რედაქტორისგან : მოდელიც ადამიანია.


  

  მაინც რა აბედნირებს ქალებს? მიზნები თუ ოცნებები ? შედეგი თუ პროცესი ? იქნებ სულაც ბრილიანტები - ამაზე ბევრი მიფიქრია ...
 მოდელობა ოდითგანვე პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა. "თუ მოდელი იყავი, ესეიგი სარფიანად გათხოვდებოდი."-ხშირად გამიგია, ზოგიერთი ძველი თაობის ქართველი მოდელისგან.
      რა იგულისხმება სარფიანად დაოჯახებაში ? ფეხბურთელი და ბიზნესმენი მეუღლე , რომელიც საბოლოოდ ცოლს ფინანსურად უზრუნველყოფდა და მის მიზნებსა თუ კარიერას უკანა პლანზე წევდა, რადგან თანაცხოვრებიდან ორ-სამ წელში ხვდებოდა,რომ არჩევანში შეცდა და ლამაზ ქალზე უფრო მეტი სურდა ან თუნდაც, ეგოისტურად კუთვნილი სილამაზის სხვისთვის გაზიარების ეშინოდა ?!
  პოდიუმზე გავლა ავტომატურად სილამაზესთან ასოცირდებოდა. სილამაზის აღქმის კრიტერიუმები კი ათწლეულების მიხედვით იცვლებოდა. უკანასკნელმა რამდენიმე ათწლეულმა განსაკუთრებით მკაფიო დაღი დაასვა მოდელის პროფესიას.  ანორექსია - დაავადება, რომელმაც 2000-იანების ბევრი მოდელი შეიწირა. მკაცრი დიეტა,ასობით გაჩენილი დაავადება, წონის სწრაფი კლება, დაქვეითებული იმუნიტეტი, სიკვდილი...
 დიახ , მეგობრებო, მოდელის ცხოვრება სულაც არ ჰგავდა კონკიას ზღაპარს და არც რომელიმე ფილმს "დისნეიდან". თუმცა, ლამაზ ქალს ჟურნალის ყდიდან  ყველა პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობოდა. მოდელი ეს იყო პერსონა!
  თუმცა, დროთა განმავლობაში, მოდის განვითარების რიტმები შეიცვალა. მოდა უფრო ლიბერალური გახდა და კრიტერიუმებიც გადახარისხდა. ჯერ იყო და "პლუს-ზომის" მოდელების ერა დაიწყო, ამას მოყვა ანდროგენები და ახლა უკვე თითქმის არ არსებობს მკაცრი პარამეტრები, რომლის დაცვაც მოდელს უწევს, თუ ცხადია, საუბარი არ არის კონკრეტულ პროექტსა ან კონკურსზე. პოდიუმზე შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი თუ აქვს რაღაც, რომელსაც პირობითად X დავარქმევ . 
  მიუხედავად იმისა, რომ ქასთინგებზე შინაგან მახასიათებლებს დიდ ყურედღებას აქცევენ, ამავ დროულად საპირისპიროსაც ხშირად ვხვდებით , ცინიკური დამოკიდებულებას დიზაინერების მხრიდან, "ქასთინგ-დირექტორების" უხერხული კომენტარები და ა.შ
 როდესაც ამ პროფესიას ირჩევ მზად უნდა იყო, რომ შეიძლება ჩვენების დაწყებამდე ორი წუთით ადრე მოგხსნან...
   ესეც თქვენი აუხდენელი ოცნება, რომელთანაც ისე ახლოს იყავით, ცოტაც და თამამად გააბიჯებდით პოდიუმზე,მაგრამ ყველაფერი ზუსტად ერთ სიტყვაში დამთავრდა: "მოხსნილია ". რა ხდება მერე ? რამდენმა შეძლო პროფესიის გაგრძელება ასეთი უარის შემდეგ ? რამდენად დიდი გავლენა იქონია უარმა ან ცინიკურმა დამოკიდებულებამ მოდელზე? მოდელზე და შემდეგ უკვე ქალზე, შვილზე, მომავალ დედაზე, ცოლზე ან მეგობარზე ?
  გარეგნული მახასიათებლები, ჩვენი ვიზუალი ეს ის სენსიტიური თემაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება  ჩვენს თავმოყვარეობას, რთულია, აიტანო უარი. ამ დროს შენ ავტომატურად ფიქრობ, რომ შენ არ ხარ ლამაზი. თავს აჯერებ, რომ სხვა შენზე უკეთესია და სულაც არ იმსახურებ პოდიუმზე გასვლას ან გვირგვინს სილამაზის კონკურსში.
 არა, მეგობრებო. თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად ლამაზია. მთავარი ხომ მაინც სულიერი სილამაზეა ?! სულიერ სილამაზეს კი გარეგნული და შინაგანი ჰარმონიის სინთეზი ქმნის. ამასთანავე, შინაგანი თავდაჯერება უფრო დიდი ენერგიის მატარებელია და საბოლოოდ უფრო მეტი დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია, ვიდრე გარეგნულს.
 არასდროს არ დაყაროთ ფარ-ხმალი. გაიხსენეთ, რომ თქვენ ხართ ქალები,ყველაზე ლამაზი არსებები დედამიწაზე. არ შეგაშინოთ ერთმა უარმა, თუ თქვენ გჯერათ, რომ გვირგვინს იმსახურებთ თქვენ მას მიიღებთ, უბრალოდ არ უნდა დანებდეთ. ადექით ახლავე, ჩაიხედეთ სარკეში და გაიმეორეთ, რომ თქვენ ლამაზი ხართ, თქვენ იმსახურებთ გამარჯვებას, წარმატებას , დიდებას და პატივისცემას. აქციეთ ეს ფრაზები დილის აფორიზმებათ და იქამდე იმეორეთ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ. გამოდით კომფორტ ზონიდან. თუ ერთმა სააგენტომ კარი მოგიხურათ მეორესთან მიდით, თუ ერთი კონკურსიდან მოგხსნეს სხვაზე გადით, თუ უსამართლოდ მოგექცნენ სამართლიანი პასუხი გაეცით, გაეკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ არ დაკარგოთ მოტივაცია.
 კრიტერიუმები მუდმივად იცვლება და თქვენ უნდა შეძლოთ, რომ ამ მრავალმილიონიან ინდუსტრიაში არ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი. ობიექტურად შეაფესეთ თქვენი მონაცემები და ეცადეთ, რომ უარყოფითი ასპექტები შეცვალოთ, თუმცა არა მთლიანად თქვენი თავი, თქვენი "მე" , ეგო, რომელიც ასეთს განსაკუთრებულს ხდის თითოეულ ჩვენგანს.
  და მაინც, სულ ცოტა რამ არის საჭირო ქალი რომ ბედნიერი იყოს. ლამაზი კაბა, კარგი ვარცხნილობა და რამოდენიმე კომპლიმენტი. გავაბედნიეროთ ერთმანეთი კომპლიმენტებით.


 

Comments