ლენკა ციციშვილი, ქალბატონი "Chanel N5"- ის არომატით.


   სახელგანთქმულიო თუ ვინმეზე შეიძლება, რომ თბილისში ითქვას , ერთ-ერთი ლენკა ციციშვილია. არქიტექტორი, რომელიც მისი სტილით, იმიჯითა და ხასიათით ბევრი ადამიანის სიყვარულს იმსახურებს. ის არა ერთი შემოქმედისათვის გამხდარა მაგალითი და შთაგონების წყარო, მათ შორის , კი ჩემ თავსაც მივიჩნევ და დღევანდელ ინტერვიუს შესავალს არასტანდარტულ, მხატვრულ სახეს მივცემ.


 ***
 13:00, 16 მაისი, ხუთშაბათი. მე და ჩემი ფოტოგრაფი შევჩენკოს ქუჩაზე აშენებულ კორპუსში, ლენკა ციციშვილის ბინის კარებზე ვაკაკუნებთ. კარს გვიღებს საშუალო სიმაღლის , ზოლებში გამოწყობილი, მომღიმარე ქალბატონი. ერთი შეხედვით ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ის ოთხი შვილის დედაა. კარი გაიღო თუ არა მთელი სადარბაზო ჩემთვის კარგად ნაცნობმა "Chanel N 5"-ის სურნელმა მოიცვა. მაშინვე მივხვდი, რომ საქმე გემოვნებიან და დახვეწილ ადამიანთან მქონდა. ლენკა ჯაბა დიასამიძის არა ერთ ჩვენებაზე მინახავს და მასთან ინტერვიუს ჩაწერა ყოველთვის მინდოდა. გასაოცარია მისი გამოჩენა ჩვენების დროს. მომღიმარი სახით, ქალური მიმოხვრით გამოდის პოდიუმზე და თავმდაბლობის ნიშნად, პერიოდულად თავს ძირს ხრის. ამ სურნელმა, რამდენიმე წლით უკან , წარსულში დამაბრუნა. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს ვადგავდი ამ სფეროში. მისმა ზოლიანმა სამოსმა, ჩემი პირველი საავტორო წიგნი "ზოლიანი მაისურიც" გამახსენა. სწორედ ამ წიგნზე მუშაობისას იყო ჩემი საყვარელი სურნელი "Chanel N 5" და მიუხედავად იმისა, რომ ქალებისთვის იყო განკუთვნილი სახლიდან გასვლამდე ან წერის დროს თამამად ვიპკურებდი ხოლმე.
   ლენკა სახლის აღწერას ალბათ, ერთი ბლოგი არ ეყოფა და ვერც მე ვერ დავიკვეხნი ამდენად მძაფრი თვალის მეხსიერებით, თუმცა რაც მახსოვს დანამდვილებით მოგიყვებით. ამ სახლმა გამახსენა წლების წინ ნანახი ყველა ფრანგული ფილმი, მათ შორის კი კოკო შანელის ბიოგრაფიული ფილმები და სასტუმრო "რიტზი". ამ კონცეპტუალური მოდისა და "UGLY" ტენდენციების ფონზე, იმდენად მონატრებული ვიყავი კლასიკასა და მაღალ მოდასთან შეხებას რომ მოწყურებულივით დავეწაფე ლენკას სახლის თითოეული კუთხის თვალიერებას.
 სახლის მისეღებიდან ხელმარცხნივ ლენკას კაბინეტია, თუმცა მე უფრო მეტად მოდის ბიბლიოთეკას დავარქმევდი. რა წიგნებს არ შეხვდებით აქ. მოდის მოყვარულთათვის ალბათ, ნამდვილია სამოთხეა. უძველესი გამოცემები, ელეგანტური და დახვეწილი ქალბატონების ფოტოები, ბიოგრაფიული წიგნები გამოჩენილ დიზაინერებზე, ჟურნალი "VOGUE"-ს გამოცემები. კაბინეტის ცენტრში განთავსებული საწერი მაგიდის გვერდით, პატარა ტუმბოზე ანა ვინტურის კარიკატურულ თოჯინასაც კი შევხვდი. კედლებზე მიმოფანტული იყო სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები და ლენკას ფოტოები.
  - რა მაგარია, ასეთ ოთახზე და წიგნების მარაგზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი. დიდი ხანია მერილინ მონროზე ბიოგრაფიულ წიგნს ვეძებ. შემთხვევით ხომ არ გაქვს ? - ვკითხე ლენკას.
- მერილინი ? ერთი წუთით - და ლენკამ ძებნა დაიწყო. გადმოალაგა საწერ მაგიდაზე დადებული ყველა წიგნი. შემდეგ, წიგნების თაროებსაც გადასწვდა. - სადღაც მქონდა გამოცემა, სადაც იმ ეპოქის ლეგენდარული ქალების ფოტოები იყო, ალბათ, მომპარეს - ისე გულიანად გაიცინა, ჩემდა უნებურად მეც ავყევი. - თუმცა, მოიცა უფრო საინტერესო წიგნი ვიპოვე, ამ წიგნში ლულუ დე ლა ფალეზის ( სან ლორანის მუზა, მისი სამკაულების მწარმოებელი ) ფოტოებია - და ძალიან ძველი ფრანგული გამოცემა მაგიდაზე გადმომიდო.
 - ღმერთო ჩემო, ულამაზესია - გავიფიქრე ჩემთვის.


 ლულუს ფოტოების მთელი ალბომი დავათვალიერეთ, ცოტა მაღალ მოდაზეც ვისაუბრეთ, შემდეგ კი სამზარეულოში გავედით, სადაც ლენკა უგემრიელესი მარწყვით გაგვიმასპინძლდა და ინტერვიუც დავიწყეთ.

***


- ლენკა, როდის ჩნდება მოდა შენს ცხოვრებაში ?

- მოდა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო. ბავშვობიდან მიყვარდა განსხვავებულად ჩაცმა. არქიტექტორობაც ბავშობიდან მინდოდა. ზოგადად , ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა, მიყვარდა ცხენზე ჯირითი და თხილამურებზე სრიალი. ერთი ისტორია მახსენდება. ჩემი მეგობრის შვილი ერთ-ერთ ფრანგულ სკოლაში დადის. ამას წინ კარნავალი ჰქონდათ , წავიდა, რაღაც სისულელეები ჩაიცვა და ყველას უთხრა, რომ ლენკა იყო. 

- რომელი იყო შენი პირველი წარმატებული ნაბიჯები?

-  არქიტექტრული შეკვეთები უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე მქონდა და დასრულების შემდეგ უფრო და უფრო იმატა. ამას მოყვა ჩემი მაღაზიის "Pierrot le fou" გახსნაც. დავდიოდი სულ აქეთ იქით . ვესწრებოდი სხვადასხვა ჩვენებებს. ძალიან მარტივი მეგონა, თუმცა რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი , თბილისში.

- და "Pierrot le fou"  რას ნიშნავს შენთვის ?

- ჩემი ცხოვრების ნაწილია. ძალიან ბევრი ჩავდე, ისევე როგორც შვილებში. თავიდან ბევრ დეტალზე ვნერვიულობდი, ახლა დღის ერთი ნაწილია.

- შენი ერთი დღე როგორია ?

- ჩემი ყოველი დღე სხვადასხვანაირია, რადგან არ შემიძლია რუტინა. არასდროს არაფერს არ ვგეგმავ. ძალიან ბევრს ვმოძრაობ. ძირითადად შეკვეთებზე.

- შენი პირველი შეკვეთა თუ გახსოვს ?

- კი, როგორ არა. ინსტიტუტში ვსწავლობდი და ალბათ, ყველა არქიტექტორისთვის საოცნებო შეკვეთა მივიღე საკუთარ სახლზე.

- რამდენად შრომატევადი პროცესია ?

- ძალიან შრომატევადია, მაგრამ , რაც გიყვარს , ალბათ, მარტივად გამოგდის. ყოფილა შემთხვევები, როცა საქმე ერთ დღეშიც მომისწრია და დამკვეთებისთვის ჩაბარების პროცესი გამიწელავს.


- როგორია შენი გარდერობი ?

- ამბობენ, რომ ჩემი სტილი მაქვს, მაგრამ ის არ არის ერთი , კონკრეტული. მომწონს თითქმის ყველაფერი. ჩემი ხასიათი განსაზღვრავს ჩემი ჩაცმის სტილს.

- რამდენად ხშირად ირგებ ყოველდღიურობაში როლებს ?

- ვირგებ, მაგრამ მთლად როლსაც ვერ დავარქმევ. საბოლოოდ, ასე გამოდის ხოლმე. ხანდახან რაღაც ჩარჩოებში ვჯდები. ვფიქრობ, შენი ყოველდღიური ჩაცმულობა განსაზღვრავს შენს ქცევას.

- ეთანხმები თუ არა მოსაზრებას რომ ტანსაცმლის ანსამბლის აწყობა ფეხსაცმლიდან უნდა დაიწყო ?

-
 არა, რადგან ფეხსაცმელი ჩემთვის ყოველთვის ბოლო დეტალია. ძალიან უცნაურია, მაგრამ ძალიან მიყვარს ფეხშიშველს სიარული.

- რამდენად ხშირად მოგზაურობ ?

-
ძალიან ხშირად. მგონია, რომ ამ მაღაზიის გახსნა ძალიან კარგი იდეა იყო. წელიწადში ოთხჯერ მიწევს პარიზში ჩასვლა. გარდა ამისა, რამდენიმე წელია ზამთარში თბილ ქვეყნებში სიარულს დავეჩვიე.

- შენი პარიზული მოგონებები როგორია ?

-
სხვადასხვა სუნი. პირველადჩასვილსას , ქუჩაში კრუასანის სურნელი, რომ ტრიალებს ის მახსენდება.




- განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს დიზაინერ, ჯაბა დიასამიძესთან და შეიძლება ითქვას უკვე ერთმანეთთან ასოცირდებით...

-
 უკვე არა, ეს ყოველთვის ასე იყო. დედამისი ჩემი ნათლიაა და ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ჯაბა ჩემთვის ძმასავითაა.

- მის ჩვენებებზეც ხშირად გამოდიხარ...

-
მოდელი არ ვარ, თუმცა ჯაბას დამსახურებით 20 წელია პოდიუმზე ვდგავარ. პირველად, როცა მის ჩვენებაზე გამოვედი 19 წლის ვიყავი.

- თუ გახსოვს რაიმე გიჟური ისტორია, რომელიც პარიზში შენ და ჯაბას თავს გადაგხდათ ?

-
ძალიან ბევრი ისტორია მახსენდება, თითქმის ყოველ ჩასვლაზე მსგავსი ისტორიები გვაქვს, ამიტომ ვერ გამოვარჩევ.

- პირველად რას აკეთებთ, როდესაც ერთად პარიზში ხვდებით ?

-
მივდივართ, ყავას ვსვავთ, ყველაზე ხშირად "Cafe de flore"-ში, ჩვენს ამბებს ვუყვებით... შემდეგ მივდივართ საშოპინგოდ. ჯაბას ჩემთვის უკვე შერჩეული აქვს ხოლმე სამოსი, რომელიც გგონია, რომ უნდა ვიყიდო და მქონდეს.


- პარიზის მოდის კვირეულზე რომელი დიზაინერების ჩვენებებს დასწრებიხარ ?

-
 ალბათ, ყველას ჩვენებას დავსწრებივარ. ყოველჯერზე თუ არა , ერთხელ მაინც. ჩვენებებზე დასწრება მიყვარს მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. მოდის ტემპები იმდენად აჩქარდა, რომ ბევრი რაღაც საინტერესო აღარ არის, მაგრამ, ზოგიერთ ჩვენებას, მაგალითად, "იამამოტოს" არასდროს არ გამოვტოვებ. თავდაპირველად, ჩვენებებს ხომ სხვა დატვირთვა ჰქონდა ?! სპექტაკლებივით იყო. დღეს ეს მოდელები ისე დარბიან, ვერც დაინახავ რა აცვიათ. მთავარი იდეა დაიკარგა.

- დღეს შენი სახლის სტუმრები და ვართ ერთი ორი სიტყვით მასზეც მომიყევი. ნელ-ნელა შეიქმნა ეს ყველაფერი თუ ერთიანად, შენი იდეით ?

-
ნივთები, რომლებსაც ხედავთ ნელ-ნელა მოვაგროვე და პერიოდულად ვამატებ. სპეციალურად ისეთი ინტერიერი შევქმენი, რომ ნებისმიერი დეტალის დამატების შემთხვევაში მთლიანობა არ დარღვეულიყო.

- სახლში შენი საყვარელი კუთხე რომელია ?

-
 ჩემი საძინებელი. მიყვარს შესვლა და ძილი. ძალიან მყუდროა. ზოგადად, ყველა კუთხე თავისებურად მიყვარს, გააჩნია, რას ვაკეთებ. ყველაზე მეტად ტელევიზორთან ყოფნა არ მიყვარს.

- რაიმე სიახლე თუ გაქვს ამ ეტაპზე ?

- თუ მაღაზიას გულისხმობ, სიახლეები მუდმივად მაქვს და ვცდილობ, სულ ახალი ბრენდები შემოვიყვანო. პირადს , რაც შეეხება განსაკუთრებული არაფერი, ყველაფერზე ვისაუბრე თითქმის.

- ძალიან დიდი მადლობა.

- მადლობა შენ.

Comments