თვის სახე - რუსა ჩაჩუა.



21-ე საუკუნის ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ხშირად გვიწევს არჩევნის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის, თუმცა არსებობენ გამონაკლისები, რომლებმაც მოახერხეს, როგორც წარმატებული კარიერის შექმნა ასევე სამაგალითო ოჯახის აშენებაც. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი “Bigsie Magazine”-ის აგვისტოს თვის სახე, დიზაინერი, მოდელი, ტელეწამყვანი, მეუღლე და ოთხი შვილის დედა რუსა ჩაჩუაა.


-დავიწყოთ კარიერით. როდის და როგორ დაიწყე მოდის სფეროში მოღვაწეობა? -საკმაოდ პატარა ასაკში, 14 წლისამ, გადავდგი პირველი ნაბიჯები მოდის ინდუსტრიაში, როდესაც გამოვედი ჩემი დის მეგობრის სადიპლომო ჩვენებაზე. არასდროს მიცდია, რომ ვყოფილიყავი მოდელი, ტელე-წამყვანი, ფოტო-მოდელი და ა.შ, ანუ საკუთარი თავისთვის არასდროს გადამიწყვიტავს, რომ ვყოფილიყავი ერთი კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი. ყველაფერი თავისთავად და მოულოდნელად ხდებოდა. ჩემდაუნებურად ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი. საბედნიეროდ ჩემს გარშემო ყოველთვის კარგი გარემო იყო და საკმაოდ კარგ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. ვერც კი ჩამოვთვლი რამდენ გადაღებაში მიმიღია მონაწილეობა მათი თანადგომის დამსახურებით. ამ ეტაპზეც საკმაოდ დატვირთული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ოთხი შვილის დედა ყოველდღიურად რაღაც სიახლეა ჩემს ცხოვრებაში.
-შენს ოჯახზე, რომ ვისაუბროთ. რამდენად ხშირი ურთიერთობა გაქვს ბავშვებთან? -ალბათ, როგორც ყველა დედას მეც განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი შვილები და მათდამი უდუდესი სიყვარული მხდის განსაკუთრებულ დედას. ჩემი ჩვიდმეტი წლის შვილისთვის თავისდროზე ისეთივე დედა ვიყავი, როგორიც ახლა ვარ ჩემი უმცროსი შვილებისთვის. იმის განცდა, რომ მათთვის საუკეთესო მინდა მაძლევს ძალას ოჯახში შევქმნა საუკეთესო გარემო. ამ ყველაფერში უდიდეს ინსპირაციას მაძლევს ჩემი მშობლების დამოკიდებულება ჩემს მიმართ და ვფიქრობ, ჩემს მშობლებს უდიდესი როლი მიუძღვით იმაში, რომ მე დღეს კარგი დედა ვარ.
-როგორ ახერხებ დროის ისე განაწილებას, რომ იყო წარმატებული შენს კარიერაში და ამავდროულად სამაგალითო დედა? -საკმაოდ რთულია. მე ძალიან ბევრი რამ დავთმე ჩემი ოჯახისთვის, იმისთვის, რომ ვყოფილიყავი კარგი დედა და ყურადღებიანი მეუღლე, თუმცა ამის მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის სიახლეა და ყოველთვის მრავალფეროვანი გარემოა, რაც მე ძალიან მახარებს და უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.
-ზაფხული თითქმის მიილია, ამიტომ მომიყევი როგორ გაატარე 2019 წლის ზაფხული და რით იყო გამორჩეული? -დასასვენებლად ვიყავი ბავშვებთან ერთად. ამ ეტაპზე მთელი ოჯახი აგარაკზე ვართ და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს მეუღლეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს აგვისტოს ბოლოს ორი კვირით მე და ჩემი მეუღლე მივდივართ დასასვენებლად.
-განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს მცენარეების მიმართ. რით დაიმსახურეს შენი ასეთი დიდი სიყვარული? -კი ნამდვილად. მცენარეები უზომოდ მიყვარს და ძალიან განვიცდი მათ ავად ყოფნას, ფოთოლცვენას და ა.შ.
-რომელი მცენარეები გაქვს და როგორ უვლი მათ? -ძალიან ბევრი მცენარე ბინადრობს ჩემს სახლში. ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან ბოლოში ვერ გავალთ. ძირითადად დიდი ზომის მცენარეები მიყვარს. სახლში მყავს 150 წლის „ბენჟამენი“, რომელსაც ყოველ დილით ვესალმები და მართლა ძალიან განვიცდი, როდესაც იწყენს.
-შენს განწყობაზე თუ მოქმედებს მათი აურა? -კი, ნამდვილად ძალიან მოქმედებს და თქვენს მკითხველსაც ვურჩევ, რომ სახლში მოაწყონ ყვავილების პატარა კუთხე იმიტომ, რომ მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ მათ არსებობას ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილებსაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ მცენარეების მიმართ. ჩემი უფროსი შვილი, თაზოც საკმაოდ ხშირად ახერხებს ჩემს გახარებას მცენარეებით.
-ჩვენი ონლაინ ჟურნალის ძირითადი მიმართულება მაინც მოდაა. ამ თემასაც, რომ შევეხოთ, როგორია შენი დამოკიდებულება ქართული მოდის მიმართ და როგორია შენი გარდერობი? -ჩემი გარდერობი ძალიან დიდია და ჩემს მეუღლეს, რომ ჰკითხოთ მალე სადარბაზოში მოუწევს ცხოვრება. ძალიან მიყვარს საერთოდ ტანსაცმელი და ესეც რაღაც სიამოვნებას მანიჭებს. მე თვითონ სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული და ქსოვილებთან ურთიერთობა, მათთან შეხება ძალიან მსიამოვნებს. რაც შეეხება დღევანდელ ქართულ მოდას ვფიქრობ, რომ ძალიან დაიხვეწა. ჩემი აზრით ქართველი ერი ოდითგანვე ძალიან გემოვნებიანი იყო და ახლაც ასეა.
-თუ გახსოვს ადამიანი, რომელიც 10-15 წლის უკან შენთვის სამაგალითო და მისაბაძი იყო თავისი სტილით? -კი, როგორ არა. მახსოვს ასეთი რამოდენიმე ადამიანი იყო. შეიძლება , თბილისისთვის არც თუ ისე ცნობადები და გამორჩეულები იყვნენ, თუმცა მე ჩემთვის მყავდა ასეთი რამოდენიმე ადამიანი, რომელთა სტილიც და გემოვნებაც ძალიან მხიბლავდა.
-კონკრეტული ადამიანი თუ გახსენდება, ვინც იყო შენი კუმირი?

-ჩემთვის დედაჩემი იყო ძალიან გემოვნებიანი, ასევე ბებიაჩემსაც ძალიან დახვეწილი გემოვნება ჰქონდა. ბებიაჩემი პოლონენი იყო და როცა თბილისში ჩამოვიდა ჰქონდა საკერავი მანქანა, რომლითაც ძალიან ბევრ და ლამაზ კაბებს ქმნიდა. მის კაბებს ირგებდნენ მზიურის ბავშვები და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ მის კაბებს ძირითადად ბავშვები ატარებდნენ მე სამწუხაროდ, არ მაქვს მისი შექმნილი სამოსი.
-შეიძლება ითქვას, რომ ბებიამ იმოქმედა შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე? -კი. ბებიამ, დედამ, ჩემმა უფროსმა დამ ძალიან იმოქმედეს ჩემს სტილზე.
-სამხატვრო აკადემია ახსენე. რა პროფესიის ხარ? -პროფესიით ვარ დიზაინერი. -რატომ არ გააგრძელე შენი პროფესიით მუშაობა? -ყველაფერს, თითოეულ ნიუანსს ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდები. როდესაც პირველი ბავშვი გავაჩინე მაშინ მივხდი, რომ უდიდესი პასუხიმგებლობა მქონდა ჩემი შვილის მიმართ და მივხვდი, რომ დედობა არაა მხოლოდ სიტყვა. გავაცნობიერე, რომ მე უნდა აღვზარდო ჩემი შვილები და მე, როდესაც მქვია მეუღლე საქმით უნდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. დიზაინერობასაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უნდა. გერქვას დიზაინერი საკმარისი არაა შეკერო ტასაცმელი და ჩაუშვა გაყიდვაში, ბევრი ფიქრი და ბევრი შრომა სჭირდება ამ პროფესიას. ალბათ ახალს ვერ შევქმნიდი, თუმცა რასაც გავაკეთებდი იქნებოდა ჩემი და ყველა დიზაინერს მინდა ვურჩიო, რომ აკეთონ თავისი საქმე ღირსეულად, ანუ შეიძლება გააკეთო რომელიმე ბრენდის მსგავსი სამოსი, თუმცა არ მოახდინო კოპირება.
-რამე ანტი-ტრენდი თუ გაქვს? - ანტი-ტრენდი არ მაქვს იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც არ მომეწონოს ,მაგრამ ვფიქრობ , ყველაფერს მოვირგებ. არც ამოჩემებული ტრენდი არ მაქვს. საერთოდ ჩემი გარდერობი ძალიან მრავალფეროვანია და არ არის ერთი რომელიმე მიმართულებით შევსებული.


-სექტემბრიდან თუ გაქვს რაიმე გეგმები კარიერის ან ოჯახის მხრივ? -ჯერ-ჯერობით ოჯახში გამრავლებას არ ვგეგმავ. კარიერას, რაც შეეხება ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ, რომ რაღაც წვლილი შევიტანოთ დიზაინის სფეროში, თუმცა არა ჩვენებებით. უბრალოდ მინდა, რაღაც ჩვენთვის დამახასიათებელი კოლექცია შევქმნათ. ჯერ ხმამაღლა მიჭირს ამ თემაზე საუბარი.


-და ბოლოს რას უსურვებდი ჩვენს ჟურნალს?
-პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენი ყურადღება დავიმსახურე და მინდა, გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც დიდ აღიარებას მოიპოვებთ.





ინტერვიუ გიგა უჩუვატოვი, ქეთი ხატიაშვილი ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე ადგილი "გარდენია" მაკიაჟი Nail Beauty

Comments