ინტერვიუ ბრენდ “ლილეპოპის” დამფუძნებელ ანა დიასამიძესთან.

 

 ჩვენი ჟურნალის “ონლაინ” ფურცლებს ხშირად სტუმრობენ ადამიანები, რომლებიც შრომობენ ოცნებების ასახდენად და წასასზწწიაიღწვიან მათი მიზნებისკენ. სწორედ ასეთია ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ანი დიასამიძეც . როგორ იქცა ბავშვობის ესკიზები წლების შემდეგ რეალობად დღევანდელ ინტერვიუში გაიგებთ.

- მომიყევით თქვენს შესახებ? როგორ დაიწყეთ თქვენი საქმიანობა ? როგორ დაარსდა ბრენდი?

- მე ვარ ანა დიასამიძე, ბრენდ “ლილეპოპის” დამფუძნებელი და დიზაინერი. ბრენდი სპონტანურად შეიქმნა, თუმცა იდეას, რომ მოდის სფეროში შემებიჯებინა ჩემს ბავშვობაში მივყავართ. ხელოვანი ადამიანების ოჯახში გავიზარდე, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები ჩემს ირგვლივ ტრიალებდნენ. ფერებიც სწორედ მაშინ შევიყვარე. მახსოვს დღეებს როგორ ვაღამებდი ესკიზების ხატვაში, სახატავ და სასკოლო რვეულებში, უბრალო ფურცლებზეც, საათობით სხვადასხვა კაბისა და ქუდის ესკიზი იქმნებოდა, საათის ისრების მოძრაობის პარალელურად იფურცლებოდა ჩემი ნამუშევრები. არასდროს ვიცოდი წინასწარ რას დავხატავდი, უბრალოდ კალამს გავუსვამდი ფურცელზე და დახატულ ფორმას მივყვებოდი. მუდმივად განსხვავებული ფორმებისა და ფერების ძიებაში ვიყავი. ვხედავდი და ვხატავდი ისეთ რაღაცებს, რისი მსგავსიც ჯერ არ მქონდა ნანახი. 90-იანი წლების თაობის წარმომადგენელი ვარ და რა თქმა უნდა, არც ინტერნეტზე წვდომის საშუალებაც იყო იმ პერიოდში და ერთადერთი რისი ნახვაც შემეძლო, ტელევიზორში მოდის არხი “Fashion TV” და რამდენიმე მოდის ჟურნალი. მახსოვს, ერთხელაც როდესაც მორიგ ჩვენებას ვუყურებდი ჩემს საყვარელ არხზე, მოულოდნელად დავინახე ჩემს ფანტაზიაში და ფურცლებზე გადმოცემული ჩანახატების გაცოცხლებული, რეალური ვერსიები. ეს იმდენად დიდი შოკი იყო ჩემთვის, რომ მახსოვს ცრემლიც კი მომადგა თვალზე და რამდენიმე წამი ხმას ვერ ვიღებდი გაოცებისგან. ეს იყოს ჯონ გალიანოს ჩვენება. 



- რომელი იყო თქვენი აქსესუარების პირველი მოდელები?

- მას შემდეგ წლები გავიდა, მიუხედავად ხელოვნების სიყვარულისა, იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უფრო “პრაქტიკული”  პროფესიის არჩევა გადავწყვიტე. საკმაოდ წარმატებულად გავაგრძელე ჩემი კარიერა, სახელმწიფო გრანტებით დავასრულე უმაღლესი განათლების ორივე საფეხური. აქტიური სამოქალაქო სექტორში, დაინტერესებული საჯარო პოლიტიკით, წლების მანძილზე ვიცვლიდი სამსახურებს, ვისწავლე საზღვარგარეთ.  უკვე საჯარო პოლიტიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრის დიპლომებით, საკუთარ პროფესიაში შემდეგ საფეხურზე გადასვლის ნაცვლად, გადავწყვიტე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ზუსტად ის გამეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად  მსურდა და გავყოლოდი გულის კარნახს. მივატოვე სამსახური ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და დავუბრუნდი პატარა ანას, იმ ანას, რომელიც ფერადი სამყაროს შექმნას ცდილობდა. და აქ ვარ დღეს, საინტერესო ახალი გზის დასაწყისში. ასე დაიბადა “ლილეპოპი”, ბრენდი, რომლის მეშვებიოთაც ვცდილობ, თითოეული ქალბატონის გულში შევაღწიო და ჩემი ფერადი სამყარო გავუზიარო.


- რა მატერიებს იყენებთ მუშაობის დროს?

- ბრენდი 2019 წლის ბოლოს დაარსდა, თავდაპირველად მხოლოდ ბავშვის სამოსს ვქმნიდით, საბავშვო კაბები და პალტოები. მახსოვს როგორი ემოციური იყო პირველი კოლექციის შექმნის პროცესი და ის დადებითი გამოხმაურება, რაც მოჰყვა. საინტერესო სტარტის მიუხედავად, თითქმის 1-წლიანი პაუზის გაკეთება მომიწია, რადგან ვერ შევუთავსე ჩემს სამსახურს პარალელურად. ხოლო 2020 წლის ბოლოს განვაახლე ბრენდის საქმიანობა, ამჯერად უკვე ქალბატონების ხაზი დაემატა და ძირითადი აქცენტი აქსესუარებზე გაკეთდა: ქუდები და კაშნეები, მოგვიანებით საყელოები, ბაფთები . კარგად მახსოვს პირველი ხუთი ქუდისა და კაშნეს ორეული, სხვადახვა ფერადი ნაქარგი ორნამენტებით გაფორმებული განსაკუთრებით ახალისებდა ზამთრის დღეებს ქალბატონებისთვის.


- რა არის თქვენი შთაგონების წყარო/ინსპირაცია?

-  ვცდილობთ, ჩვენი ნამუშევრები მაქსიმალურად იყოს საუკეთესო ხარისხისა და ფასის კომბინაცია. ჩვენი მომხმარებლების შეფასებები მთავარი მოტივაციაა, გვიხარია რომ უამრავი მომხმარებელი გვყავს, რომლებიც პირველი კოლექციიდან პროდუქტის შეძენის შემდეგ ჩვენი ერთგული გახდნენ. გარდა მატერიის ხარისხისა, გვიწევს ასევე ფიქრი,  შევარჩიოთ ისეთი ქსოვილი, რომელიც ზუსტად იქნება შესაბამისი ჩვენი აქსესუარებისთვის. ტანსაცმელთან შედარებით აქსესუარის შემთხვევაში კიდევ ბევრი ნიუანსია გასათვალისწენებელი, ეს არის: მატერიის გამძლეობა, ფორმა, როგორ ინარჩუნებს ფორმას, რამდენად არის შესაძლებელი ნაქარგის დატანა და ა.შ.


- რა არის ბრენდის კონცეფცია? რომელ სეგმენტზეა გათვლილი?

- ჩემი მთავარი ინსპირაცია ბედნიერების მდგომარეობაა, შეგრძნება, როდესაც აღფრთოვანება და თავდაჯერებულება ერთად გვეუფლება. ბრენდის მთავარი კონცეფციაც სწორედ ესაა, როდესაც მოირგებენ ჩვენს აქსესუარს სარკის წინ ბედნიერი სახეებით რომ წაიკეკლუცებენ, აი ამ მომენტში ვხვდები, რომ მიზანი მიღწეულია. ჩვენი მომხმარებელი არიან ქალბატონები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ჩაცმულობით გარშემომყოფებს აჩვენონ, რომ არიან ბედნიერები, თავდაჯერებულები და მზად არიან თავგადასავლებისთვის.



- რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის ონლაინ გაყიდვები? თუ გაქვთ შოუ რუმი?

- თავდაპირველად, მხოლოდ ონლაინ იყო შესაძლებელი ჩვენი პროდუქციის შეძენა. ხოლო ზაფხულის დასაწყისიდან უკვე  გვაქვს შოურუმი, კერძოდ “ბათუმი მოლში” და ასევე, ამჟამად ონლაინ გაყიდვებითაც აქტიურად ვმუშაობთ.  პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა “ონლაინშოპინგი” და ბუნებრივია ამან ძალიან შეუწყო ხელი თავიდანვე ჩვენი პროდუქციის ონლაინ გაყიდვებს. 


- როგორი ტიპის სამოსს უხდება საყელოები?

- საყელოები 2021 წელს ძალიან აქტუალურ ტრენდად იქცა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ საყელოების დამზადება, იმ პერიოდისთვის არ იყო ასეთი მოთხოვნადი. კაშნეებს უკვე საყელოები დავამატეთ, საყელოები, რომელსაც გარდა ვიზუალისა სხვა დამატებითი ფუნქციაც შევძინეთ. ზამთარში სქელი მატერიისგან მზადდებოდა და გამოიყენებოდა კაშნეს მსგავსად პალტოებზე მოსაცმელად. შემდეგ უკვე თხელი საყელოებიც შეემატა ჩვენს კოლექციას, როგორც პერანგებისთვის, ასევე კოქტეილის და საღამოს კაბებისთვის. 


- რომელია თქვენთვის სტილი, რომელსაც დრო არ აქვს?

- ორიგინალური ნამდვილად არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მოდა ბრუნავს. ასე რომ, ნებისმიერი სტილი უკვდავია და როდის დავუბრუნდებით ისევ წინასწარ უცნობია. მაგრამ, ალბათ, ყოველთვის იქნება ჯინსის შარვალი და შანელის პიჯაკი აქტუალური, პირველი როგორც ყველაზე კომფორტული და პრაქტიკული, მეორე როგორც დახვეწილობის და თავდაჯერებულობის სიმბოლო ქალებისთვის.


- რამდენად მოგწონთ დღევანდელი მოდის ტენდენციები?

- როგორც ყველა სფერო, მოდაც ანარეკლია მსოფლიო საზოგადების, ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებისა. ყველა მიმართულება სოციალური გახდა, მათ შორის მოდაც. თანამედროვე საზოგადოება, ადამიანები თავიანთი იდენტობის ძიებაში არიან, უფრო თავისუფალი მსოფლიო, საკუთარი თავის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ასევე, ციფრული სამყაროსა და ტექნოლოგიების როლის ზრდა, ბევრი კითხვითი ნიშანი ადამიანების კომუნიკაციის ფორმებში, კითხვები რომლებიც ადამიანის ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება, ზღვა ინფორმაცია, ნაწილობრივ სტრესული გარემო, მათ შორის მიმდინარე პანდემია, ეს ყველაფერი ერთად კი თავისთავად მოდაზე ახდენს გავლენას. რთულია რომელიმე ერთ კონკრეტულ ტენდენციაზე ვისაუბროთ, ალბათ ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა მოდა. “იუნისექს” სამოსი და მინიმალიზმი, არის ალბათ ძირითადი მახასიათებელი, უფრო პრაქტიკული და კომფორტული სამოსი. მე პირადად დღევანდელ მოდაში ვგრძნობ რომანტიზმის დეფიციტს, სოციალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებამ თითქოს დაკარგა სამოსის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია: ვიზუალურად საუკეთესო მხრით წარმოაჩინოს ადამიანი და ასევე, მარტივად რომ ვთქვათ ბედნიერად აგრძნობინოს თავი. მოდაში სიამოვნება დაიკარგა, ალბათ ასე მოკლედ ვიტყოდი. 


- რას გეგმავთ სამომავლოდ ბრენდთან დაკავშირებით?

- სამომავლოდ ბრენდი გააგრძელებს განვითარებას, აქსესუარებს უკვე სამოსიც დაემატება. ძირითადად სადღესასწაულო მიმართულების სამოსზე ვიქნებით ორიენტირებული. ფერები და მასშტაბურობა ეს იქნება მუდმივად ჩვენი ნიშა. 

Comments