"ME" - ინტერვიუ მარიკა ჭანტურიასთან.




  მოდა მისთვის არა მხოლოდ ტანსაცმელი, არამედ ცხოვრების წესია. ტანსაცმლის კერვა მისთვის რუტინულ საქმიანობასთან არასდროს არ ასოცირდებოდა. ბავშვობიდან თოჯინებს კაბებს უკერავდა, თუმცა ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს თოჯინები მომავალში მანეკენებად გადაიქცეოდნენ. დღეს ახალბედა ქართველ დიზაინერს, მარიკა ჭანტურიას გაგაცნობთ, რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინ საკუთარი ბრენდი, "ME" დაარსა.



- მოდი სულ თავიდან დავიწყოთ, განათლება სად მიიღე ?

-
 თავდაპირველად, კოლეჯში ჩავაბარე. ოთხი წელი ხატვას ვსწავლობდი, მოდის დიზაინზე.  შემდეგ თათა ვარდანაშვილის პროფესიულ სასწავლებელში ტექნოლოგია და კონსტრუირება შევისწავლე და ცოტა ხანში თავადაც ვასწავლიდი. ამ ყველაფერმა დიდი წვილი შეიტანა ჩემს ჩამოყალიბებაში.

- თუ არსებობს დიზაინერი, რომელმაც დაწყებით ეტაპზე შენზე დიდი გავლენა მოახდინა ?
- Delpozo. როდესაც სადიპლომო კოლექცია შევქმენი და მოგვიანებით მოდის ტენდენციებს და დიზაინერთა შემოქმედებას ვათვალიერებდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი კოლექციის ბევრი დეტალი წააგავდა მისას, ამის გამო, ბევრი რამის შეცვლაც მომიწია.



- თბილისის მოდის კვირეულზე ახალბედა დიზაინერების კონკურსზეც გაიტანა კოლექცია, შეგიძლია გაიხსენო ამის შესახებ ?
- ეს კოლექცია ინსპირირებული იყო პატარა უფლისწულის თემატიკით და ერქვა " ბავშვი, რომელიც თითოეულ ჩვენგანში არის " , გამოყენებული მქონდა პატარა უფლისწულის მოქარგული პრინტები. სამოსის სარჩულებში გამოყენებული მქონდა ქვილთის ტექნიკა და პრინტი "მხოლოდ შენთვის", რაც ბრენდის სახელწოდების იდეოლოგიასაც ეხმაურებოდა.

- როდის აყალიბებ ბრენდს და საიდან მოდის სახელწოდების იდეა ?
- აკადემიაში სწავლისას, ჯერ კიდევ მესამე კურსზე დავიწყე სახელზე ფიქრი. შემდეგ მოვიფიქრე ეს სახელწოდება "ME" და ჩემი მეგობრის ატელიეში შევუდექი მუშაობას. თავდაპირველად, პატარა კოლექციების კეთება დავიწყე, თუმცა მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო, პირველ ნაბიჯებთან შედარებით. საკუთარი ატელიე ერთი წლის წინ გავხსენი.



- როგორი ტიპის სამოსს ქმნი თავდაპირველად ან რას ითხოვდა მომხმარებელი ყველაზე ხშირად ?
- მაშინ CO.MODE+ იყო შოუ-რუმი, სადაც ტყავის დეტალებიანი ჟილეტები მივიტანე. საკმაოდ კომფორტული ჟილეტები იყო, ვიყენებდი ძველ მასალას, მაგალითად, შინელს.

- ამ ეტაპზე შენი ჯგუფი ორი ადამიანისგან შედგება და ერთ-ერთი თავად ხარ. რამდენად რთულია ეს საქმიანობა ?

-
ეტაპობრივად, ბევრ სირთულეს ვაწყდები. მოთხოვნის ზრდასთან ერთად,  მიჭირს ბევრი პროდუქტის შექმნა.



- შენს კოლექციებში რომელი სტილის სამოსი უფრო ჭარბობს ?

-
უფრო მეტად ქეჟუალი. ჩემი სამოსისთვის სახასიათოა დიდი ჯიბეები. ჯიბე მნიშვნელოვანი დეტალია, კომფორტული და ხშირ შემთხვევაში რაღაცას გამოხატავს კიდეც.




- სამოსზე მუშაობისას ძირითადად რა ტექნიკას იყენებ ან რას აქცევ ყურადღებას? 
- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი სამოსი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც კარგად იყოს დამუშავებული. ჩემ კოლექციებში ორი იდენტური მოდელი არასდროს არ მეორდება.

- დღესდღეობით რომელია ყველაზე გაყიდვადი მოდელი შენი კოლექციებიდან ?

-
ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად ნაოჭიან კაბას ითხოვენ. ტანზე, ისე დგას, რომ ჩაიცვამთ გახდა არ მოგინდებათ.




- სად შეიძლება სამოსის შეძენა ?

-
ჩემი სამოსი წარმოდგენილია "Geofashionlab"- ში და "Co.lab"-ში.


- სამომავლოდ რას გეგმავ ?

- თებერვალში სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურას ვიცავ, ამიტომ ვქმნი მეორე სრულ კოლექციას, რომლის გატანას მოდის კვირეულზეც ვგეგმავ.
 გარდა ამისა, ძალიან მინდა, ქალაქგარეთ მინი-საწარმოს გახსნა. ჯერ თავად გამოვზრდი კადრებს და შემდეგ მუშაობასაც შევუდგებით. ვიცი, რომ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩემთის ძალიან მნიშვნელოვანია.

- წარმატებებს გისურვებ.



Comments