“Diet Prada” - უძლიერესი მედია პლათფორმა მოდის ინდუსტრიაში.



“Diet Prada” - უძლიერესი მედია პლათფორმა მოდის ინდუსტრიაში “Diet Prada” მოდის ყველაზე საინტერესო და აქტუალური ახალი მედია პლატფორმაა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს ტონი ლიუმ და ლინდსი შუილერმა დააფუძნეს ინსტაგრამ ექაუნთი სახელად - “Diet Prada.” 1.5 მილიონი გამომწერი და აქედან 300,000 უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. გვერდის გამომწერებს შორის არიან: ჯიჯი ჰადიდი, კარლი კლოსი, მარკ ჯეიკობსი, ქიარა ფერანი, კრის ვან აშე და კიდევ უამრავი ცნობილი ადამიანი. მაინც რა გახდა ასეთი პოპულარობის მიზეზი?! მოდი ასე ვთქვათ, „Diet Prada” არ არის უბრალო მედია სივრცე. მას აქვს მისია და იგი იქცა მოდის ინდუსტრიის დარაჯად. თავდაპირველად ყურადღება მიიქცია დიზაინერებისა და ბრენდების მიერ კოპირებების გამოაშკარავებით, თუმცა მას შემდეგ საკუთარი მაშტაბები გააფართოვა და ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: რასიზმი, სექსუალური შევიწროვება, ნარკოტიკები და ა.შ. როგორც თავად დამფუძნებლები აღნიშნავენ დასაწყისში მათი მიზანი ასეთი ღრმააზროვანი არ ყოფილა.



ისინი უბრალოდ ისხდნენ და გართობისთვის პოსტავდნენ ბრენდებსა და კოლექციებს შორის მსგავსებებს. ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ სამი წლის შემდეგ ყველაფერი ასე შემობრუნდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერმა იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ მოვლენები თავისთავად განვითარდა. საზოგადოებაზე ამხელა გავლენა არ ჰქონია არც-ერთ სხვა ონლაინ მედია პლატფორმას შესაბამისად მათ თავი ვალდებულად ჩათვალეს საკუთარი გავლენა გამოეყენებინათ სიმართლის გამოსააშკარავებლად და საზოგადოებისთვის რეალობის დასანახად. „Diet Prada”-ს შესწევს იმის ძალა და უნარი, რომ იყოს ყველაზე დიდი საჯარო ფორუმი, სადაც მილიონობით ადამიანს შეეძლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი უამრავ საკითხთან დაკავშირებით. ეს გვერდი არსებობს იმისათვის, რომ მსოფლიოს გააგონოს ხალხის ხმა. ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი იყო “Dolce&Gabbana”-ს ჩვენების დახურვა შანხაიში.



უბრალოდ წარმოიდგინეთ რამდენად დიდია მისი გავლენა, რომ შეძლო და ჩაშალა ერთ-ერთი უდიდესი მაღალი მოდის ბრენდის ჩვენება რასიზმის გამოვლინებით. და მაინც შეუძლია მსოფლიო ენდოს „Diet Prada”-ს? ვირჯილ აბლომ განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში არსებული მგავსი გვერდები ბევრ ნეგატიურ ემოციას იწვევს, რაც აფერხებს კრეატიულობას და უარყოფით როლს თამაშობს მოდის ეკოსისტემაში. თავად გადაწყვიტეთ რას ემსახურება იგი, თუმცა ფაქტი ერთია - „Diet Prada” არის ის უძლიერესი მედია პლატფორმა, რომელიც ფაქტობრივად განაგებს მოდის ინდუსტრიას.




ქეთი ხატიაშვილი

Comments