LeTissu - ქსოვილთა ხელოვნებით ინსპირირებული ბრენდი.


 ბრენდ "LeTissu"-ს დამფუძნებელი , ხათუნა მალანია წლების წინ, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ბავშვობის საოცნებო საქმიანობას ხელს მოკიდებდა და ყველაფერს იმდენად სერიოზული სახე მიეცემოდა, რომ ორი წლის წინ ჩამოყალიბდებოდა ბრენდი, რომელიც ინსპირირებულია ნაჭრების ხელოვნებით.
  აღქმა და შეგრძნება მისთვის ყველაფერია, ნაჭერთან შეხება კი უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს. მისთვის მთავარია დეტალები და ხარისხი. სტილის შეგრძნება ბავშვობიდან აქვს. რაიმე ახალის შექმნის, შეცვლისა თუ მასისგან განსხვავებულობის სურვილი ყოველთვის ჰქონდა. ალბათ, როგორც ბევრი ჩვენგანი ამ სფეროში, მოდის სფეროს ანბანი კოკო შანელის ბიოგრაფიული წიგნით ისწავლა. ოთხი შვილის დედაა და მათ შორის, ერთ-ერთი უკვე გამოცდილი დიზაინერია.
  ყველაფერი კი მაშინ იწყება, როცა ა.წ უკვე დიზაინერი დუბაიში ვიზიტის დროს ნაჭრების ნამდვილ "ოაზისს" მიაგნებს.


 "მე სამოსს ქსოვილის მიხედვით ვქმნი. ჯერ უნდა დავინახო ნაჭერი რომ შემდეგ სამოსი შევქმნა. ჩვენი ბრენდის სახელიც არ არის შემთხვევითი "LeTissu" ფრანგულად ნაჭერს ნიშნავს. " - განაცხადა ჩვენთან საუბარში ბრენდის დამფუძნებელმა.
  ბრენდის ფოტოსესიებში ხშირად ქართველი მოდელი , ლალი გუშიკაშვილი მონაწილეობს, შეიძლება ითქვას, რომ ლალი ბრენდის ერთ-ერთი პირველი სახეა, საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ბრენდზე მოდელი :
" მე სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ქსოვილების განხრით და მატერიები სიღრმისეულად მაქვს შესწავლილი, ბავშვობიდან ხათუნასავით პედანტი ვიყავი. ამ ბრენდის სამოსი აბსოლიტურად განსხვავდება ჩემთვის სახასიათო სტილისგან, თუმცა ძალიან მოვიხდინე. შესანიშნავი ხარისხი და დიზაინია. ხათუნა ძალიან ნიჭიერი და მონდომებულია . მისი ხასიათი ყველა დეტალში ჩანს, ამაზე მეტყველებს ბოლო გადაღებაც, რომელიც უმაღლესი ხარისხის გამოვიდა. "
 ამ ეტაპზე სამოსი წარმოდგენილია "გალერეა თბილისში" და ლესელიძეზე მდებარე შოუ-რუმში "ჩაცმა". ჩვენ კი ჩვენ რჩეულ 5 "ლუქს" გთავაზობთ, რომელიც ერგება 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტენდენციებს.

1.
 მოკლე, ჭრელი სარაფანი თითქმის ყოველ სეზონზე აქტუალურია. წელს მოდაშია ცხოველური პრინტები. თამამად მოირგეთ, ზოლიანი, დაკოპლილი, გველის ტყავისა თუ ლეოპარდის პრინტიანი სარაფანი საცურაო აუზზე და კურორტზე. "LeTissu"-ს ეს პრინტი სწორედ იმით არის საინტერესო რომ დეტალები არ გვიტოვებს კონკრეტულ ასოციაციას, თუმცა საერთო სურათი მაინც მოგვაგონებს ცხოველურ პრინტს, თავისი კოპლებითა თუ ფერთა გრადაციით.
 2.
 ყველაზე რთული ორი ჯინსის ერთმანეთთან შეხამებაა, თუმცა ბრენდი "LeTissu" ამ თავსატეხს გვიმარტივებს და გამზადებულ "ლუქს" ახალ ფოტოსესიაშივე გვთავაზობს. ჯინსის ქურთუკი, რომელიც ერთი შეხედვით გვარდიის ასოციაციას გვქიმნის, დეტალებში უფრო მეტად ყვავილებს წააგავს. თამამად მოირგეთ ეს "ლუქი" საღამოს წვეულებაზე და ბულვარზე სეირნობისას.


 3.
 მათთვის, ვინც გარდერობს უკვე სექტემბრისთვის ანახლებს, ვურჩევთ დიდი რაოდენობით კლასიკური სამოსი მოიმარაგონ, რადგან ეს ტრენდი არც არასდროს გადასულა მოდიდან , ხოლო წელს განსაკუთრებული აქტუალურობით გამოირჩევა. ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი ჟაბო, ყვავილების პრინტიანი კაბა და გემოვნებით შერჩეული ვინტაჟური ჩანთა, რომელიც ერთი შეხედვით "გალაქტიკის" ფერთა გამას ქმნის აუცილებლად დასამახსოვრებელს გახდის თქვენს ნებისმიერი სახის გამოჩენას საზოგადოების წინაშე. 


 4.
ეს კაბა, რომლის ქსოვილიც ერთი შეხედვით ირის ვან ჰარპენის ცნობილ 3D სამოსის არქიტექტურას მოგვაგონებს, გადაწყვეტილია ფერთა საინტერესო გრადაციებში, რაც ასევე, წლის ერთ-ერთი გამორჩული ტრენდია. 


5.


და ბოლოს ისევ დენიმი და ისევ გრაფიკა. როგორც უკვე , არაერთხელ აღვნიშნეთ, წელს მოდაში იქნება არა სამოსზე დატანილი წარწერები, არამედ გრაფიკული ნახატები, აპლიკაციები, მოკლედ, მხატვართა დიდი პალიტრა, რომელიც "LeTissu"-ს ამ დენიმის ქურთუკის უკანა მხარესაც ამშვენებს.

გიგა უჩუვატოვი

Comments