Keto_si_ - დამზადებულია საქართველოში.


დღეს გვინდა, კიდევ ერთი ქართული ბრენდი “Keto_si_” გაგაცნოთ, რომელმაც ჩვენი ყურადღება პასტელური ფერებით, ჰუდებზე ორიგინალური წარწერებითა და ბრენდის კონცეფციით მიიქცია. გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის დამფუძნებელთან.

- როგორ გაჩნდა ბრენდის დაარსების იდეა?

- როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში ყველა ჩვენგანს სახლში ყოფნა მოგვიწია და ის აქტივობები, რომლებიც აქამდე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, უბრალოდ გაქრა.

გამომდინარე იქიდან, რომ დაიკეტა ყველა სავაჭრო ობიექტი, ვიფიქრე, დროული იქნებოდა ონლაინ მაღაზიის გაკეთება, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან, ხარისხიან და კომფორტულ პროდუქტს შესთავაზებდა.

სწორედ აქედან გამომდინარე დაიბადა Keto_Si_ ბრენდის შექმნის იდეა, რამაც საბედნიეროდ ძალიან გაამართლა.

- საიდან მოდის ბრენდის სახელწოდება?

-  ბრენდის სახელწოდება მარტივად მოვიფიქრე. 2 შვილი მყავს: კესარია და თომა. სწორედ მათი სახელების პირველი ორი ასოს ინიციალი გამოვიყენე.

KE - ჩემი უფროსი შვილის, კესარიას სახელის პირველი ორი ასო, და TO - თომას სახელის პირველი ორი ასო.

ბრენდის სახელის მოფიქრებისას, ჩემმა სახელმაც მომცა ინპირაცია, რადგან მე თვითონ ქეთი მქვია.

შესაბამისად, ჩემი ბრენდის სახელი, ჩემი შვილების და ჩემი სახელის ერთობლიობაა.

- რას სთავაზობთ მომხმარებელს?

- ჩემი ბრენდის ქვეშ, როგორც უკვე აღვნიშნე, კომფორტული სამოსი იწარმოება. მომხმარებელს ვთავაზობთ ზამთრის დათბილულ ჰუდებს და ორეულებს. ახლა კი, უკვე ნელ-ნელა საზაფხულო ორეულების კოლექციასაც შევთავაზებთ, რომლის მორგებასაც ყოველდღიურად შეძლებენ.

- რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბრენდი?

- Keto_Si_ ყველა ასაკობრივ სეგმენტზეა გათვლილი, მაგრამ ჩვენი მომხმარებლები, ძირითადად, 18-დან 35 წლამდე ქალბატონები არიან.

- რა არის თქვენი ინსპირაცია?

-  ინსპირაცია ყველაფრიდან მოდის. ასე კონკრეტულად ნამდვილად არ შემიძლია გითხრათ საიდან მოდის იდეები. უბრალოდ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა საკუთარი ბრენდის დაარსება და ეს იდეებიც გროვდებოდა დროთა განმავლობაში. ახლა კი, იდეების რეალიზების დრო დადგა, რომლებიც მრავლად მაქვს.

- რამდენად დიდია კონკურენცია ქართულ ბაზარზე ?

- მხოლოდ მე არ ვიყავი ის, ვისაც სავაჭრო ობიექტების დახურვა აწუხებდა და ამიტომ, ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა და ბრენდის ქვეშ კომფორტული სამოსის წარმოება. ამიტომ, კონკურენცია დიდი იყო და ასეა დღემდეც. თუ შეიძლება რომ დიდ კონკურენციას სირთულე დავარქვათ, ეს იყო. სხვა მხრივ, სირთულეებს ძალიან არ შევუწუხებივარ.

- რას გეგმავთ სამომავლოდ ?

- სამომავლოდ, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საზაფხულო კოლექციის მზადება გვაქვს ახლა და ამაზე ვარ მაქსიმალურად კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, არც თემატური ნაქარგები მოაკლდება ჩვენს მომხმარებელს. ამიტომ, Stay Tuned.


Comments