ინტერვიუ “Manika.spacer”-ის დამფუძნებელთან





დღეს კიდევ ერთ ქართულ “სტარტ-აპს” “Manika.spacer”-ს გაგაცნობთ, რომელიც 19 წლის მანიკა ყანდინაშილმა დაარსა.

- მომიყევით ბრენდზე. როგორ გაგიჩნდათ მისი შექმნის იდეა ?

- ყველამ ვიცით , გარდატეხის ასაკი როგორი მეამბოხე პერიოდია. უარყოფა, პროტესტი, გამძაფრებული გრძნობები,- ამ ყველაფრის გამოხატვა მეორადებში ნაყიდ პერანგებზე ჯღაბნით შევძელი. 15 წლის ასაკში ეს იყო ერთადერთი რამ, რაც განტვირთვაში მეხმარებოდა. იმ წუთას ეს პერანგები უბრალო გაფორმება იყო ჩემი ოთახის კედლებზე. ამის შემდეგ საკუთარი ჯინსების მოხატვა დავიწყე, მოხატული ჯინსებით უკვე გარეთაც გავდიოდი და მივხვდი, რომ ჩემ გარდა სხვასაც მოსწონდა და ამჩნევდა იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ფერადი ემოცია, როგორც განსხვავებულობა. სწორედ აქ დაიბადა მანიკა, როგორც ყველას იდეა და არა მხოლოდ- ჩემი. 


- საიდან გაჩნდა სახელის იდეა ?

- სიმართლე გითხრათ, ბევრი არც მიფიქრია. რატომღაც, მგონია, რომ ამ სახელის გაგონებისას ზუსტად იმის განცდა შეუძლია სხვას, რასაც ეს გოგონა გრძნობდა, უშუალოდ, ნივთის შექმნის პროცესში. მანიკა, რატომაც არა?! - ის, რასაც მეძახის ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი. ასევე, ძალიან მიხარია რომ მანიკას ლოგოს საბოლოო ვერსია ზუსტად გამოხატავს ჩემი ცხოვრების მიზნებსა და მთავარ ოცნებას.

- როგორი ტიპის სამოსი გაქვთ წარმოდგენილი?

- ყველაფერი აქსესუარებით დაიწყო, თუმცა უკვე ვმუშაობ ახალ იდეებზე, რომელიც მალე გახდება თქვენთვის ცნობილი. აქვე, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე კარგი დასაწყისია, რადგან მცირე დეტალებიც კი, ქმნიან თქვენს სამოსს, დღეს, განწყობას. 


- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი ბრენდი? ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

- სამიზნე აუდიტორიაში მნიშვნელობა არ ჰქონია ასაკობრივ ზღვარს, რადგანაც მინდოდა ჩემსა და ჩემს მომხმარებლებს შორის ემოციური კავშირი ყოფილიყო და არა რაიმე მარკეტინგული გათვლა. 

- საიდან იღებთ ინსპირაციას?

- ძალიან მარტივად გეტყვით - სარკე. ვფიქრობ, მასში დანახული ანარეკლი ჩემი საუკეთესო ასისტენტია.


- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც “სტარტ აპი”?

- ყველაზე დიდი სირთულე ის იყო რომ სრულიად მარტო შევეჭიდე ყველაფერს და ვეცადე არაფრისგან შემექმნა რაღაც. თუმცაღა, ვფიქრობ, რომ 19 წლის ასაკში ეს მაინც დასაწყისის დასაწყისია. 


- რას გეგმავთ სამომვალოდ?

- სამომავლო გეგმები დიდია და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მინდა გავზარდო პროდუქტის ნაირსახეობა და მასშტაბები, რათა მეტმა ადამიანმა გაიცნოს პატარა გოგონა თავისი “რაკეტით”.


Comments