Synesthesiac - თეკლა გელაშვილის წარმატების ისტორია.
ქართველი დიზაინერების წარმატების ისტორია დღეს თითქმის აღარავის უკვირს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. მათ შორისაა,თეკლა გელაშვილი, რომელთან ინტერვიუს შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი მისი გამოცდილებითა და განათლებით. დღეა სპეციალურად "Bigsie magazine"- სთვის თეკლა მკითხველს თავის ბრენს "Synesthesiac" გააცნობს.
-პირველ რიგში მოგვიყევი შენს შესახებ, როდის და როგორ დაიწყე მოდის სფეროში მოღვაწეობა და სად მიიღე განათლება ამ მიმართულებით?
- ძალიან რთულია, რომ 35 წლის ასაკში ადგე და შეიცვალო პროფესია და მოხვდე ისეთ რთულ სფეროში, როგორიცაა მოდა. ჩემი, როგორც დიზაინერის კარიერა დაიწყო „Be Next”-ის კონკურსში მონაწილეობის მიღებით, სადაც გადმომცეს პრიზი და გავემგზავრე მილანში, “Istituto Europeo di Designis”-ის საზაფხულო სკოლაში, სასწავლებლად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სოფო ჭყონიას დამსახურებაა. Fashion Design Foundation-ის კურსის ფარგლებში მივიღე საბაზისო განათლება, თუმცა მანამდე ნიუ-იორკში “Parsons School of Design” -ში გავლილი მქონდა ოთხ თვიანი კურსი ასევე მოდის დიზაინის განხრით. “Istituto Europeo di Design”-ში სწავლის დროს მივიღე შემოთავაზება, რომ სწავლა გამეგრძელებინა Master-ზეც.
ამის პარალელურად ზაფხულში მილანში ყოფნის დროს “Domus Academy”-ის ღია კარის დღეს შევხვდი წარმომადგენლებს და ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ შემომთავაზეს იტალიურ „ვოგთან“ ერთად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება. რა თქმა უნდა დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ჯილდოდ გადმომეცა დაფინანსება რათა გამევლო კურსი „Domus Academy”-ში, სადაც სწავლა დავიწყე 2017 წლის იანვარში. ეს კურსიც საკამოდ დიდი წარმატებით დავხურე. “Domus Academy” ძალიან მნიშვნელოვანი აკადემიაა ჩემთვის, რადგან მათი პროგრამა მთლიანად აგებულია პრაქტიკულ მოდულებზე და არ გასწავლიან მხოლოდ თეორიულ მასალას, რაც სტანდარტულად ხდება.
- ამის შემდეგ რომელ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობდი ?
- ამ აკადემიის წყალობით ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ბრენდთან კოლაბორაციით შევქმენი კოლექცია, მათ შორისაა: “Gianfranco ferre,Frankie morello, Versus Versace” და ა.შ ამის შემდგომ ამიყვანეს დიზაინ სტუდიოში, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: „Prada”, “Bottega Veneta”, “Jil Sander” და ა.შ. მე პირადად ვმუშაობდი :ჯილ სანდერის“ აქსესუარებზე და ასევე „მარნის“ კაფსულა კოლექციაზე. საბოლოოდ „ვერსაჩეს“ მოდის სახლისგან მივიღე შემოთავაზება, რომ მემუშავა მათთან დიზაინ ჯგუფში უკვე, როგორც ოფიციალურ თანამშრომელს თუმცა ამ ეტაპისთვის მომიწია საქართველოში დაბრუნება და სამწუხაროდ ეს თანამშრომლობა ვერ შედგა. ასევე მივიღე შემოთავაზება "Gucci"-სგან, თუმცა უკვე საქართველოში ვიყავი და სამწუხაროდ, ვეღარ წავიდოდი , თუმცა მათ "HR"-თან კარგი ურთიერთობა მაქვს შენარჩუნებული და სამომავლოდ მათთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ.
-როდის ჩამოყალიბდა „Synesthesiac”?
-ბრენდმა ჩამოყალიბება დაიწყო ჩემი სწავლის პერიოდში. იტალია ეძებდა წარმომადგენელს, წარმატებულ სტუდენტს, რომელიც წარმოაჩენდა მას ვიეტნამის მოდის კვირეულზე და წარმომადგენლად ამარჩიეს მე. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე ამ მოდის კვირეულის განმავლობაში. მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში წარვადგინე ჩემი კოლექცია შოურუმზე და ძალიან ბევრი საინტერესო სტატია დაიწერა ბრენდის შესახებ.
-საიდან წამოვიდა ბრენდის სახელის იდეა და რა არის ბრენდის ძირითადი კონცეფცია?
- ბრენდის სახელი - „Syenthesiac” დაკავშირებულია ჩემს და რა თქმა უნდა ბრენდის შინაგან სამყაროსთან. ჩემი კოლექციაზე მუშაობა ყოველთვის ფერებიდან იწყება. პირველ რიგში ვფიქრობ რა ფერები უნდა გამოვიყენო ამა თუ იმ სეზონისთვის. ძალიან მიყვარს ასე თუ ისე არასტანდარტული ფერების შეხამება, კონტრასტების ერთმანეთთან დაპირისპირება და ჩემი აღქმაც ვფიქრობ რომ ერთგავარად განსხვავებულია იგივე ფერების კუთხით.
პრინციპში ამ ყველაფრიდან გამომდინარე მოხდა ბრენდისთვისაც სახელის შერჩევა და არ მინდოდა ყოფილიყო მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი. კოლექციაზე მუშაობისას, მისი კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში ყოველთვის ვთამაშობ კონტრასტებით, რაც ჩემი აზრით ბრენდს და კოლექციას უნიკალურს ხდის. ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ კოლექციის ისტორიას. ვცდილობ, რომ თითოეულმა კოსტიუმმა, რაღაც გარკვეული ისტორია მოყვეს და ეს არ იყოს მხოლოდ ნაჭერი, რომელიც არაფერს ეტყვის საზოგადოებას.
-რა სიახლეებია ბრენდში და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
-ცოტა ხნის უკან მივიღე შემოთავაზება ბიონსეს სტილისტიგან. „ინსტაგრამის“ მეშვეობით ნახა ჩემი სამოსი და ერთ დილასაც მეილზე დამხვდა წერილი შემდეგი შინაარსით, რომ უნდოდათ ჩემი სამოსის გამოყენება ბიონსეს კლიპში. გამომიგზავნა კონკრეტული ლუქები, რომლებიც უნდა მიმეწოდებინა მათთვის მომდევნო დღეს. რა თქმა უნდა საქართველოდან ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა გამიმართლა, რომ იმ დროს ჩემი ტანსაცმელი იყო ლონდონში, ერთ-ერთ სააგენტოში, რომელსაც უნდა მიაწოდებინა ეს მათთვის, მაგრამ ამერიკის საბაჟოზე მოხდა ჩემი სამოსის ერთი კვირით დაკავება იმ კონკრეტული კლიპისთვის დაგვიანდა ტანსაცმლის ჩატანა, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი ქურთუკი გამოიყენეს სხვა კლიპში, რომელშიც მონაწილეობენ Chloe X Halle.
-სამომავლო გეგმები თუ გაქვს საქართველოში?
-სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება ძალიან მინდა, რომ ჩემი ბრენდი წარმოდგენილი იყოს საქართველოს ბაზარზეც. ამ ეტაპზე ვეძებ შესაფერის შოურუმს პარიზში, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩემი კოლექცია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში.
ტექსტი გიგა უჩუვატოვი, ქეთი ხატიაშვილი.




















Comments
Post a Comment