Marioni - ინტერვიუ დამფუძნებელთან.




ესეც ასე… ზაფხულმა გაირბინა, თითქოს გამოფხიზლებაც ვერ მოვასწარით, უკვე შემოდგომა დადგა, მაგრამ მოდის მოყვარულები ბედნიერები არიან. ზოგმა უკვე რახანია ზაფხულის ფასდაკლებებზე მოახერხა და უკვე შეიძინა საშემოდგომო სამოსი, ზოგიც ახლა იწყებს გარდერობის განახლებას… ფაქტია, ერთადერთი რაზეც ალბათ ყველა ვთანხმდებით ის არის რომ, არაფერი არ ამშვენებს შემოდგომას ისე, როგორც ნაქსოვი სამოსი და აქსესუარები, დღეს მინდა გაგაცნოთ ქართული ბრენდი “მარიონი” და მისი დამფუძნებელი მარიამ გუგეშაშვილი.

- მომიყევით თქვენ შესახებ, რას საქმიანობთ და როგორ გაგიჩნდათ მოდის სფეროში მოღვაწეობის სურვილი?

 - მე ვარ მარიამ გუგეშაშვილი. “მარიონის”კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი.ამის გარდა ვსაქმიანობ სავაჭრო სფეროშიც. ადრეული ასაკიდან მიზიდავდა ხელოვნება , კერძოდ ხატვა. შესაბამისად დავამთავრე სამხატვრო აკადემია, თუმცა ჩემი პროფესიით ამ დრომდე არ მიმუშავია. თავისუფალ დროს ქსოვით ვიყავი გატაცებული სწორედ აქედან წამოვიდა ბრენდის შექმნის იდეაც.

- როდის დაარსდა ბრენდი, რა არის ბრენდის კონცეფცია?

- ბრენდი არსებობს დაახლოებით ხუთი წელია. შექმნის შედეგია ჩემი პროფესიისა და ჰობის შერწყმა. გარდა ჩვენი წარმოდგენილი მოდელებისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ინდივიდუალურად მისთვის შეიქმნას მოდელი, რომელიც შემდეგ აღარ განმეორდება.

- რამდენად მოთხოვნადია დღეს საქართველოში ნაქსოვი ხაზი და სამოსი ?როგორ ქმნით დიზაინს?

- ქართული სამოსის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში და საზღვრებს გარეთაც საგრძნობლად გაიზარდა. მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელით ნამუშევარი, ნაქსოვი სამოსი. დიზაინი იქმნება მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე.

- რა მატერიებს იყენებთ? 

- მასალის შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე. ვინაიდან ხარისხი უმთავრესია ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ძაფებს.

- რა ფუნქცია აქვს თქვენს ბრენდს დღევანდელ ქართულ ბაზარზე, რა არის თქვენი მიზანი?

- ბრენდის ფუნქციაა გაახაროს, გააბედნიეროს და მომხმარებელს შემატოს თავდაჯერებულობა.

- როგორ ახერხებთ თქვენი საქმიანობის და ბრენდის მართვის შეთავსებას? თუ გეხმარებათ ვინმე?

- ზოგადად ხელით შესრულებული ნამუშევრები საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ნებისმიერი სირთულე ჩემთვის გამოწვევაა და რაც ყველაზე მთავარია ამ საქმისგან ვიღებ უდიდეს სიამოვნებას.  ყოველი  ჩემი ნამუშევრის შემდეგ მეძლევა მოტივაცია გავაკეთო უფრო მეტი.

- როგორ შეიძლება შევიძინოთ სამოსი?

- ამ ეტაპისთვის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ გვერდის საშუალებით.

- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- გეგმის ნაწილია "შოუ რუმის" გახსნა, ბრენდის უფრო ფართო მასშტაბებზე გატანა და ცნობადობის გაზრდა.

Comments