SAÚRY - მშვიდი , თავისუფალი და მოდური.
თუ კი ინსტაგრამის "სქროლვის" დროს ორიგინალური არტ-პრინტებიანი მაისურების ფოტოები ჯერ კიდევ არ შეგინიშნავთ, მაშინ მოიმარჯვეთ თქვენი გაჯეტები და საძიებო ქსელში SAÚRY მიუთითეთ.
სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ თათამ გრაფიკული და ლოგო დიზაინის მიმართულებით გააგრძელა მუშაობა, ადვილად შეითავსა "ფრილანსერ" დიზაინერის ამპლუაც და მაისურების ბრენდი დაარსა.
- თათა, მოდის სფერომ როდის დაგაინტერესა და რატომ მაინცდამაინც მაისურები?
- ბავშობიდან, მოდის სფერო ძალიან მაინტერესებდა და ამიტომ გადავწყვიტე , შემექმნა ისეთი მაისურები, რომელზე მუშაობისასაც გრაფიკულ დიზაინსაც გამოვიყენებდი. თავდაპირველად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შექმნილმა ჰუდებმა, ჩანთებმა და მაისურებმა ხალხსის დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩემი გვარი ძალიან მომწონდა, სახელზე ბევრი არ მიფიქრია და ასე შეიქმნა SAÚRY.
- თათა, რამდენად ითვალისწინებ დამკვეთების აზრს და რამდენად ერთგული ხარ შენი ბრენდის კონცეფციის?
- ნამუშევრებს მხოლოდ დამკვეთებს არ ვარგებ, რაც ვიცი , რომ შეიძლება არასწორი მარკეტინგული გათვლაა, მაგრამ სწორედ ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას, საკუთარ ხაზს მივყვე. მთავარი ხასიათია, შემდეგ ყალიბდება კონცეფცია. მინიმალისტურ პოსტერებს და არტ-პრინტებს ჩემით ვხატავ. მთელი ეს თანმიმდევრობა ჩემთვის უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის.
- როგორ სეგმენტზეა გათვლილი შენი მაისურები და რა გაძლევს მოტივაციას მუშაობისას ?
- კარგი იქნებოდა ჩემი ნამუშევრები კონკრეტულ სეგმენტზე არ იყოს ფოკუსირებული და ასეც მინდა იყოს. თუმცა, მაინც ვფიქრობ დამკვეთები ის 18-დან 35 წლამდე ქალები და მამაკაცები არიან, ვისაც ერთფეროვნება არ უყვართ, ვინც ცდილობენ ყოველთვის გამორჩეულები და განსაკუთრებულები იყვნენ. არ გამომიკვლევია, მაგრამ მგონია რომ ასეა. ძალიან სასიამოვნო და უდიდესი მოტივატორი ჩემთვის ისაა, როცა ზუსტად ვიცი და ვხვდები, თუ როგორ მოსწონთ ჩემი ნამუშევრები.
- რა არის შენი მიზანი ? როგორ ხედავ შენი ბრენდის სამომავლო განვითარებას?
- განვითარებას SAÚRY სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს. ამაზე და ამისთვის მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს. წინასწარ, რა თქმა უნდა, არაფერს ვიტყვი, მაგრამ მთელს იმ ენერგიასა და ინსპირაციას, რასაც ვიღებ, ჩემს ნამუშევრებში გამოვხატავ და ვეცდები, SAURY სულ სასურველი იყოს.
- რამდენად გიჭირს მარტო მუშაობა და თუ პასუხობს შენი ხარისხი ფასებს?
-არტ-პრინტებს, ვიზუალს და კონცეფციას მხოლოდ მე ვქმნი. ყველა მიმართულებით მუშაობა რომ მარტოს მიწევს, ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება რომ ბრენდი ახალია. ასეც მომწონს. ვცდილობ ის მასალა, რითიც ჩემი ნამუშევრები იქმნება, მაღალი ხარისხის იყოს, თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც შექმნი კონკრეტული სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს .
- სად შეიძლება შენი მაისურების შეძენა ?
- ამ ეტაპზე ძირითადად შეკვეთებს ვიღებ, მომხმარებლებს შეუძლია, ძალიან მარტივად დამიკავშირდეს ჩემი ბრენდის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე, სახელწოდებით “SAÙRY”, ასევე, აქტიურად ვიყენებ ჩემს პირად "ინსტაგრამ" გვერდსაც ბრენდის პოპულარიზაციისთვის.











Comments
Post a Comment