თაკო ხელაია - რედაქტორი, რომელიც ბეჭდური მედიის გადასარჩენად იბრძვის.


  ჩვენს რეალობაში სიახლეების გასაგებად თვეობიდან თვეობამდე ახალი პრიალა ჟურნალის გამოსვლას რომ აღარავინ ელოდება ეს ფაქტია, ამისთვის უამრავი ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა, მაგალითად, ისეთი , როგორიც ჩემი ბლოგია. ლამაზი ფოტოების დასათვალიერებლად "Instagram"-ზეც დავრეგისტრირდით და "Facebook"-ზეც აქტიურად ვციმციმებთ.. მოკლედ, პროცესები ისე დაჩქარდა, რომ დაისვა კითხვა , რა ელის ბეჭდურ მედიას ? ამ საკითხმა ბევრი ჩვენგანი შეაწუხა.ბეჭდური მედიის ზოგიერთმა გამომცემლობამ ონლაინ-საიტებზე გადაინაცვლა, ზოგიერთი კი კვლავ აგრძელებს პრიალა გარეკნიანი ჟურნალების ბეჭვდას . ვინ როგორ ?! - მე კი მირჩევნია, ჟურნალს შევეხო, შევიგრძნო მისი სურნელი, ველოდო მის გამოსვლას, თუნდაც, თვიდან თვემდე და ყავასთან ერთად გულმოდგინედ წავიკითხო და თუ კი ამ სტატიას ონლაინ-ფურცლებიდან კითხულობთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბეჭდურ მედიაზე ხელი ჩავიქნიე. ასეა, ფიქრობს დღევანდელი რესპოდენტი, თაკო ხელაიაც, ჟურნალის "GLOSSY" მთავარი რედაქტორი.
 საინტერესო მოსაუბრე, აქტიური, ენერგიული და უშუალო. ეტყობა, რომ მოდა უყვარს. სტილი ? - რასაც სამსახურეობრივი ეტიკეტი სთავაზობს იხდენს, უბრალოდ , ხანდახან ყვავილოვან შტრიხებსაც უმატებს, მაგალითად, ისეთს , როგორსაც "Gucci" ან "Dolce&Gabanna" გვთავაზობს. სურნელი "ჰერმესის" , საყვარელი პერიოდი ზაფხული და ფერი - ვარდისფერი და ფირუზისფერი. მოკლედ, საუბარია იმ რედაქტორზე, რომელიც ყველაზე უინტერესო ჟურნალსაც კი გააცოცხლებდა და გაამრავალფეროვნებდა და მიხარია, რომ დღეს მის საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ.



- თაკო, მაინტერესებს რას აკეთებ პირველად, როცა დილით დგები ?

-
დილით, როდესაც ვიღვიძებ , უპირველესყოვლისა, ბავშვს ფაფას ვუმზადებ და აქედან იწყება ჩემი აქტიური ცხოვრება.ბავშვს ძიძასთან ვტოვებ და სამსახურში მოვდივარ.

- ყავა, რომლითაც შენი დღე იწყება ?

-
 კაპუჩინო, რომელსაც გზად "ანტრეში" ვყიდულობ. მოვდივარ ოფისში და ვიწყებ მთელი დღის დაგეგმვას. მერე მაქვს შეხვედრები და ძალიან ბევრი საქმე. საქმეების ჩაწერა მიყვარს, რადგან ყველაფერს ვერ ვიმახსოვრებ. ელექტრონულადაც ვიწერ და წიგნაკიც მაქვს.

- რას ემსახურება ჟურნალი "GLOSSY" ?

- "GLOSSY"-მდე იყო "FINANCIAL" , რომელიც უფრო მაღალ სეგმენტს, TOP-კომპანიებს, მათ მენეჯმენტს  ემსახურება და ბიზნესზეა გათვლილი. გვინდოდა, რომ "GLOSSY"-ც ამ სეგმენტზე ყოფილიყო გათვლილი. ბიზნესის გარდა, ამ ჟურნალში შეხვდებით მოდასაც. არ მგონია, რომ არსებობდეს ადამიანი, რომლის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი მოდა არ არის.



- რამდენი ადამიანისგან შედგება შენი გუნდი ?

-
უშუალოდ "GLOSSY"-ზე 5-6 ადამიანი ვმუშაობთ, ასევე, ძალიან მეხმარებიან "FINANCIAL"-დანაც. საბოლოოდ 10-მდე ადამიანი. ვგულისხმობ ბირთვს, რომელსაც ყოველდღიური რუტინა ეხება.

- რომელია "GLOSSY"-ს შენთვის ყველაზე საყვარელი ნომერი ?

-
 პირველი ნომერი განსაკუთრებით მიყვარს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ნომერი საინტერესო და დატვირთული იყოს, მაგრამ პირველი ნომერი ძალიან ახლოს არის ჩემთან. კარგად მახსოვს ამ ნომრის მზადების პროცესიც კი. ზოგადად, ცხოვრებაშიც რაიმე სიახლეში, საქმეში პირველი ნაბიჯი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- რომელ გარეკანს გამოარჩევდი და რა კრიტერიუმებით არჩევთ მას ?

- ალბათ, სექტემბერი-ოქტომბრის ნომრის გარეკანს, რომელზეც წარმოდგენილია მოდელი ელენა ტეტიაკოვა.
 თუ გარეკანი კომერციული არ არის, ვცდილობ, რომ ავირჩიო თავისუფალი თემა, რომელიც არ არის გაცვეთილი. ლოკაციებს არასტანდარტულსა და ფერადს ვარჩევ , მეტ-ნაკლებად მოდასთან და გართობასთან ვაკავშირებ. მინდა, რომ მკითხველმა ჩვენი გარეკნის ყურებით მიიღოს დადებითი, ლაღი ემოციები.



- თუ გახსენდება გარეკანი, რომელიც მნიშვნელოვან მესიჯს შეიცავდა ?

- კი, კვლავ სექტემბერი-ოქტომბრის ნომერს გავიხსენებ. "Print is sexy" - მთავარი მესიჯი, რომლითაც ვცადეთ გადმოგვეცა, რომ ბეჭდური მედია კვლავ აქტუალურია. ყველა ქვეყანაში, სადაც ნამყოფი ვარ დილა იწყება ჭიქა ყავითა და ჟურნალ-გაზეთებით. ძალიან მინდა, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდეს.

- "GLOSSY"-ის გარდა, თუ გაქვს საყვარელი ჟურნალი, რომელსაც დილაობით თავად კითხულობ ?

- Vogue მაქვს გამოწერილი და როცა, ჩამომდის ვათვალიერებ თითქმის ყოველდღე. ძველ ნომრებსაც ვაგროვებ.

- ჟურნალის მოდის რედაქტორიც თავად ხარ ?

- მე და ჩემი მეუღლე, რომელსაც სამხატვრო განათლება აქვს მიღებული და მგონია, რომ მისმა ხედვამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა.



- რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს ყველა რედაქტორი ? 

ნებისმიერ რედაქტორს უნდა შეეძლოს სიახლის აღმოჩენა.


- აქვე, შენთვის სამაგალითო რედაქტორიც ხომ არ გახსენდება ?

- ანა ვინტური. (იცინის) ბოლოს  სხვათაშორის ფილმს ვუყურე მასზე. ნამდვილად სამაგალითოა, რადგან ის წლებია აკეთებს ერთსა და იმავე საქმეს და არ ბეზრდება, ეს ჩემი ოცნებაა.

- თუმცა, მართვის ის ტიპი, რომელსაც ანა იყენებს , დღეს აქტუალური აღარ არის. შენ როგორი ხარ შენ თანამშრომლებთან ?

- მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. მერე რა თუ მე დღეს ჟურნალის რედაქტორი ვარ ?! ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოგაწოდოს ის იდეა, რომელსაც შესაძლოა, ვერასდროს მოიფიქრებდი. ყოველთვის ვცდილობ, რომ კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით ავაშენო ჩემი და ცხადია, სხვისი კარიერა.



- შენი გარდერობი როგორია და ქართველი დიზაინერების სამოსს თუ შევხვდებით ?

-
ჩემს გარდერობში ქართველი დიზაინერების სამოსი ნამდვილად ჭარბობს. ძალიან მიხარია, რომ ბევრი მაღაზია გაიხსნა, სადაც ჩემთვის ყოველდღიურ სამოსს ვპოულობ. ძალიან მომწონს დათუნა სულიკაშვილი, ლაშა ჯოხაძე, "CO.MODE" და მარიკა შარაბიძე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბევრი მოგზაურობა მიწევს და ვცდილობ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ჩავდივარ რომელიმე ბრენდის მაღაზიაში ვიშოპინგო. ზაფხულში ძალიან მომწონს "Dolce&Gabanna", რომლის პრინტებსაც წარსულში გადავყავართ და "Gucci", რომლის ერთ თეთრ პერანგს ხშირად ვიცვამ განსაკუთრებულ შეხვედრებზე

- ანტი-ტრენდი თუ გაქვს ?

-
 ყოველთვის ვიცი ჩაცმულობით რა უნდა დავფარო ან რა უნდა გამოვიჩინო, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ არ ჩავიცვამ არასდროს იმას, რაც არ მომიხდება ისე კი ანტი-ტრენდი არ მაქვს.

- პირდაპირი კონკურენტი თუ გყავთ ?

-   არა. ბევრი ქართული ჟურნალი ძალიან მომწონს, მაგალითად, "ბომონდი“ და “სითი“. ჩვენ სხვა სეგმენტზე ვართ გათვლილი.



- ნივთები, რომლებიც მუდამ თან გაქვს ?

-
მარკ ჯეიკობსის საათი, რომელიც დაახლობით ექვსი წელია, რაც მაქვს, ტელეფონი, სუნამო და ტუში.

- შენი პროფესიული ჩვევა რა არის ?

ადამიანებს ძალიან ვაკვირდები. ხშირად შემიხედავს ადამიანისთვის და მიფიქრია : რა კარგია ,სიამოვნებით გადავიღებდი ჟურნალისთვის. ეს ყველაფერი მართლა ჩვევად მექცა.

- ბოლოს გკითხავ თუ რა არის შენი მიზანი ქართულ ბაზარზე ? 

- მინდა, რომ "GLOSSY" დილის სამაგიდო ჟურნალად იქცეს.



- შეიძლება ითქვას, რომ შენ ხარ რედაქტორი, რომელიც ბეჭდური მედიის გადასარჩენად იბრძვის...

- ნამდვილად. სტატისტიკური მონაცემებიც კი მოვიძიე და ვიცი, თუ რომელ ქვეყანაში რომელ მედია საშუალებას ანიჭებენ უპირატესობას. სხვათაშორის,  საქართველო ნაკლებად განვითარებულ ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა კონგო, შედის იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ტელევიზია წინ უსწრებს ბეჭდურ მედიას. ძალიან მწყდება გული და მე ვიქნები, ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს ბეჭდური მედიის შესანარჩუნებლად.





ტექსტი გიგა უჩუვატოვი
ფოგოტრაფი Gogi X Photography

Comments