BIGSIE SPORT - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
-მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან. როგორ და როდის დაინტერესდი
ამ საქმით?
-ეს ყველაფერი დავიწყე
8 წლის ასაკში, როდესაც შევედი ჭიდაობის წრეზე. იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემი თავად მოჭიდავე იყო ჩემი მშობლების გადაწყვეტილებით,
მეც ჩავერთე ამ სპორტში. სიმართლე გითხრათ თავიდან საერთოდ არ მიზიდავდა ეს საქმე.
ფეხბურთი უფრო მაინტერესებდა, თუმცა შემდეგ ავტომატურად და ჩემდა უნებურად დავინტერესდი.
შეჯიბრებებმა და სხვადასხვა აქტივობებმა აზარტი გამიჩინა ამ საქმისადმი.
-დღევანდელი საქართველოს
რეალობაში სპორტი საკმაოდ განვითარებულია, განსაკუთრებით კი ჭიდაობა. როგორი მდგომარეობა
იყო როდესაც იწყებდი და თუ გქონდა გათვლა, რომ ამ სფეროში ასეთ წარმატებას მიაღწევდი?
-კონკრეტულად ჭიდაობა
ოდითგანვე საკმაოდ პოპულარული და აქტუალური სპორტის სახეობა იყო და არის, რადგან ასე
ვთქვათ ტრადიციული სპორტია, მითუმეტეს იმ ფაქტსაც თუ გავითალისწინებთ, რომ საქართველო
უამრავი მსოფლიო დონის და საზღვარგარეთ აღიარებული მოჭიდავეები ჰყავს, რომლებიც მეც
უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ.
-თუ გყავდა კონკრეტული
კუმირი და სამაგალითო ადამიანი, რომელსაც მუდმივად მისაბაძი იყო და არის შენთვის ?
-კი რათქმაუნდა.
მე გორიდან ვარ და გორელი მოჭიდავეები მაგალითად, ოთარ თუშიშვილი, დავით პოღოსიანი, გიორგი გუგშელი ჩემთვის
დღემდე სამაგალითო ადამიანები არიან.
-რა იყო შენი პირველი ჯილდო და წარმატებული ნაბიჯი?
-პირველი ყველაზე დიდი წარმატება მოვიპოვე 2010 წელს, როდესაც გავხდი 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა რათქმაუნდა მანამდეც იყო პატარ-პატარა წარმატებული ნაბიჯები.
-9 წელი გავიდა
მას შემდეგ და მაინტერესებს რამდენ ქალაქში ხარ ნამყოფი? სულ რამდენი ჯილდო გაქვს მიღებული
და როგორ შეძელი 9 წლის განმავლობაში ამხელა წარმატების და აღირების მოპოვება?
-თითქმის მთელი
მსოფლიო მაქვს მოვლილი. შეჯიბრებების გარდა ვიღებ უამრავ მოწვევას მასტერკლასების ჩასატარებლად,
ხალხთან შესახვედრად და ა.შ, აქედან გამომდინარე უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ზუსტ
რიცხვს ნამდვილად ვერ დავასახელებ. ტიტულებს, რაც შეეხება რაც კი ჯილდო არსებობს ჩემს
სფეროში იქედან ერთხელ მაინც ყველა მაქვს აღებული, თუმცა ბევრი მათგანი ერთზე მეტჯერ
მაქვს მოპოვებული.
-შენთვის თუ არის
რომელიმე მათგანი გამორჩეული და განსაკუთრებული?
-მხოლოდ ჩემთვის
კი არა, არამედ ყველასთვის გამორჩეულია ოლიმპიური თამაშები, რომელზეც ორჯერ ვიყავი
გასული, ორივეჯერ ფინალი ვითამაშე თუმცა ერთხელ მოვიგე და ერთხელაც სამწუხაროდ წავაგე.
ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერის მწვერვალია, შესაბამისად ძალიან ამაყი ვარ, რადგან ოლიმპიური
ჩემპიონის ტიტულს ვფლობ.
-რომელ წელს მოიპოვე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული?
-ეს იყო 2016 წელს.
-2019 წელი ჩემთვის
საკმაოდ მნიშვნელოვანი და დატვირთულია, რადგან სექტემბრის ბოლოს არის სალიცენზიო მსოფლიო.
ეს ნიშნავს, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსეული მიიღებს ოლიმპიურ ლიცენზიებს და ამ
ექვსეულში თუ მოხვდები ავტომატურად გაქვს მონაწილეობის მიღების უფლება 2020 წლის ტოკიოს
ოლიმპიადაზე. ამ ეტაპზე სწორედ ამისთვის ვემზადები.
-იქიდან გაომდინარე,
რომ ჩვენი ჟურნალის ძირითადი მიმართულება მოდაა, ამასაც გკითხავ, რომელიმე ტანსაცმლის
ბრენდთან ხომ არ თანამშრომლობ?
-დიახ, ვთანამშრომლობ.
ამჟამად ხელშეკრულება მაქვს დადებული სპორტულ ბრენდ “Nike”-თან და ჩემს ჩაცმულობაზე სწორედ ეს ბრენდი ზრუნავს.
კიდევ მქონდა რამოდენიმე კომპანიასგან შემოთავაზება, თუმცა სანამ ამჟამინდელი კონტრაქტის
ვადა არ ამოიწურება, მანამდე ვერ ვითანამშრომლებ სხვა სპორტულ ბრენდთან.


-უამრავი ოლიმპიადა
გაქვს მოგებული, თუმცა ამ ეტაპზე რა წარმოადგენს შენს ძირითად მიზანს?
-ამ ეტაპზე ჩემი
მთავარი მიზანია, რომ მოვხვდე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და შემდგომ უკვე ჩემი შესაძლებლობების
მაქსიმუმი გავაკეთო. მთავარი ისაა, რომ ის საქმე, რასაც დღეს მე ვაკეთებ უდიდეს სიამოვნებას
მანიჭებს და ძალიან მიყვარს, ეს კი უმთავრესი
ფაქტორია კარიერული წარმატებისთვის.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი
რედაქტირება ქეთი ხატიაშვილი
რედაქტირება ქეთი ხატიაშვილი










Comments
Post a Comment