ბრენდი AK.WEAR - ინტერვიუ ანა კუპრეიშვილთან.
დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ქართული ბრენდი, რომელიც სულ ცოტახნის წინ გამოჩნდა, თუმცა ორიგინალური აქსესუარებითა და სპორტული კაფსულა კოლექციით უკვე შეაყვარა თავი ქართველ მომხმარებელს. ეს ყველაფერი კი ანა კუპრეიშვილის დამსახურებით, რომელმაც უმაღლესი განათლება საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებით მიიღო. ამჯერად კი ტურიზმის სფერო მოღვაწეობს და ერთ-ერთი ქსელური სასტუმროს ივენთ-მენეჯერია. გთავაზობთ ინტერვიუს.
- ანა, მომიყევით როდის დაინტერესდით მოდის სფეროთი და როდის დაარსეთ ბრენდი?
- სიახლეები ყოველთვის მიტაცებდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში, როცა მქონდა გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გადავწყვიტე ჩემი შესაძლებლობები მეცადა ამ სფეროში. ბრენდის დაარსების იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, დაახლოებით 4-5 წლის წინ მომივიდა. პანდემიის პერიოდში კი აქტიურად დავიწყე მუშაობა საკუთარი ბრენდის შექმნაზე და საბედნიეროდ გაამართლა.
- ძირითადად როგორი სტილის სამოსს ქმნით? რამდენად ტრენდულია სპორტული სამოსი დღეს ?
- პანდემიის პერიოდში ისე როგორც არასდროს, ძალიან ტრენდული გახდა სპორტული ტანსაცმელი. გამომდინარე იქედან, რომ ადამიანების უმრავლესობას მუშაობა უხდებოდათ დისტანციურ რეჟიმში, ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს სპორტულ სამოსში.
- მომიყევით გასული ზამთრის კოლექციაზე ? რამდენად გაგიმართლათ მოლოდინი მოდის სფერომ?
- ჩვენი ბრენდის ზამთრის აქსესუარები ძირითადად არის სპორტული ორეულები და ასევე სხვადასხვა მოდელისა და ფერის თავსაბურავები. თუმცა ასევე ვაფართოებთ ასორტიმენტს სეზონების მიხედვით. გამომდინარე იქედან, რომ კონკურენცია საკმაოდ დიდია ამ სფეროში, მოლოდინმა გაგვიმართლა , რაც ალბათ დამოკიდებული არის პირველ რიგში შექმნილი პროდუქციის ხარისხზე.
- რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბრენდი და რამდენად ხელმისაწვდომია სამოსი?
- A.K Wear-ი ყველა სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა ჩვენი მომხმარებლები ძირითადად არიან 18-30 წლამდე ასაკის ქალბატონები. ვცდილობთ, ჩვენი სამოსი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისათვის. ჯერ-ჯერობით ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ.
- როგორ გაჩნდა სახელის იდეა? რას აღნიშნავს და რას გეგმავთ სამომავლოდ?
- სახელის იდეა მარტივი აღმოჩნდა, რადგანაც გამოვიყენე ჩემი სახელისა და გვარის ინიციალები. სამომავლოდ გაფართოებას აუცილებლად ვგეგმავთ, გვაქვს ახალი იდეებიც, და იმედს ვიტოვებთ მასაც განვახორციელებთ უახლოეს მომავალში .









Comments
Post a Comment