Sugarholic - 100%-ით ნატურალური და უსაფრთხო ქართული პროდუქტი.
დღეს კიდევ ერთ ქართულ პროდუქტზე, ამ შემთხვევაში კი თავის მოვლის საშუალებების სტარტაპზე მოგიყვებით. “შუგარჰოლიკი” ასე ქვია ბრენდს, რომელიც პირველი ქართული ეპილაციის პროდუქტის მწარმოებლად შეიძლება ჩაითვალოს. ვრცლად ბრენდის შესახებ მისი დამფუძნებელი, მარიამ ბართია ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.
- მომიყევით თქვენ შესახებ, როგორ დაარსდა თქვენი ბრენდი ?
- საეპილაციო პასტის წარმოების იდეა წლების მანძილზე ‘’მწიფდებოდა“ და იხვეწებოდა. 3 წლის განმავლობაში ვფიქრობდი შემექმნა ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტი, რომელიც დაიმსახურებდა მომხმარებელთა კმაყოფილებას. მინდოდა მომხმარებელი „დამოკიდებული“ გამხდარიყო ჩემს პროდუქტზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ასეც ხდება. კომპანიის სახელწოდებაც სწორედ ამ სურვილმა განაპირობა.“ ბრენდი დაახლოებით ერთი წელია ბაზარზეა, თუმცა უკვე მრავალი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. პროდუქცია მთელი გულით იქმნება, იფუთება და მიდის მომხმარებელთან.
- რას ითვალისწინებს ბრენდის კონცეფცია ? რა პროდუქტებს მოიცავს ?
- საწყისი იდეა ითვალისწინებდა მხოლოდ შაქრის საეპილაციო პასტის „შუგარინგის“ წარმოებას, თუმცა ბაზარზე წარმატებული დასაწყისის კვალვდაკვალ მოვიდა უამრავი სხვა იდეა, რომლებიც ასევე დიდი წარმატებით ხორციელდება. დღეს „შუგარჰოლიკი“ საეპილაციო პასტების გარდა აწარმოებს ყველასათვის სანატრელ შიის კარაქს, ყავის სახისა და ტანის სკრაბებს, ქუსლის კრემს. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რათა იყვნენ მუდამ მოვლილები და ელეგანტურები. კომპანიისთვის პროდუქტთან დაკავშირებით თითოეული მომხმარებლის გამოცდილება საინტერესოა, ვცდილობთ მათ დაუყოვნებლივ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, გავითვალისწინოთ მათ მიერ შემოთავაზებული რჩევები და რეკომენდაციები, რათა შეიქმნას მომხმარებელზე ორიენტირებული, ხარისხიანი პროდუქტი.

- როგორია პროდუქტის შემადგენლობა? რამდენად ეფექტურია ეპიცალაცია?
- პროდუქტი 100%-ით ნატურალური, ორგანული ნაწარმია, იგი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, შესაბამისად, არ იწვევს ალერგიას და არ აღიზიანებს კანს. ამასთან, გააჩნია მსუბუქი პილინგის ეფექტი, რაც გულისხმობს, კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, გამოყენების შემდეგ კანი ხდება გლუვი, ნაზი და ელასტიური. ჩვენი საეპილაციო პასტა თმას ფესვიანად იღებს, იკლებს თმის ზრდის ინტენსივობა და ოდენობა. იგი სრულიად უსაფრთხო და ამასთან, ექიმების მხრიდან ერთადერთი რეკომენდირებული საეპილაციო საშუალებაა ორსულების, ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისა და მოზარდებისათვის. შედეგი ინდივიდუალურია და მერყეობს სამიდან ოთხ კვირამდე.
- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი ბრენდი? ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?
- ჩვენი პროდუქტის მოხმარების ასაკი შეზღუდული არ არის, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მოზარდებიც ხშირად იყენებენ „შუგარჰოლიკის“ საეპილაციო, გამწმენდ თუ დამატენიანებელ საშუალებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანი, მომხმარებლის კმაყოფილება ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს, სწორედ კმაყოფილმა მომხმარებელმა განაპირობა ჩვენი გაფართოება და უდიდეს მოტივაციას შეგვძინა შემდგომი ზრდა-განვითარების მიმართულებით.
- რა განაპირობებს თქვენი მომხმარებლის დადებით შეფასებებს?
- ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს პროდუქციის მაღალი ხარისხი, მიღებული შედეგი და ხელმისაწვდომი ფასები. კომპანიისთვის მომხმარებლის აზრი, მათთან უკუკავშირი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ხშირად ვატარებთ გამოკითხვებს სოციალურ ქსელში, ჩვენს მომხმარებლებს ვეკითხებით თუ რამდენად სწორად შეძლეს პროდუქტის გამოყენება, არიან თუ არა შედეგით კმაყოფილები და რა პროდუქტს ისურვებდნენ ჩვენგან სამომავლოდ. შეგრძნება იმისა, რომ კომპანიისთვის მათი აზრი ფასეულია, მომხმარებლებს განაწყობს აქტიურობისკენ, ისინი ერთგულად მოიხმარენ „შუგარჰოლიკის“ სხვადასხვა პროდუქტს, რაც სიხარულით გვავსებს, მოტივაციას გვიმაღლებს და სიახლეების მიწოდების სტიმულს გვიჩენს.
- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც სტარტაპი?
-ნებისმიერი კომპანიისთვის ბაზარზე დამკვიდრება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თავს იჩენს კონკურენცია, ხშირ შემთხვევაში ახალდაფუძნებულ კომპანიებს უწევთ ბრძოლა, რათა ბაზარზე დაიმკვიდრონ საკუთარი ნიშა. ჩვენ შემთხვევაშიც კონკურენტების მხრიდან გარკვეულ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, თუმცა პირიქით, აღნიშნულმა დამოკიდებულებამ „შუგარჰოლიკს“ მისცა დამატებითი სტიმული გამხდარიყო ბაზარზე ანგარიშგასაწევი ბრენდი, რომელიც ფოკუსირებულია სწრაფად, ხარისხიანად, ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და იყოს ლიდერი. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მიწოდების კუთხით თავი იჩინა სიძნელეებმა, თუმცა კომპანიამ ღირსეულად გაართვა თავი გამოწვევებს, დღითიდღე იხვეწება, იზრდება და ხდება საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
-რას გეგმავთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ მრავალფეროვანი სურპრიზებითა და გათამაშებებით უამრავი ადამიანის გახარება გვსურს. მომხმარებლის მხრიდან მზარდი ინტერესისა და მოთხოვნიდან გამომდინარე, იგეგმება არაერთი ხარისხიანი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი პროდუქტის დამატება.









Comments
Post a Comment