Just One - ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

 Just one - ახალი ქართული სპორტული ბრენდია, რომლის დაარსების იდეაც მარიამ ჩხიკვაძეს მოუვიდა. გთავაზობთ ინტერვიუს თავად დამფუძნებელთან. 

- როდის და როგორ გაჩნდა ბრენდის დაარსების იდეა?

 - ბრენდის დაარსების იდეა საკმაოდ დიდი ხანია მაქვს. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ ქართულ ბაზარს ნამდვილად სჭირდება ხარისხიანი პროდუქცია, ასე რომ, მიზანიც ცალსახად ნათელია, ბრენდის დაარსება ემსახურება არა მხოლოდ ხარისხიანი სამოსის დამზადებას, არამედ ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიან ბაზრად გარდაქმნას. თავად ეს პროცესი შრომატევადი და დამღლელი იყო, რა თქმა უნდა სასიამოვნოდ დამღლელი, რადგან ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ფოკუსირდებოდა იმ შედეგზე, რასაც ამ თავდაუზოგავი ენერგიით აუცილებლად მივიღებდით. ყველას მოგვეხსენება, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებას, ჩამოყალიბებას და ზუსტი გეგმის გაწერას გარკვეული დრო და ფინანსები სჭირდება. მოვიძიეთ კომპეტენტური ადამიანები, სფეროს სპეციალისტები და უბრალოდ ჩვენი გუნდის წევრობის მსურველები და მართლაც ჩამოვყალიბდით ერთ დიდ ერთიანობად, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თავის სათქმელს აუცილებლად იტვყვის ამ სფეროში.



- საიდან გაგიჩნდათ ბრენდის სახელწოდების იდეა?

- ბრენდის სახელწოდების იდეა ჩემს მეუღლეს მოუვიდა. გვინდოდა, რომ ბრენდს ჰქონოდა მარტივი და ორიგინალური სახელწოდება. ვფიქრობ, რომ “Just One” არის მხოლოდ ერთი და განსხვავებული ყველასგან თავისი ხარისხით და დიზაინით, რასაც ჩვენი მომხმარებელიც თავად შეაფასებს.


- როგორი ტიპის სამოსი გაქვთ წარმოდგენილი ?

- საწყის ეტაპზე გადავწყვიტეთ ერთი სახის სამოსით წარვდგენილიყავით მომხმარებლის წინაშე. გვაქვს სპორტული სამოსი, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. თან, რაც მთავარია, გვაქვს ფერების საკმაოდ ვრცელი პალიტრა, ასე რომ, პროდუქცია გათვლილია ყველა მომხმარებელზე, მათზე, ვისაც უბრალოდ უყვარს ხარისხიანი,კომფორტული სამოსი, რაც მთავარია სპორტულები არის 100% ბამბა. სამოსზე დამატებული გვაქვს ერთი ინოვაციური დეტალი, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი, როგორც ბრენდის, ხელწერაა. სპორტულ შარვალი და თეთრი, საკმაოდ ტრენდული წინდები გავაერთიანეთ და მივიღეთ ერთი სრული, შეუდარებელი მთლიანობა, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ნამდვილად კარგი სიახლეა.


- რა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი თქვენი ბრენდი? ვინ არის სამიზნე აუდიტორია?

- ჩვენ სამოსს არ აქვს რაიმე განსაზღვრული ასაკი , ტანსაცმელი ძალიან პრაქტიკული , მოსახერხებელი და რაც მთავარია, ყოველდღიურობას მაქსიმალურად მორგებულია. ამიტომ , შესაძლებელია, რომ იგი საინტერესო იყოს ნებისმიერი ასაკის და კატეგორიის მომხმარებლისთვის.


- რა არის თქვენი შთაგონების წყარო ? საიდან იღებთ ინსპირაციას?

- ზოგადად, ინსპირაციას ჩვენ და ჩვენი გუნდის ერთგული წევრები ნებისმიერი წვრილმანებიდანაც კი ვიღებთ. ზოგისთვის ეს საკმაოდ უცნაურია, მაგრამ არის ის ერთი მომენტი, როდესაც შენი უბრალოდ შენივე ფიქრის რეალობად ქცევის სურვილი გიჩნდება. მაშინვე ჩვენი მეგობარი ხდება ფურცელი და უბრალო ფანქარი, ესკიზებისთვის. როდესაც უკვე მონახაზს ვიღებთ, უფრო და უფრო ვწვრილმანდებით და ახალ დეტალებსაც ვამატებთ. თავდაპირველი ინსპირაციაც, სწორედ რომ სპონტანური იყო. ჩვენი დევიზიც ხომ ესაა, სიმარტივეში უნდა ვეძებოთ გენიალურობა.


- რა სირთულეებს შეხვდით ქართულ ბაზარზე, როგორც სტარტ აპი?

- ჯერ-ჯერობით სირთულეებზე საუბარი რთულია, რადგან ჯერ მხოლოდ თავდაპირველ ნაბიჯებს ვდგამთ ქართულ ბაზარზე. მგონია, რომ ნამდვილად დიდი კონკურენციაა ზოგადად ამ სფეროში ნებისმიერი დაბრკოლებისთვის მზად ვართ, რთულ ეტაპსაც გავივლით, იმისათვის, რომ გავხდეთ წარმატებული საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. 



- რას აპირებთ სამომავლოდ?

- ვგეგმავთ, რომ ბრენდი მაქსიმალურად გაფართოვდეს, გახდეს მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. გვაქვს კიდევ ბევრი პროექტი, რომელიც ახლო მომავალში მომხმარებელს შესთავაზებს ახალ, ტრენდულ სამოსს, გარდა ორეულებისა.
 აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ ქვეყანასთან, როგორიცაა ამერიკა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ნიუ-იორკის ერთ-ერთ შოუ რუმთან,რომელიც ეწევა ქართული სამოსის პოპულარიზაციას და ზოგადად, ამ სფეროს განვითარებას. მოკლედ, რომ ვთქვათ, საკმაოდ მაშტაბური გეგმები გვაქვს და ჩვენს მომხმარებელსაც არაერთ სიურპრიზსა და სიახლეს ვპირდებით. ასე რომ დაგველოდეთ და აქტიურად გვადევნეთ თვალი! 

Comments