გაიცანით "Benext"-ის გამარჯვებული და "Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi"-ის დებიუტანტი დიზაინერი - ლევან შველიძე





 23 წლის ქართველი დიზაინერი, ლევან შველიძე (ბრენდი - "Levau Shvelidze") თავის კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს, თუმცა წარმატებამ არ დააყოვნა და სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე, 2018 წელს "Benext"-ის კონკურსში გაიმარჯვა ახლა  კი უკვე მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში "გაზაფხული/ზაფხული 2020" სეზონის კოლექციით წარდგება. ექსტრავაგანტულობითა და სტერეოტიპების დამსხვრევით გამორჩეული ახალგაზრდა დიზაინერის ინსპირაციის წყაროს ბავშვობის მოგონებები წარმოადგენენ და მისი მიზანია საკუთარი კოლექციებით შეძლოს საზოგადოებამდე იმ ემოციების მიტანა, რასაც თვითონ გრძნობს და განიცდის.



  - -ლევან როდის დაგაინტერესა მოდამ? რას ნიშნავს ის შენთვის?

ბავშვობიდან მიყვარდა ტანსაცმლის მორგება, გარდერობების ქექვა და ვინტაჟური ტანსაცმლის თვალიერება. ასევე ვხატავდი, ვქმნიდი  პერსონაჟებს, რომლებსაც ჩემს კოლექციებში გავაცოცხლებ. გარდა ამ სფეროს მიმართ უდიდესი სიყვარულისა კიდევ ბევრი ფაქტორია რის გამოც მინდა ვიყო ჩართული მოდის ინდუსტრიაში. მაგალითად ადამიანის ან ცხოველთა უფლებები, რომელთა დასაცავად და გამოსასწორებლად მინდა წვლილი შევიტანო და ჩემს კოლექციებში გამოვხატო სათქმელი. სამომავლოდ ასევე მინდა ჩავერთო ეკო მოდაში.






     -გამორჩეული სტილი გაქვს და არა ერთხელ მიიქციე ყურადღება კვირეულზე, როგორც სტუმარმა, რის გამოხატვას ცდილობ ჩაცმის სტილით და საერთოდ რა დანიშნულება აქვს შენთვის სამოსს?

 ჩემთვის მთავარი ფაქტორი კომუნიკაციაა ტანსაცმელსა და ადაიანს შორის. უნდა მოგწონდეს, გიყვარდეს კიდევაც და კომფორტულად  გრძნობდე თავს.


            -როგორ და როდის ჩამოყალიბდა შენი ბრენდი? გაიხსენე პირველი ნამუშევრები, რით იყო ინსპირირებული?

 ბრენდი ნელ-ნელა ყალიბდება.  ვთვლი, რომ გარკვეული ეტაპები უნდა გავიარო განვითარებისთვის. პირველი კოლექციით და „Benext”-ზე გასვლით დაიწყო ყველაფერი, თუმცა მანამდეც იყო პატარ-პატარა ნაბიჯები, რომელთაგანაც გამოვყოფდი უტა ბექაიასთან და რია ქებურიასთან კოლაბორაციას.

  -როგორ მოხვდი „Benext”-ზე? რა მოგცა ამ პროექტმა?

"Benext”ის შესახებ დიდი ხანია ვიცი და ყოველთვის თვალს ვადევნებდი აკადემიაში სწავლის პერიოდში, შესაბამისად სადიპლომო კოლექციის გაკეთების შემდეგ მოვხვდი კონკურსში. მეტი გამოცდილება და ამ სფეროში ჩართული ადამიანების მხრიდან დაინტერესება მივიღე.შემდეგ კი "Benext“-ის სახელით უკრაინაში გამაგზავნეს, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, რამაც ძალიან გამახარა და რათქმაუნდა იქაც უდიდესი გამოცდილება მივიღე.





    -თუ მუშაობ ახალ კოლექციაზე და გამოხვალ თუ არა წელს კვირეულზე, როგორც განრიგის ოფიციალური წევრი?

კი ახალი კოლექციით წავრსდგები "Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi"-ის ფარგლებში.

.    - სად არის შესაძლებელი შენი ნამუშევრების შეძენა?

ჯერჯერობით ინსტაგრამის საშუალებით ან უშუალოდ ჩემთან კონტაქტით.


    -რას გეგმავ სამომავლოდ? გააგრძელებ თუ არა მოღვაწეობას საქართველოში?

ჯერ შოუ როგორ ჩაივლის იმის მიხედვით. თუ საინტერესო შეთავაზება მქონდა საზღვარგარეთაც წავალ მაგრამ ვფიქრობ ჯერ აქ ვცადო რისი გაკეთებაც მინდა. სწავლას რაც შეეხება წინასწარ არ მაქვს დაგეგმილი თუმცა სურვილი მაქვს.







Comments