თბილისში "I E R I STORE" გაიხსნა. - ინტერვიუ ანკა ციციშვილთან.

  
Photocredit H&M Project by Adam Katz Sinding
   "Indexflat concept store" თანადამფუძნებელი და ახლა უკვე "I E R I STORE"-ს კრეატიული დირექტორი, ანკა ციციშვილი თბილისშია. ანკა მოდის სფეროში ავტორიტეტულ პერსონად ითვლება. მას არაერთხელ შეხვდებით მსოფლიო გამოცემების ონლაინ-გვერდებზეც. 

- როგორ დაიწყე შენი მოღვაწეობა მოდის სფეროში ?

- მარკეტინგი მაქვს დამთავრებული, მოდასთან შეხება არ მქონია,თუ არ ჩავთვლით თანდაყოლილ სტილის შეგრძნებას. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევით ხდება ხოლმე და ერთხელაც, მოსკოვში ძალიან საინტერესო სივრცეში, მოსკოვში მდებარე ბინაში შემომთავაზეს ტანსაცმლის წარმოდგენა. მაშინ, ქართველ დიზაინერებს უკვე აქებდნენ და მიუხდავად იმისა, რომ მათი რამდენიმე მაღაზია მოსკოვში უკვე არსებობდა, მათ არ ჰქონდათ ფანჯარა საზღვრებს გარეთ გასასვლელად. თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ მეგობრებისთვის გავაკეთებდი "POP UP"-ს ნახევარი წლით მაინც. თუმცა, ქართველ დიზაინერებს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა და გახსნაზეც იმდენი ხალხი მოვიდა, რომ მივხვდი , ეს არ იყო თამაში, ეს იყო სერიოზული ბიზნესი. 

Photocredit Cartier Special Project for Glamour Magazine

- დღეს რომელი ქართველი წამყვანი დიზაინერები არიან წარმოდგენილი "შოუ-რუმში"?

- TATUNA, Babukhadia, La Mocassine Zippe და სოფო გონგლიაშვილის მინანქარი, რომელიც ყოველთვის მოთხოვნადია და უყვართ. 

- შენი აზრით, რატომ მიაქცია ყურადღება მთელმა მსოფლიომ ქართველ დიზაინერებს ?

- რაღაც სიახლე აკლდათ, რაც ქართველ დიზაინერებში აღმოაჩინეს. 
  როდესაც ახალგაზრდა ხარ და დიდი ქარხნული წარმოება არ გაქვს და თავად გიწევს პროდუქტის წარმოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ ერთეულს უფრთხილდები და დიდ ყურადღებას უთმობ, რასაც დიდი ბრენდები აღარ აკეთებენ.

- სიახლეა შენს საქმიანობაში, მოდი, თავად მომიყევი რატომ დაბრუნდი თბილისში?  

- დავბრუნდი ქალაქში, სადაც დავიბადე და სადაც, შემიძლია, ჩემი საერთაშორისო გამოცდილება გამოვიყენო. ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც "I E R I"- ს მფლობელებმა თანამშრომლობა შემომთავაზეს.დიდი ხნის განმავლობაში, მეც მინდოდა, მსგავსი პროექტის განხორციელება და მიხარია, რომ ერთნაირად ვუყურებთ ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას.
   ღვინის ქარხანა N1 მახსოვს ოთარ იოსელიანის ფილმიდან “გიორგობის თვე".და ისე დაემთხვა, რომ სწორედ აქ, ისტორიული შენობის მეორე სართულზე ვიპოვეთ ფანტასტიური ადგილი, რომელიც ჩვენ იდეას ძალიან მოუხდა.  გადავწყვიტეთ, Fashion- პლატფორმის გაკეთება , რაც ქართველი დიზაინერებისა და კულტურის განვითარებას ემსახურება. ჩვენ ერთ სივრცეში შევკრიბეთ როგორც ძალიან აუთენტური “Samoseli Pirveli", ასევე ძალიან განსხვავებული "“Situationist" და კონცეპტუალური "GEORGE KEBURIA".



- რაზე აკეთებთ აქცენტს და კიდევ რას შეიძლება შევხვდეთ “I E R I “-ში ?

- ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ქართველ დიზაინერებს, არამედ დიზაინერებს, ვიინც საქართველოში აწარმოებს ან შთაგონებულია ჩვენი ქვეყნით. აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ და საუკეთესოებს ვარჩევთ. ასევე, წარმოდგენილია ნამდვილი ჩითები და წინდები, რომლებიც კახეთიდან ჩამოვიტანე. 
სამწუხაროდ, თბილისის ქუჩებში წარმოდგენილ წინდებს ბევრი თანამედროვე შტრიხი აქვს, რაც არ არის ნამდვილი. 



- სახელწოდების იდეა საიდან წამოვიდა ?

- ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვეძებდით სახელს. სიტყვა იერი პირველად ჩემს მეგობართან საუბარში გაჟღერდა. ყველა ძალიან მოვიხიბლეთ. სიტყვა იერს კარგი ჟღერადობა და ფანტასტიური მნიშვნელობა აქვს. იერი ერთი სიტყვით სხვა ენებზე არ ითარგმნება. 



- რა იმედი გაქვს და რას გეგმავ შენს ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით ?

- ძალიან ბევრი კარგი დიზაინერია შეკრებილი. შემდეგი სეზონიდან უფრო მეტი დაგვემატება. "MBFW Tbilisi"-ის ფარგლებში იგეგმება გახსნაც. გარდა ამისა, ვითანამშრომლებთ ბევრ სხვა ფესტივალთან და ჩავატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს. ვფიქრობ, რომ "I E R I " არ არის მხოლოდ მაღაზია. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს სივრცე, სადაც ყველას უხარია მოსვლა და სტუმრობა.


Comments