"პორტფოლიო" - გიგა ლაზარიშვილი.


ფოტო: კახაბერ შარტავა

გიგა ლაზარიშვილი ( Gigi Lazare)

სიმაღლე - 185
წონა - 78
თეძო - 100
ეროვნება - ნახევრად ქართველი, ნახევრად ბერძენი
ზოდიაქო - ქალწული


-როდის დაიწყე მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა?

-მოდელობა დავიწყე შვიდი წლის უკან, 20 წლის ასაკში. სიმართლე გითხრათ,ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, არც არასდროს მაინტერესებდა ეს სფერო უბრალოდ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები ყოველთვის მიბიძგებდნენ იმისკენ, რომ ბედი მეცადა და ჩემი ვიზუალი მაქსიმალურად გამომეყენებინა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ მართლა მეცადა და მენახა რა გამომივიდოდა. პირველი ნაბიჯები საკმაოდ წარმატებულად გადავდგი, რაც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა. კარიერაში ერთადერთი ჩავარდნა მქონდა, როდესაც მონაწილეობა მივიღე 2015 წლის „მისტერ ვალენტინში“, სადაც ყველა პრიზი ავიღე, თუმცა გამარჯვება ვერ მოვიპოვე. საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ მოდელობა ჩემთვის უბრალოდ ჰობია, რადგან პროფესიით მხატვარი ვარ და ჩემს უდიდეს დროს სწორედ მხატვრობას ვუთმობ.

ფოტო: გიორგი წიკლაური


-პირველი ემოციები თუ გახსოვს სააგენტოში მისვლისას?

-ემოციები დიდად არ მახსენდება, თუმცა როდესაც პირველად მივედი ვფიქრობდი, რომ იქ მყოფი თითოეული ადამიანი ჩემზე უკეთესი იყო. ბუნებით საკმაოდ მორცხვი ვარ ამიტომ  მეგონა, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო.




-თუ გახსოვს პირველად რომელ ჩვენებაში მიიღე მონაწილეობა?

-ჩემი პირველი პოდიუმზე გამოჩენა იყო მარიტა მამუჩაშვილის ჩვენებაზე. სამწუხაროდ, ეს დიზაინერი ქართულმა საზოგადოებამ ნაკლებად იცის, თუმცა ხშირად იღებს მონაწილეობას ნიუ იორკისა და კანადის მოდის კვირეულებზე. მე ვიყავი მისი პირველი სახე.

ფოტო: გიორგი წიკლაური



-როგორ ფიქრობ რატომ არის საქართველოში მამრობითი სქესის მოდელების დეფიციტი?

-ჩემი აზრით, ამას ქართველი მამაკაცების კომპლექსი განაპირობებს მსგავსი საკითხების მიმართ. სხვის აზრზე ზედმეტად დამოკიდებულები არიან და რეალურად არ აკეთებენ იმას, რაც თვითონ სურთ. თუმცა ამ ბოლო დროს ნელ-ნელა სიტუაცია იცვლება და მამაკაცი მოდელებიც წინა პლანზე წამოვიდნენ.




-შენ თუ შეგქმნია რაიმე სახის დაბრკოლება საზოგადოების მხრიდან?

-სხვათაშორის მე პირადად მსგავსი დამოკიდებულება არ მიგვრძნია არც ოჯახის და არც ჩეულებრივი, რიგითი ადამიანების მხრიდან. არასდროს არ მეშინოდა კრიტიკის. პირიქით დღემდე ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ჩემი უდიდესი ოცნება ევროპაში ბილბორდზე მოხვედრაა.

ფოტო:გიორგი წიკლაური


-თუ გაქვს რომელიმე გამორჩეული კამპანია, რომელშიც მონაწილეობა მიგიღია?

-კი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა „როლექსის“ გადაღება მონაკოში.

-როგორ ფიქრობ რამ განაპირობა შენი წარმატება?

-ჩემი წარმატება განაპირობა იმან, რომ ყოველთვის აქტიური პერსონა ვიყავი. საკმაოდ მაქსიმალისტი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ მიზნის მისაღწევად, ოღონდ წარმატებისკენ მიმავალ კარგ გზას ვირჩევ და არა ცუდს. მირჩევია ბევრი შრომა დამჭირდეს და გარკვეულ ეტაპებზე იმედგაცრუებაც ვნახო, მაგრამ საკუთარ თავთან მართალი ვიყო, ვიდრე მარტივი და ბინძური გზით ვიარო, შესაბამისად ამ სფეროშიც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდე. თითქმის ყველგან გავაგზავნე პორტფოლიო და საბოლოოდ შრომამ შედეგი გამოიღო. დაახლოებით ერთ თვეში დამიკავშირდნენ სააგენტოდან და მითხრეს, რომ ძალიან მოვეწონე და უნდოდათ მილანში ჩავსულიყავი. როდესაც ჩავედი ის პერიოდი ზუსტად მილანის მოდის კვირეულს დაემთხვა და დავესწარი თითქმის ყველა მაღალი მოდის ბრენდის ჩვენებას.




-რა გაკავშირებს „Dolce & Gabbana”-თან?

-როდესაც მილანში ჩავედი ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა გამაცნო სტეფანო გაბანა და მასთან ძალიან დავახლოვდი. ეხლა ვემზადები სწორედ ამ ბრენდის ჩვენებაზე გამოსასვლელად.




-როგორ მოხვდი “Looks Models Management”-ში?

-სანამ სააგენტოში მივიდოდი გავიცანი ნინო ცქიტიშვილი და მასთან საუბრის შემდეგ ძალიან მოვიხიბლე ამ სამოდელო სააგენტოს მიღწევებით, შესაბამისად გადავწყვიტე და მივხდი, რომ სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც მაქსიმალურად დამეხმარებოდნენ და ჩემს თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდნენ. საბედნიეროდ არ შევმცადრავ. მოვლენები სასწაულად სწრაფად და კარგად განვითარდა ჩემს კარიერაში.




-რა არის შენი სამომავლო გეგმები და მიზნები?

-ძალიან ბევრი გეგმა მაქვს ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, რომ ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს გავაცნო.



ტექსტი გიგა უჩუვატოვი, ქეთი ხატიაშვილი

Comments