Ylinji - ალუდა არაბულის "სტარტაპი".

  

   თუ ქართულ სამეტყველო ლექსიკონს გადახედავთ ამოიკითხავთ , რომ ჰალსტუხს ქართულად ყლინჯს ეძახიან.
  რთულია, თანამედროვე ქართულ რეალობაში "სტარტაპ" ბრენდის სახელი ისე, შეარჩიო რომ ხალხს თავი დაამახსოვრო, თუმცა ვფიქრობ, "ყლინჯმა" ეს შეძლო.
  პროექტისა და იდეის ავტორი შეფ მზარეული 26 წლის ალუდა არაბულია. როგორც თავად, გვიყვება პროექტის იდეა ერთი წლის წინ გაუჩნდა, როცა თავისთვის პირველი ჰალსტუხი მოქსოვა.


- როგორ შექმენით პროექტი? 

- როგორც გითხარით, ჰობის დონეზე ვქსოვდი და ჩემმა პირველმა ხელნაკეთმა ჰალსტუხმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მალე მივედი იმ აზრამდე რომ მიმეცა წარმოების სახე, დავაფუძნე კომპანია "ყლინჯი" და ასე გამოვჩნდი რამდენიმე დღის წინ ბაზარზე. იდეის დაბადებიდან დღემდე , ეს დრო მოვახმარე ტექნიკურ, საორგანიზაციო იურიდიული საკითხების მოგვარებას, ლოგოს შექმნასა და შეფუთვის მოფიქრებას. ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად მიმდინარეობდა სტილზე და ხარისხზე მუშაობა და ვფიქრობ , გამოვიდა ძალიან საინტერესო პროდუქტი.



- როგორია თქვენი ბრენდის კონცეფცია და სტილი და რა რეაქცია აქვთ ხოლმე სახელის გაგონებაზე ?

- ბრენდის კონცეფციას რაც შეეხება, სრულად ხელნაკეთია, მზადდება საქართველოში და ვიყენებ ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის მასალას, როგორც ყლინჯის დასამზადებლად ასევე შესაფუთად. სტილი იქმნება, როგორც კლასიკური ,ასევე თავისუფალი. სახელს საკმაოდ დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მინდოდა , რომ სახელი ყოფილიყო ხმამაღალი და მცირე დოზით ინტრიგნული, მარკეტინგულადაც მინდა,რომ გაამართლოს, ამას კი ხარისხის შენარჩუნებით შევეცდები.


- როგორ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი აქსესუარები ?

- სეგმენტს რაც შეეხება, უნისექსია და ორივე სქესისთვის იქნება პროდუქტი გათვალისწინებული. ყლინჯის მორგება თინეიჯერით დაწყებული ზრდასრული ადამიანით დამთავრებული ყველას შეუძლია  . როგორც , საჯარო პირს, ასევე თითქმის ყველა კატეგორიას.



-როგორ ხედავთ თქვენი ბრენდის სამომავლო განვითარებას ?

- მოტივაციას პირდაპირ მომხმარებელი მაძლევს, რამდენადაც დაინტერესდება საზოგადოება და მიიღებს როგორც ორიგინალურ აქსესუარს, მით უფრო განვვითარდები და გავზრდი სეგმენტსაც. ვაპირებ ბავშვებისა და ასევე ქართული თემატიკისა ორნამენტების აღებას . ასევე, მინდა , რომ თექისგანაც დავამზადო.



- როგორია თქვენი ჯგუფი, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა? 

- ზემოთ ნახსენებს რათქმაუნდა მარტო ვერანაირად ვერ შევძლებდი თუ არა ჩემი უახლოესი მეგობრების და ჩემი მეუღლის გვერდში დგომა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ახალგაზრდა, დიზაინერს გვანცა ჭიხვარიას, რომელმაც ლოგოზე, მარკეტერს ანანო ეზიეშვილსა და ფოტოგრაფ ქეთი დათუაშვილს, რომელმაც პირველი კოლექციის ფოტოებზე იმუშავა . ამ ეტაპზე სამუშაო პროცესში უშუალოდ ვარ ჩართული და თვითონ ვამზადებ, მაგრამ უახლოეს პერიოდში დავასაქმებ ისეთ ადამიანებს ვინც დამეხმარებიან ქსოვასა და დამზადებაში.




- რა მასალებს იყენებთ აქსესუარების შესაქმნელად ?

- ყლინჯის დასამზადებლად ვიყენებ უმაღლესი ხარისხის მასალებს : შალს, ბამბას, ქაშმირს, ხელოვნურ აბრეშუმს, პოლიესტერსა, აკრილს და ა.შ. შესაფუთად გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა კრაფტირებული მუყაო.


-  როგორი იყო პირველი კოლექცია და თუ მუშაობთ ამჯერად ახალზე?

- სულ რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა ყლინჯი, და კოლექცია ამ ეტაპზე 17 მოდელს შეადგენს. პარალელურად მიმდინარეობს ახალ მოდელებზე მუშაობა. მომხმარებელს შეეძლება არსებულის შერჩევა , ასევე მისი გემოვნებით ნებისმიერი ფერის და სტილის დამზადება.



-რა ძირითად მესიჯებს აფიქსირებს თქვენი ბრენდი ?

- ტრენდული, ორიგინალური, თანამედროვე, მიმზიდველი, უნივერსალური, საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი პროდუქტი. შეფუთვაზე დაფიქსირებულია საოკუპაციო მესიჯიც - " პუტინი ოკუპანტია" .


- სად შეიძლება თქვენი აქსესუარების შეძენა? 

- ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ, "ფეისბუქ" და "ინსტაგრამ" გვერდებზე.


Comments