FEMININE - ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელთან.




სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე დედა-შვილის საინტერესო  კოლაბორაცია მოდის სფეროში საკუთარი ადგილის მოპოვებისა და თავის დამკვიდრებისთვის. FEMININE-ის კრეატიული დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი- გვანცა ხელაშვილი მოგვიყვება, ბრენიდის კონცეფციის, განვითარების ისტორიისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ

  

-       მომიყევით თქვენს შესახებ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

-       მე ვარ გვანცა ხელაშვილი, პროფესიით მარკეტოლოგი, Feminine-ის კრეატიული დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიზაინერ ირმა ციქუბაძესთან ერთად. ქართული წარმოების ტანისამოსის შექმნის იდეა ეკუთვნის დედაჩემს, ირმა ციქუბაძეს. გადავწყვიტეთ, რომ მე- როგორც ბიზნეს ადმინისტრირებისა და მარკეტინგის კურსდამთავრებული და დედაჩემი, როგორც ამ სფეროში გამოცდილი ინსტრუქტორ-დიზაინერი კარგი კოლაბორაცია იქნებოდა ბრენდის ჩამოყალიბებისთვის. ვთვლი, რომ ეს იყო საინტერესო გამოწვევა ორივესთვის



 -       როდის დაარსდა ბრენდი და რა არის მისი კონცეფცია?

-       2018 წლის 8 მარტს დაარსდა ბრენდი, რომლის ინსპირაციაც იყო ქალი, როგორც პიროვნება და ინდივიდი. კონკრეტულად კი  - დედაჩემი, რომელიც ზუსტად ასახავს ფემინინის ხასიათს, სტილს და იდეოლოგიას. ფემინინის კონცეფციაც ზუსტად ამას ეფუძნება, რომ შექმნას ყოველთვის გამორჩეული ხარისხის სამოსი, საქმიანი, გემოვნებიანი და ძლიერი ქალებისთვის, რომელთათვისაც კომფორტთან ერთად ხარისხიც და სტილიც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვქმნით ქალის შარვალ-კოსტუმებს და პერანგებსრაც შეეხება თვითონ კოლექციას, პირველი კოლექცია 2020 წლის იანვარში შეიქმნა. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ეხლა დავამატეთ სადღესასწაულო კაბები, რომელიც გაყიდვაში ჯერ არ ჩაგვიშვია და ვგეგმავთ ახლო მომავალში. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ბრენდი სრულიად ორიენტირებულია მხოლოდ კაფსულა კოლექციების შექმნაზე, რაც ითვალისწინებს მხოლოდ ექსკლუზიური დიზაინის ტანსაცმლის წარმოებას.


 -        რამდენად მოთხოვნადია საქართველოში მსგავსი სამოსი, როგორ ქმნით დიზაინს?

-       ქართული წარმოების სამოსის მიმართ ინტერესი და ნდობა ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაჩნდნენ სწორი კონცეფციის ბრენდებიბევრი ნიჭიერი  დიზაინერი, რაც არც აქამდე გვაკლდა, ტარდება მოდის კვირეულები, სადაც გვაქვს საშუალება ვნახოთ კარგი კოლექციები, გაიზარდა ინტერნეტ სივრცეზე წვდომა და ამ ყველაფრის ერთობლიობა ზრდის ქართული ბრენდის მიმართ მოთხოვნას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბრენდის კონცეფცია ეფუძნება მხოლოდ ექსკლუზიური დიზაინის წარმოებას, დიზაინის შექმნის პროცესიც საკმაოდ შრომატევადია, რადგან არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ მოცემულობა და არასდროს გავმეორდეთ. პირველ რიგში, აუცილებლად ვითვალისწინებთ ტენდენციებს და ფერებს. შემდეგ ვარჩევთ ქსოვილებს, ვაკეთებთ ესკიზებს, რომ ვიცოდეთ დაახლოებით როგორი მოდელის მიღება გვსურს. ხშირად თავად კერვის პროცესში მოდის ინსპირაცია და ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ სრულიად გადაგვიხვევია არსებული ესკიზიდან. აქვე დავამატებ, რომ ჩვენს კოლექციებში ჭარბობს ნაქარგები, რომლებიც იქმნება ინდივიდუალურად ყველა მოდელისთვის საქარგ პროგრამაში და ეს ყველაფერი საკმაოდ შრომატევადია. ნაქარგიც ყოველთვის ვცდილობთ დაუკავშიროთ ბრენდის შინაარს. ყველა ნაქარგი ატარებს თავის ისტორიას, რომელიც კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენს ჩვენს მიერ შექმნილ კოლექციებს. ასე რომ, საკმაოდ შრომატევადია დიზაინის შექმნის პროცესი.


-       რა ქსოვილებს იყენებთ, თუ ხდება ინდივიდუალური შეკვეთა?

-       ქსოვილების შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა გეგმაში გვაქვს უკვე შემოვიტანოთ ქსოვილები და ადგილობრივ ბაზარზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის აქცენტს ნატურალურ ქსოვილზე ვაკეთებთ. ნაქარგებიც კი უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის ძაფით სრულდება. ინდივიდუალური შეკვეთების მიღება ჩვენთან შესაძლებელია უკვე ‘atelier feminine’-ში, სადაც მომხმარებელს ბრენდის დიზაინერი ეხმარება სასურველი სტილის და ქსოვილის შერჩევაში. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელი მისთვის იდეალურ გადაწყვეტილებამდე მივიყვანოთ.


 

-       რა ფუნქცია აქვს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

-       ჩვენი ბრენდის ფუნქციაა, რომ ქალი წარმოადგინოს, როგორც ინდივიდი და შემატოს კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა. რაც შეეხება მიზანს - გვყავდეს ყოველთვის კმაყოფილი მომხმარებელი.


 -       როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობისა და ბრენდის მართვის შეთავსებას, თუ გეხმარებათ ვინმე?

-       იმუშაო გუნდის გარეშე, რათქმაუნდა მარტივი არაა, თუმცა ნებისმიერი სირთულე ჩვენთვის მხოლოდ გამოწვევაა, რომელსაც მე და დედაჩემი ერთმანეთის დახმარებით ვუმკლავდებით.


-       როგორ შეიძლება შევიძინოთ თქვენი ტანსაცმელი?

-        ჩვენი სრული კოლექცია წარმოდგენილი გვაქვს ფემინინის მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ფალიაშვილის 44/5 ნომერში. ასევე facebook-ისა  და instagram-ის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინის შეკვეთა, რომელსაც ვაწოდებთ, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

 


-       რას გეგმავთ სამომავლოდ?

-       გვაქვს ჩვენი მარკეტინგული გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველა ფაქტორებისა თუ საფრთხეების გათვალისწინებით. ამ გეგმების ნაწილია პროდუქციის უფრო ფართო მასშტაბებზე გატანა და ბრენდის ცნობადობის გაზრდა.



ავტორი: 

გიგა უჩუვატოვი

შორენა კერესელიძე


Comments