის გამოცდილება არ მქონდა. თუმცა, დედაჩემის დაჟინებული თხოვნით მილანიდან რომში ჩავედი. ქასთინგზე კიდევ ერთხელ ვთქვი უარი როლზე, თუმცა ალისიამ მითხრა, რომ ვერ გავიდოდი ოთახიდან , თუ არ გავაკეთებდი იმას, რასაც მეუბნებოდა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავთანხმდი.
- რა გამოხმაურება მოყვა ფილმს ?
- ალისი, ის რეჟისორია, რომელიც ძალიან უყვარს კანის კინო ფესტივალს, ამიტომ ფილმის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ვარიანტიც კი მიიღეს. გუნდის თითოეულმა წევრმა ფილმი პირველად სწორედ კანის კინო ფესტივალზე ვნახეთ. ძალიან ვნერვიულობდი, დარბაზში ბევრი ცნობილი ადამიანი , მათ შორის,ემილია კლარკი იჯდა. საბოლოოდ ფილმი ყველას მოეწონა. ფილmმა აიღო ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის. ფილმის დასრულების შემდეგ დაახელოებით 15 წუთი მაყურებელი ტაშს უკრავდა.
- პრეზენტაციის შემდეგ რომელიმე ვარსკვლავი თუ მოვიდა და გაგიკეთა კომპლიმენტი ან შემოთავაზება ?
- რობერტო ბენინი. ძალიან კარგი რაღაცეები მითხრა, თუმცა ამას არ ვასაჯაროებ. რობერტო ბენინი ნიკოლეტა ბრასკის ქმარია. ნიკოლეტა დედაჩემის როლს თამაშობდა ფილმში. ჩვენი მეგობრობაც გაგრძელდა. კანის კინო ფესტივალზე კიდევ ერთი კვირა გავჩერდით, ამის შემდეგ ფილმის "პრომოუშენი" დავიწყეთ და მთელი მსოფლიო მოვიარეთ. ვიყავით საფრანგეთში, გერმანიაში , ჩინეთში... ჩინეთში ხალხს ყველაზე მძაფრი ემოციები ჰქონდათ. აეროპორტში დაგხვდნენ, ნახატებით და სურათებით. გარდა ამისა, ღამით სასტუმროს დაბლაც გველოდებოდნენ. საბოლოოდ, ჩინეთში ოთხი პრეზენტაცია გავაკათეთ.
- როდესმე გინდოდა, რომ ასეთი ცნობადი გამხდარიყავი?
- მატერიალიზმის შეგრძნება დავკარგე. ფული და პოპულარობა ჩემთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. მე მინდა, რომ ჩემი საქმით ხალხს დავეხმარო. ყოველთვის ვუყვები ჩემს ისტორიას. არავინ არ ვიყავი, ნულიდან დავიწყე და გამომივიდა, რადგან მჯეროდა რასაც ვაკეთებდი. ჩემი მისიაც ეს არის, ხალხს ვუთხრა, თუ რაღაცის გულით გჯერა ყოველთვის გამოგივა.
- მოდასთანაც მაინტერესებს შენი კავშირი. როგორი სტილი გაქვს ?
- საშინელი. (იცინის) იტალიაში შემსრულებლები უკვე ერიდებიან პერსონაჟების შექმნას და კონცერტებზე უფრო მეტად "ქეჟუალ" სტილს ირჩევენ. მე თვითონ ძალიან მიყვარს დევიდ ბოუვი და ვაპირებ, რომ ახალ ტურნეში მასსავით სამოსი მოვირგო. მილანის მოდის კვირეულზე ხშირად დავდივარ.
- და თბილისის "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულზე თუ ყოფილხარ ?
- არა, მაგრამ ძალიან მინდა. ძალიან მომწონს "Situationist"და ირაკლი რუსაძე. ვხედავ, რომ საქართველოში რაღაც ძალიან დიდი ხდება. ყველა წამყვანი დიზაინერი საქართველოდან მოდის. ისეთი კრეატიულობა, როგორიც საქართველოშია სხვაგან არსად არ მინახია.
- რამდენ ხანს რჩები საქართველოში ?
- ორ დღეში მივდივარ და ძალიან გული მწყდება. გუშინ ვცადე, რომ ბილეთი შემეცვალა, მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან მინდა, რომ მოდის კვირეულზე ჩამოვიდე. ჩამოვედი ფესტივალზე, სადაც შევხვდი ბავშვებს ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. წელს ძალიან ბევრ კინოფესტივალზე ვიყავი, მაგრამ ესეთი სიამოვნება ჯერ არსად მიმიღია.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოტოგრაფი Gogi X Photography
ლოკაცია "შოკოლატერია არტიზანი" - აბაშიძის 10
ფოტოგრაფი Gogi X Photography
ლოკაცია "შოკოლატერია არტიზანი" - აბაშიძის 10









Comments
Post a Comment