ანაპანა - ახალი ქართული ბრენდი საინტერესო კონცეფციით.
- მომიყევით თქვენ შესახებ, როგორ დაარსდა თქვენი ბრენდი?
- ანაპანას მე არ აღვიქვამ, როგორც ბრენდს, ის ჩემი ცხოვრების და პიროვნების ნაწილია. 15 წლიდან ამ თავსაბურავს ჩემთვის ვიკერავ და ხშირად მახურავს.
ფართო აუდიტორიისთვის კი ანაპანას წარდგენა სუხიშვილების ტრანსფორმაციის პროექტის დახმარებით მოხდა. როდესაც ილიკო და ნინო სუხიშვილებს გაუჩნდათ იდეა, რომ ტრადიციული ქართული ცეკვებისთვის რაიმე განსხვავებული ელემენტი შეეძინათ, თანამშრომლობა შემომთავაზეს. ტრანსფორმაციის კონცერტისას სუხიშვილების მოცეკვავეებს ანაპანა ეფარათ.
- რას ნიშნავს ბრენდის სახელწოდება? საიდან წამოვიდა იდეა?
- ბრენდის იდეა და სახელწოდება ძველი ლეგენდიდან გამომდინარეობს. ლეგენდის თანახმად, ღმერთებმა ანაპანა, სილამაზისა და მშვენიერების ქალღმერთი, იმ დროის ყველაზე მამაც რაინდს დაუთმეს, რომლის სწორი და ტოლი დედამიწაზე სხვა არავინ იყო.
მათ შთამომავლებს თავზე ღვთიური შარავანდედი გამოჰყვათ, რომელიც მოკვდავებს თვალს ტკენს და აბრმავებს მათ. მოკვდავებისთვის თვალთახედვის შესანარჩუნებლად, ღმერთებმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს კაცობრიობას და შექმნეს თავსაბურავი.
თავსაბურავს სილამაზისა და მშვენიერების ქალღმერთის სახელი - ანაპანა დაარქვეს.
- როგორი ტიპის აქსესუარები გაქვთ წარმოდგენილი?
- ვქმნი თავსაბურავებს, ანაპანას და არგანს. მათ არ აქვთ ტრადიციული ფორმა და გამოირჩევიან ფერთა მრავალფეროვნებით. მომავალში ვაპირებ სამკლავურების ხაზის დამატებასაც.
- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი ბრენდი? ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?
- როგორც გითხარით, ანაპანა ჩემი პიროვნებისა და ცხოვრების ნაწილია, ამიტომ მას არ აღვიქვამ, როგორც ბრენდს, შესაბამისად არ მყავს არც სამიზნე აუდიტორია.
ტრანსფორმაციის პროექტის შემდეგ, ანაპანამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და თავსაბურავების მიმართ ინტერესი გაიზარდა. აი, ასე იქცა ბრენდი ბრენდად.
ანაპანა ყველასთვისაა; ჰყავს მომხმარებლების ფართო სპექტრი, მიუხედავად მათი ასაკობრივი კატეგორიისა და სქესისა.
- რაზეა მოთხოვნა? როგორ მოერგეთ ონლაინ პლატფორმას?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ანაპანაზე დიდი მოთხოვნაა. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მეგონა, რომ ჩემი თავსაბურავები საზოგადოების ამხელა ინტერესს გამოიწვევდა. ასევე, სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი, თავსაბურავის ალტერნატიული ხაზის - არგანის მიმართ.
რაც შეეხება ონლაინ პლატფორმას: როგორც ხელოვანს, საკმაოდ გამიჭირდა ონლაინ რეჟიმზე გადასვლა. დღემდე მიჭირს ჩემს ონლაინ პლატფორმას დიდი ყურადღება მივაქციო, რადგან, როდესაც ვქმნი აღნიშნულ პროცესში მაქსიმალურად ვარ ჩართული.
ვიტყვი, რომ ამ საკითხში ძალიან დამეხმარნენ მეგობრები.
- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც სტარტაპი?
აქაც გამიმართლა. ვერ ვიხსენებ რაიმე ისეთ სირთულეს, რომელსაც გამოვყოფდი. თავსაბურავებზე დიდია მოთხოვნა, მყავს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი. განსაკუთრებით, სიამოვნებთ ის, რომ თავსაბურავებს მათი პიროვნების შესაბამისად და სურვილებისა და ხასიათის გათვალისწინებით ვქმნი. თავსაბურავების შექმნისას, არ ვხელმძღვანელობ რაიმე სტანდარტით. მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ მათთვის სასურველი ფერი და დეტალები.
ვფიქრობ, რომ ასევე მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ შემხვედრია სირთულეები, არის ის, რომ პროდუქცია უნიკალურია და, რაც მთავარია, ქართული.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
როგორც გითხარით, ანაპანას გარდა ვქმნი ანაპანას „რაზმის“ სხვა ხაზებს. ამჯერად, აქტიურად ვმუშაობ არგანის შექმნაზე. ვფიქრობ, სამკლავურების გამოშვებასაც.
უფრო შორეულ სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვმუშაობ კონცეპტუალური მაღაზიის გახსნის იდეაზე.
უნდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ვაპირებ ჩემს მეგობართან - ნუცა ხიზანიშვილთან კოლაბორაციას. ნუცა მის მიერ შექმნილი კოსტიუმებით გაამდიდრებს ჩვენს მაღაზიას.
კონცეპლტუალურ მაღაზიაში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს და შეიძინოს, როგორც თავსაბურავები, სამკლავურები და ნუცას კოსტოუმები, ასევე ჩემი ფერწერული ნამუშევრები.










Comments
Post a Comment