ID - ახალი ქართული ბრენდი.
დღეს მინდა მოგიყვეთ ახალ ბრენდზე “ID” , რომელიც ქართულ ბაზარზე საზაფხულო საცურაო კუსტიუმებს აწარმოებს. გთავაზობთ ინტერვიუს მის დამფუძნებლებთან იასთან და ნათიასთან.
- მომიყევით თქვენს შესახებ, როგორ გაგიჩნდათ ბრენდის შექმნის იდეა?
- ჩვენ ვართ ია და ნათია დუაძეები, 28 და 27 წლის, ენტრეპრენორები. ტანსაცმელთან ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა და ამიტომ ბრენდის შექმნის მარტო იდეას ვერ დავარქმევთ, რადგან უფრო ოცნებასავით იყო - ყოველთვის იყო ჩვენს გეგმებში, უბრალოდ ველოდებოდით შესაბამის დროს და გამბედაობას. ორი წლის წინ ერთად გადავწყვიტეთ სამსახურის მიტოვება და სწავლის გაგრძელება ესპანეთში. იქ ცხოვრებამ დიდი გამოცდილება, თავდაჯერებულობა მოგვცა და ზოგადად მსოფლმხედველობა შეგვიცვალა. გავიცანით ადამიანები, რომლებმაც შექმნეს არაფრისგან ყველაფერი და ამასთან, მუშაობის პროცესისგან იღებდნენ დიდ სიამოვნებას. ერთი სიტყვით, იქ ყოფნამ გარისკვის შიში დაგვაძლევინა და ჩვენი საყვარელი საქმის დაწყების გამბედაობა მოგვცა. პანდემიის დროს სახლში ჩაჯდომაც, ერთის მხრივ, დაგვეხმარა კარგად დაგვეგეგმა და რეალურად გვექცია ის, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობდით. MBA- ს დამთავრების შემდეგ, უკეთესად გავაცნობიერეთ საქართველოში ონლაინ ბიზნესის დაწყების პოზიტიური მხარეები და დაბრუნების შემდეგ ერთად შევქმენით ჩვენი პირველი - საცურაო კოსტუმების კოლექცია.
- როდის დაარსდა ბრენდი, რას ნიშნავს ბრენდის სახელი?
- ბრენდი დაარსდა სულ ცოტა ხნის წინ, თუმცა დიდი ხანია ვმუშაობთ ბიზნეს გეგმაზე და ყველა დეტალზე. ბრენდის სახელია “ID - აიდი”. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი დამფუძნებლის სახელის ინიციალებია, ასევე, რაც ყველაზე მეტად მოგვწონს, არის მოკლე, სადა, მინიმალისტური და მარტივად დასამახსოვრებელი
ID - Identity, როგორც იდენტიფიკაცია: ჩვენი ტანსაცმელი გვინდა ჩვენი გოგონებისთვის იყოს განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი ატრიბუტი, ისეთივე განსხვავებული და უნიკალური, როგორიც თითოეულის იდენტიფიკაციაა.
- საიდან იღებთ ინსპირაციას? როგორი სტილის კოსტიუმებს კერავთ?
- ჩვენი ინსპირაცია არის მუსიკა, ბუნება, ფერები და რაც მთავარია ქალის სხეული, ფორმები, ფემინურობა.
პირველი კოლექცია არის თამამი, ზომებში არ იზღუდება და ხაზს უსვამს ქალურობას, ქალის ფორმების მრავალფეროვნებას.
ამასთან არის ყოველდღიური და კომფორტული. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყოფილიყო მარტივად დასარეგულირებადი და მოსარგები სხეულზე. მაგალითად, ერთი მოდელი მარივად იცვლის ფორმას ანუ შეიძლება მოირგო სხვადასხვანაირად: უფრო დახურული ან ღია, გემოვნების შესაბამისად.
- რამდენად რთული აღმოჩნდა საქართველოში “სტარტაპერობა” მოდის სფეროში? რას ურჩევდით თქვენი გამოცდილებით დამწყებებს?
- ჩვენ, როგორც ახალბედები ამ სირთულეების გავლის პროცესში ვართ. თუმცა, ვფიქრობთ, ისეთივე რთულია, როგორც ყველგან. რაც მთავარია, ინტერნეტ სივრცე, სოციალური ქსელები და ზოგადად გლობალიზაციის პირობები უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. ამ შესაძლებლობებს არანაირი ქვეყნის საზღვარი არ ზღუდავს და მათი გამოყენება ისეთივე მარტივი და ხელმისაწვდომია ჩვენთვის, როგორც სხვა ყველასთვის. ვფიქრობთ, ეს დიდი ფუფუნებაა, რომელსაც კარგად გამოყენება სჭირდება. ამით ნებისმიერი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი.
ჩვენი პირველი რჩევა იქნება, რომ მოუსმინეთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი თქვენი საქმის მიმართ. ან იმათ, ვისაც იმავე სფეროში წარმატებული გამოცდილება აქვთ.
და მეორე რჩევაა : გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ! ინტუიციას მოუსმინეთ და პირველივე დაბრკოლებაზე მოტივაციას ნე დაკარგავთ.
- ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია? მარტივად რომ ვთქვათ ვინ არის “ID”-ის მომხმარებელი?
- როცა კოლექციაზე ფიქრი დავიწყეთ, გვინდოდა შეგვექმნა ყოველდღიური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ტანსაცმელი, ოღონდ არა იაფფასიანი.
ჩვენი მიზანია ვიპოვოთ შუალედი ძვირადღირებულ ბრენდებსა და იაფფასიან ტანსაცმელს შორის და ვაგოთ პასუხი როგორც ხარისხზე, ისე მომსახურებაზე.
ჩვენი აუდიტორია შედგება ნებისმიერი ასაკის გოგონებისგან, ვინც თავს მუდამ ახალგაზრდად თვლის .
“აიდის” გოგონები შეყვარებულები არიან ცხოვრებაზე და წვრილმან სიამოვნებებზე, უყვართ ფერები და ექსპერიმენტები. ჩვენი კოლექცია არის განკუთვნილი ბედნიერი, ლაღი, თავისუფალი გოგონებისათვის, რომლებსაც ფერები აბედნიერებთ; რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ სხეულში, ამაყობენ საკუთარი ფემინურობით, ქალურობით.
“აიდის” მომხმარებლებს არ აშინებთ პრინტი და სიჭრელე, მათთვის ტანსაცმელი თვითგამოხატვაა, და თვითგამოხატვა - თავისუფლება.
- რომელი მოდელია ყველაზე გაყიდვადი? რაზეა დიდი მოთხოვნა?
- ყველაზე გაყიდვადია მწვანე და ყვითელი საცურაო კოსტუმი.ეს ორი ფერი და მოდელი განსაკუთრებით მოსწონთ. თუმცა დიდი მოთხოვნაა შავ, სადა პროდუქტზე, რაც სამწუხაროდ ამ კოლექციაში არ შეგვიტანია.
- სამი სიტყვა, რომელიც მარტივად აღწერს თქვენს ბრენდს?
- სიჭრელე, სითამამე, ხარისხი
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
- ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს და მათი განხორციელების პროცესში ვართ. პირველ რიგში, ყოველდღიური, ულამაზესი, ჭრელი კაბების კოლექცია ელოდება წინ “აიდის” გოგონებს სულ მალე, და ჩვენი ქართული ონლაინ მაღაზია აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან თითოეულ დეტალს აქ- საქართველოში ვგეგმავთ, განვიხილავთ და ვქმნით. ყველა ვინც ჩართული იყო ამ კოლექციის შექმნაში ძალიან ამაყობს იმით, რაც ერთად გამოგვივიდა და რა დაინტერესებაც გამოიწვია ამან, სულ რაღაც შექმნიდან ერთ თვეში.










Comments
Post a Comment