ინტერვიუ თამთა შინდელიშვილთან.
თამთა შინდელიშვილი ყველასათვის საყვარელი ქართველი დიზაინერია. სახელი ფეხსაცმელების წარმოებით, არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც გაითქვა. მისი მთავარი ნიშა ხარისხი და გამორჩეული დიზაინია.
- როდის დაიწყე დიზაინერობა და როდის დაგაინტერესა მოდამ ?
- მოდა ბავშვობიდან მაინტერესებს. ზოგადად აქტიური ბავშვი ვიყავი და თავი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში მოვსინჯე. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მაკა ასათიანის ჩვენებებმა, რომლებსაც ტელევიზორით ვადევნებდი თვალყურს. როგორც ჩანს, ეს სფერო თავდაპირველადვე ჩემი იყო, თავიდანვე მიზიდავდა. ადრეული ასაკიდან ვხატავდი და თოჯინებისთვის კაბებს ვკერავდი.
- ბავშვობის ოცნებების რეალიზებას როდიდან იწყებ ?
- თავდაპირველად, იურიდიულზე ჩაბარებას ვგეგმავდი, ეს სფეროც ძალიან მომწონდა, თუმცა გამოცდებამდე სამი თვით ადრე მივხვდი, რომ დიზაინერობა მერჩივნა. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. ავიღე გრენტი და შეიძლება ითქვას, რომ რაც ჩაფიქრებული მქონდა, მივაღწიე.
- სამხატვრო აკადემია რა განხრით დაამთავრე?
- თავდაპირველად, ვისწავლე ტყავზე მუშაობა, შემდეგ კი სწავლა მაგისტრატურაზე გავაგრძელე. სხვათაშორის, თავიდანვე ჩემს კოლექციებში აქცენტს ფეხსაცმელსა და ჩანთებზე ვაკეთებდი.
- პირველი კოლექცია როდის შექმენი ?
- პირველ კოლექციებს სამხატვრო აკადემიაში ვკერავდი. ეს კოლექციები საკმაოდ კრეატიული იყო და ზოგიერთი კოსტიუმი დღემდე შემოვინახე. პირველი ჩვენება სამაგისტრო ნაშრომისთვის გავაკათე. ამის შემდეგ ორჯერ მივიღე მონაწილეობა "Benext"-ზე და ასევე, თბილისის მოდის კვირეულის "ნიუ ქამერების" კონკურსზე. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. ამ ეტაპზე ძალიან სერიოზულ საერთაშორისო კონკურსებზე ვაპირებ გასვლას.
- რა მოსწონს შენს მომხმარებელს შენს ბრენდში?
- ჩემს მომხმარებელს ყველაზე მეტად იმიტომ მოწონს ჩემი ბრენდი, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ჩემია და ჩემს გემოვნებასთან ასოცირდება. ჩემი პირადი სტილი თანამედროვეობის გათვალისწინებით სპორტულის და კონცეპტუალურის ნაზავია. მოდა პირველრიგში ხელოვნებაა, ხოლო შემდეგ ბიზნესი.
- ვინ არიან შენი მომხმარებლები და კონკრეტულად რა მოდელებს ქმნი ამ ეტაპზე?
- ჩემი მომხმარებელი 40 წლამდეა. მოდელები ძირითადად ახალგაზრდებზეა გათვლილი. ყველაფერი, ჩანთები, აქსესუარები, ფეხსაცმელი იკერება ნატურალური მასალით. მასალები იტალიიდან ან თურქეთიდან მაქვს ხოლმე.
- რით გამოირჩევა შენი ფეხსაცმელები ქუჩაში სხვებისგან ?
- ადრე დიდი რაოდენობით მეტალს ვიყენებდი და ამით ვიყავი ცნობილი. ახლა ვცდილოთ ხაზი გავუსვა კოსტრუქციებს, სადაც ხაზებს და ფორმებს ექცევა მნიშვნელობა.
- რა გაძლევს ინსპირაციას ?
- არასდროს არ შთამაგონებს ვინმე კონკრეტული პერსონა. ინსპირაციას ნებისმიერი რამ მაძლევს. მაგალითად, ქუჩაში შემთხვევით დანახული საინტერესო საგანი. იდეები ფეხით გადაადგილების დროს მომდის
- შენს ბოლო კოლექციაზეც რომ ვისაუბროთ. როგორი გამოდგა ზაფხული , როგორ გაიყიდა კოლექცია, რომელი მოდელი მოეწონათ და რომელი უფრო ნაკლებად ?
- ზაფხულისთვის კომერციული ხასიათის კაფსულა-კოლექცია შევქმენი. ამ სეზონზე ჩვენება არ მქონია. ძალიან კარგად გაიყიდა. ფეხსაცმელები ძალიან მოთხოვნადია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
- სამომავლოდ რას გეგმავ ?
- ვემზადები შემოდგომისთვის და მომხმარებლებს ასევე ახალ"კაფსულა-კოლექციას" შევთავაზებ. მინდა, რომ ჩემი ბრენდის ხარისხი უფრო მეტად დავხვეწო. გარდა ამისა, ვაპირებ, რომ უფრო აქტიურად ვიმუშავო ტანსაცმლის ხაზზეც. ასევე, ძალიან მინდა, რომ გავიდე ევროპის ბაზარზეც.
- ჩვენ ონლაინ-ჟურნალს როგორ შეაფასებ ?
- მუდმივად თვალყურს ვადევნებ და ყოველთვის ობიექტური შეფასებები გაქვთ ხოლმე. ძალიან გამიხარდება თუ ბევრ სხვა ქართველ ცნობილ დიზაინერებთანაც ჩაწერთ ინტერვიუს.
გიგა უჩუვატოვი
-













Comments
Post a Comment