Tm enamel - ქართული სამკაულების ბრენდი

 დღეს მინდა, კიდევ ერთი ბრენდი “TM Enamel” გაგაცნოთ. გთავაზობთ ინტერვიუს დამფუძნებელთან,  მარიამ თუშიშვილთან.


- მომიყევით თქვენს შესახებ, როგორ დაარსდა თქვენი ბრენდი?

- სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, შევისწავლე ტიხრული მინანქარი და დავიწყე სამკაულების დამზადება, ჩემი ნამუშევრები იყიდებოდა სხვადასხვა გალერეებსა და გამოფენებზე, პოპულარობის შეძენის შემდეგ გადავწყვიტე დამეარსებინა საკუთარი ბრენდი და შემდეგ საფეხურზე გადავსულიყავი. 



- რას ნიშნავს ბრენდის სახელწოდება? საიდან წამოვიდა იდეა?

- ბრენდის დაარსების იდეა დამებადა რამოდენიმე წლის წინ,  ხოლო სახელწოდება მარტივად მოვიფიქრეთ, ჩემი საქმიანობიდან და ასევე ჩემი სახელის და გვარის სინთეზით, წარმოიშვა ბრენდის სახელი, შემდეგ დამუშავების პროცესში გამოჩდა, რომ საკმაოდ ეფექტური სახელი და ლოგო გამოვიდა, სამუშაო ჯგუფს მოგვეწონა და საბოლოოდ ერთხმად ავირჩიეთ.

- როგორი ტიპის სამკაულები გაქვთ წარმოდგენილი? რა მასალას იყენებთ?


- ჩემი ბრენდი მომხმარებელს ქალისა და მამაკაცის სამკაულების საკმაოდ დიდ არჩევანს სთავაზობს, ბეჭდებს, საყურეებს, ბროშებს, ბრასლეტებს, ყელსაბამებს, პერანგის მანჟეტებს, ჰალსტუხის სამაგრებს და ა.შ, ხოლო მასალას რაც შეეხება, მინანქართათ ერთად ვიყენებ ვერცხს, ოქროს, ბუნებრივ ქვებს, ხეს, გიშერს, მოკლედ ვცდილობ რაც შეიძლება მეტი მასალა გამოვიყენო და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზო ჩემს მომხმარებელს.



- რა ასაკობროვ კატეგორიაზეა გათვლილი ბრენდი? ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?


ვცდილობ, რომ ყველა ასაკობრივი კატეგორიის გემოვნება დავაკმაყოფილო, რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი, თუმცა ჩემი სამკაულებისა და მათში გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ბევრი განსხვავებული გემოვნების ადამიანის სიმპატიას ვიმსახურებ, თუმცა შედარებით მეტი საშუალო ასაკის მომხმარებელი მყავს.


- საიდან იღებთ ინსპირაციას? 

- ინსპირაციის წყარო ხშირ შემთხვევაში არის ბუნება, ვფიქრობ მასზე კარგი მხატვარი არ არსებობს, საოცარი ფერების შეხამებაა, მთავარია დაინახო და აღქმის უნარი გქონდეს, ასევე, ჩემთვის ინსპირაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი ქვა, რომელიც მკარნახობს როგორი ნამუშევარი შევქმნა ან თვითონ მეტალის ფირფიტა, რომლის ფორმაც  მაძლევს საჭირო მიმართულებას. წარმოსახვის უნარი და ფანტაზია უმთავრესია და ვფიქრობ, რომ ჩემი ყველა ნამუშევარი ორიგინალური და განსხვავებული ამიტომ გამოდის.

- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც სტარტაპი?

- პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ვისურვებდი ქართული ბაზარი მეტად თავისუფალი იყოს და ჯანსაღი კონკურენციით დატვირთული, რომ ყველა სტარტაპს და ბრენდს განვითარების თანაბარი ხელშეწყობა ქონდეს. რაც შეეხება ჩემს სტარტაპს, თავის დროზე ბევრ პრობლემას წავაწყდი, თუმცა ყოველდღიური შრომით და საკუთარი თავის რწმენით ბევრი დაბრკოლების გადალახვა შევძელი, იმედი მაქვს ახალ სტარტაპებს ვინც ახლა დგავს პირველ ნაბიჯებს, ნაკლები პრობლემა შეექმნებათ იმ რთულ გზაზე რასაც ბრენდად ჩამოყალიბება ქვია.

 - რას გეგმავთ სამომავლოდ?

- ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, ჩემი ბრენდის უფრო განვითარებას და გაფართოებას ეხება, სურვილი მაქვს, რომ ქართველ მომხმარებელს უახლოეს მომავალში შევთავაზო ქართული ბაზრისთვის განსხვავებული გაყიდვებისა და სამკაულის შერჩევის პროცესი, ჯერ ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია და საიდუმლოდ შევინახავ ამ ეტაპისთვის, ასევე ვგეგმავ უცხოურ ბაზარზე გასვლას, რაც სამწუხაროდ მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ბევრ სიახლეს შევთავაზებ მათ ვისაც მოწონს ქართული მინანქარი.




Comments